გორი ერთ-ერთი უძველესი ქალაქია საქართველოში. ოფიციალურად ქალაქად გამოცხადდა 1801 წელს. სახელწოდება წარმოდგება ქალაქში აღმართული კლდოვანი გორაკისაგან, რომელზეც გაშენებულია ძველი ციხესიმაგრე. გორი VII საუკუნიდან იხსენიება. ზოგიერთი ისტორიული ფაქტი გვაცნობებს, რომ ციხე აშენდა ბიზანტიის კეისარის ჰერკულესის მიერ, საბრძოლო მასალის შესანახად, როდესაც ის ებრძოდა სპარსელებს. თუმცა ზოგიერთი ისტორიული წყარო ქალაქის დაარსებას დავით აღმაშენებელს მიაწერს (XII ს. დასაწყისი). ქალაქი უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული და ეკონომიკური გზების გადაკვეთაზე მდებარეობდა და მისი დაუფლება ნიშნავდა პოლიტიკურ ბატონობას შიდა ქართლზე.

XIII საუკუნეში გორს ოსები დაეუფლნენ და მონღოლთა დახმარებით კარგა ხნით დამკვიდრდნენ აქ. ციხე ბევრჯერ დაინგრა და აშენდა ხელმეორედ. აღდგა 1774 წელს ერეკლე II მეფობის დროს, მაგრამ დაზიანდა 1920 წელს მიწისძვრის დროს.

სტალინის მუზეუმის კომპლექსში შედის მემორიალური სახლი, სადაც სტალინი დაიბადა, საექსპოზიციო შენობა კოშკით და სტალინის პირადი ვაგონი, რომლითაც მან იმგზავრა თეირანში, იალტასა და პოტსდამში. მუზეუმში ასევე დაცულია სტალინის პირადი ნივთები.

goris cixe 6

გორის ციხე

ისტორიული ციხესიმაგრე ქ. გორის ცენტრში, მაღალ კლდოვან ბორცვზე მდებარეობს. ჩრდილოეთ ფერდობზე შემორჩენილი ნანგრევები და არქეოლოგიური მონაცემები მოწმობს, რომ აქ ძვ. წ. I ათასწლეულის უკანასკნელ საუკუნეებში ძლიერი სიმაგრე მდგარა, რომელიც „გორის ციხედ“ წყაროებში პირველად XIII საუკუნეში იხსენიება.

virgin mary cathedral

გორის ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძარი

ტაძარი აგებულია 1806-10 წლებში, როგორც კათოლიკური ეკლესია. 1920 წელს ძლიერ დააზიანა მიწისძვრამ. საბჭოთა პერიოდში ეკლესიაში მოთავსებული იყო გორის სამუსიკო სკოლა. 90-იან წლებში ნაგებობა გადაეცა საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას. ამჟამად, სამთავისისა და გორის ეპარქიის საკათედრო ტაძარი ეპისკოპოსის რეზიდენციაა. მის.: ქ. გორი, ლომოურის ქ. 7.

გორის მუზეუმი

ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი

მუზეუმი 1935 წელს დაარსდა. ამჟამად მასში დაცულია 48 100-ზე მეტი ექსპონატი, როგორიცაა: ლითონწარმოების, კედლის მხატვრობის, მცირე ფორმის ქანდაკების, ჰერალდიკისა და სახალხო სანახაობის ამსახველი მასალა; უნიკალური ვერცხლის კოლხური დიდრაქმა (ერთადერთი ყოფილ სსრკ-ში); თამარისა და დავით ნარინის მონეტები; ძვ. აღმოსავლეთისა და ანტიკური ქვეყნების მონეტები; ეპიგრაფიკული ძეგლები ქართულ და არაბულ ენებზე; ქართულ ხელნაწერების კოლექციები; მდიდარი ფოტოარქივი და სხვა. მის.: ქ. გორი, კირიონ II ქ

IMG_1564

იოსებ სტალინის სახელმწიფო მუზეუმი

საბჭოთა კავშირის ლიდერის, იოსებ სტალინის სახელობის მუზეუმი 1937 წელს დაარსდა და მასში 60 000-მდე ექსპონატი ინახება. მუზეუმის კომპლექსში შედის: მემორიალური სახლი, სადაც სტალინი დაიბადა; საექსპოზიციო შენობა - კოშკით და სტალინის პირადი ვაგონი, რომლითაც მან იმგზავრა თეირანში, იალტასა და პოტსდამში. მუზეუმში ასევე დაცულია სტალინის პირადი ნივთები. მის.: ქ. გორი, სტალინის გამზ. 32

გორიჯვარი

გორიჯვარი

ადგილობრივი მნიშვნელობის ბალნეოლოგიური კურორტი ზღვის დონიდან 600 მეტრზე მდებარეობს. სამკურნალო ფაქტორია - მცირე მინერალიზაციის ჰიდროსულფიდური, ქლორიდულ-ჰიდროკარბონატული, ნატრიუმიანი მინერალური წყალი, რომელსაც იყენებენ აბაზანებისათვის. „სააბაზანო მკურნალობა“ გამოიყენება საყრდენსამოძრაო აპარატის, პერიფიული ნერვული სისტემისა და გინეკოლოგიური დაავადებების სამკურნალოდ. კურორტის სეზონი ივნისიდან - სექტემბრის თვემდე გრძელდება. მის.: სოფ. დიდი გორიჯვარი

Upliscixe

უფლისციხე

კლდეში ნაკვეთი ქალაქი უფლისციხე მდებარეობს ქ. გორის აღმოსავლეთით მე-10 კმ-ზე, მდინარე მტკვრის მარცხენა ნაპირას. კავკასიის ერთ-ერთი უძველესი დასახლება წერილობით წყაროებში პირველად VII საუკუნეში იხსენიება. უფლისციხესა და მის შემოგარენში დაცულია არქეოლოგიურ და ხუროთმოძღვრულ ძეგლთა ჯგუფი, რომელთაგან უძველესი ადრინდელი ბრინჯაოს ხანისაა და მტკვარ-არაქსის კულტურის წრეს განეკუთვნება.

IMG_1134 - Copy

ატენის ხეობა

ბუნერბივი მრავალფეროვნების გარდა ატენის ხეობაში უამრავ ტურისტულად საინტერესო სანახაობას ვხვდებით: დიდი ატენი - ატენის სიონი (VII ს.); ატენის (ორბელიანთ) ციხე (X-XI სს.); წეროს ეკლესიის კომპლექსი; ატენის ღვთისმშობლის მიძინების დედათა მონასტერი; ბიისის სამკურნალო წყლები და სხვა. ატენის ხეობაში საუკეთესო ადგილებია კემპინგისათვის.

ვერეს  ციხე

სოფელი გარდატენი

სოფელი გორის მუნიციპალიტეტში, ქ. გორიდან 6 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს. მასში წარმოდგენილია ისეთი ისტორიული ძეგლები, როგორიცაა: ვერეს ციხე; დანახვისის წმ.გიორგის ეკლესია; ვერეს ღვთისმშობლის ეკლესია; მწვანე (ფერისცვალების) საყდარი; ორსაყდრის ღვთისმშობლის ეკლესია; წედისის ციხე და ეკლესია და სხვა.

ruisi 1

რუისის ფერისცვალების საკათედრო ტაძარი

VIII-IX საუკუნეებით დათარიღებული ტაძარი ქ. გორიდან 7 კმ-ის დაშორებით მდებარეობს. გადმოცემით ტაძარი მეფე ვახტანგ გორგასალს აუგია. მიუხედავად იმისა, რომ პირვანდელ ნაგებობას ჩვენამდე არ მოუღწევია, ტაძრის მშენებლობაში VII საუკუნისთვის დამახასიათებელი სტილი შეინიშნება. რუისთან დაკავშირებულია ფეოდალური ხანის საქართველოს არა ერთი მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოვლენა. რუისის ღვთისმშობლის ეკლესიაში ქართლის მეფედ აკურთხეს გიორგი II (1072-1083 წწ.). ამ დროს რუისი ქართლის დედაქალაქის როლს ასრულებდა.

urbnisi 1

ურბნისის საკათედრო ტაძარი

სამნავიანი ბაზილიკა მდებარეობს ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ურბნისში. სტილისტური ნიშნებით და აგრეთვე ჩრდილოეთ ფასადის ასომთავრული წარწერის პალეოგრაფიული შესწავლის საფუძველზე თარიღდება V-VI საუკუნეების მიჯნით. აღნიშნულ წარწერაში მოხსენიებულია ტაძრის არქტიტორები ვინმე კონსტანტი და მამა მიქელი. დანარჩენ სამ სხვადასხვა დროის წარწერაში ეკლესიის აღდგენაზეა საუბარი.

მსგავსი გვერდები