სვანეთი საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი და უნიკალური კუთხეა. ის იმდენად განსხვავდება ქვეყნის დანარჩენი კუთხეებისგან, რომ სულ უფრო მეტ დამთვალიერებელს იზიდავს ზაფხულის სეზონზე. ბოლო ხანებში სულ უფრო და უფრო მეტი ტურისტი ბარში დასვენებას მთაში დასვენებას ამჯობინებს, როგორც ზაფხულში, ასევე ზამთარში.

გუდაურის შემდეგ სიდიდით მეორე სამთო სათხილამურო კურორტი, თეთნულდი 2016 წლის თებერვლიდან ფუნქციონირებს. კურორტი თეთნულდი მთა თეთნულდზე მდებარეობს. კურორტზე მოქმედი POMA-ს ფირმის 3 საბაგიროს საშუალებით, ზღვის დონიდან 1600მ-ის სიმაღლიდან  ზღვის დონიდან 3165მ-ის სიმაღლეზე მოხვდებით. სათხილამურო გზები სხვადასხვა სირთულისაა და მათი საერთო სიგრძე 25 კმ-ს შეადგენს, მათგან ყველაზე გრძელი კი 9.5კმ-ია. საბაგიროთი სარგებლობა ყოველდღე 10:00-დან 16:00-მდე შეგიძლიათ.

იქიდან გამომდინარე, რომ თეთნულდი ახლადგახსნილი კურორტია, განთავსების საშუალებები და  დანარჩენი ინფრასტრუქტურა ჯერ კიდევ განვითარების ეტაპზეა. ამიტომ თეთნულდში დასვენების მსურველებს გირჩევდით მესტიაში გაჩერებას და სასრიალოდ  ავტობუსით ან ტაქსით გადაადგილებას.

სრიალისგან თავისუფალ დროს, დაათვალიერეთ მესტია, ადგილობრივი სამზარეულოთი და შესანიშნავი მუზეუმით, რომელშიც შეხვდებით სვანეთის მთიანი რეგიონის უძველეს სოფლებსა და ეკლესიებში აღმოჩენილ საგანძურს,  ხატებსა და გასაოცარ ნივთებს.