ღვინო

ჰექტრებზე გადაჭიმული ვენახები, რთველი მრავალხმიანი სიმღერის ფონზე და ღვინით სავსე ქვევრები - ეს საქართველოა. დიახ, ღვინო აქ ყველაფერია, ყველას უყვარს და ყველას აქვს. ყველა ოჯახი სიამოვნებით და სიამაყით გაგიმასპინძლდებათ საკუთარი ღვინით. ქარველისათვის ვენახი წმინდა ადგილია და ღვინის დაყენება - საყვარელი ტრადიცია. ქვეყანა, რომლის მოსახლეობის რაოდენობაც ოდნავ აღემატება 3.5 მილიონს, ყოველწლიურად დაახლოებით 150 მილიონ ლიტრ ღვინოს აწარმოებს.

ამ ქვეყანას ღვინის კულტურასთან რვაათასწლიანი უწყვეტი ისტორია აკავშირებს, რასაც მრავალი არქეოლოგიური აღმოჩენა და ისტორიული ფაქტი ადასტურებს. თანამედროვე მსოფლიოში უკვე ერთხმად აღიარებენ, რომ სწორედ საქართველოა ღვინის სამშობლო. ერთ-ერთი ვერსიით ინგლისური სიტყვა “wine” ნაწარმოებია ქართული სიტყვა „ღვინოსაგან“.

ცალკე აღსანიშნავია ქვევრის ღვინო, რომლის წარმოებაც საქართველოში ათასწლეულების წინ დაიწყო. ამ უნიკალურ მეთოდს 2013 წელს იუნესკოს არამატერიალური მემკვიდრეობის კულტურული ძეგლის სტატუსი მიენიჭა.
აქ 500-ზე მეტი სხვადასხვა ჯიშის ყურძენი იზრდება, რომელთაგანაც საუკეთესო ხარისხის ღვინო მზადდება. ქართული ღვინის განსაკუთრებული და უნიკალური სახეობებია: საფერავი, რქაწითელი, ქინძმარაული, ციცქა-ცოლიკაური, ხვანჭკარა, ტვიში, უსახელაური, ოჯალეში და სხვა.

გეოგრაფია

საქართველო ევროპისა და აზიის გასაყარზე მდებარე პატარა ქვეყანაა. სამხრეთ-აღმოსავლეთიდან მას აზერბაიჯანი ესაზღვრება, სამხრეთიდან - სომხეთი და თურქეთი, დასავლეთიდან - შავი ზღვა და ჩრთილოეთიდან კი - რუსეთი. საქართველოს დედაქალაქი არის თბილისი, ქალაქი, რომელიც V საუკუნეში დაარსდა.

69 700 კმ² ფართობის მქონე ქვეყანაში სულ 3 720 000 ადამიანი ცხოვრობს. გასაოცარია, მაგრამ ამ პატარა მიწაზე 26060 მდინარე და 40-ზე მეტი დაცული ტერიტორიაა, ამიტომ ქვეყნის მნიშვნელოვან ნაწილს ხელუხლებელი ბუნება წარმოადგენს. საქართველოს ჩრდილოეთით მთელ სიგძეზე გასდევს კავკასიონის მთათა სისტემა.

ქვეყნის ტერიტორია ჰავის მრავალფეროვნებით გამოირჩევა, ამიტომ დასვენების სეზონი საქართველოში მთელი წლის მანძილზე გრძელდება. აქ ერთმანეთს ერწყმის სუბტროპიკული და ზომიერი ჰავები. ზაფხული მზიანია, ტემპერატურა 29 °C-დან 33°C-მდე მერყეობს, ხოლო ზამთარში კი -2°C-დან 4°C-მდე. მნიშვნელობა არ აქვს, ვინ ხართ და რა ტიპის დასვენება მოგწონთ, ეს ქვეყანა თქვენს ნებისმიერ კაპრიზს დააკმაყოფილებს.

აქაური ბუნების სილამაზე და მრავალფეროვნება ბევრი მწერლის და პოეტის შთაგონების წყარო გამხდარა. აქ ყველაფერია, რაზეც მოგზაურმა შეიძლება, იოცნებოს: მუდამ თოვლიანი მთები, მთის ტბები, ალპური მდელოები, ყვავილებით და ხეხილით სავსე მდინარის ხეობები, ზღვის პალმებიანი სანაპიროები, ბუნებრივი კანიონები, უძველესი მღვიმეები, მინერალური წყლები და გოგირდის წყლის აუზები - მოკლედ, აქაურობას თავისუფლად შეიძლება ეწოდოს სამოთხე.

რელიგია

როგორც ერთ-ერთი პირველი ქვეყანა მსოფლიოში, რომელმაც ქრისტიანობა ჯერ კიდევ ჩვ. წ. მეოთხე საუკუნეში მიიღო, დღეს საქართველო გამორჩეულია რელიგიური ტოლერანტობით და თავისუფლებით. აქ საუკუნეების მანძილზე მშვიდობიანად თანაცხოვრობენ სხვადასხვა რწმენისა და აღმსარებლობის ადამიანები.

მოსახლეობის უმრავლესობა მართლმადიდებელი ქრისტიანია. საქართველო იმ ერთეული ქვეყნების რიცხვს მიეკუთვნება, სადაც მართლმადიდებლური და კათოლიკური ტაძრები, სინაგოგები და მეჩეთები ერთმანეთის გვერდიგვერდ თანაარსებობენ.

ქვეყნის ყველა რეგიონში შეხვდებით ცაში აღმართულ უძველეს ქრისტიანულ ტაძრებს, რომელთა ხანდაზმულობა ათასწლეულს აჭარბებს და რომლებიც იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში ირიცხებიან. მათგან განსაკუთრებით აღსანიშნავია:

სვეტიცხოველი - XI საუკუნის ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი. მდებარეობს თბილისიდან 20 კილომეტრში ისტორიულ ქალაქ მცხეთაში. ეს განსაკუთრებულად მისტიკური და წმინდა ადგილია, რადგან, როგორც ამბობენ, სწორედ აქ არის დამარხული ქრისტეს კვართი.

ჯვრის მონასტერი - VI საუკუნის ტაძარი და მონასტერი, რომელიც მდებარეობს მცხეთის აღმოსავლეთით. აქედან გადაშლილი ხედი მტკვრისა და არაგვის შესართავზე საქართველოში ერთ-ერთი ულამაზესი სანახაობაა.

ბაგრატის ტაძარი - XI საუკუნის დასაწყისში აშენებული ტაძარი, რომელმაც მტრის არაერთ შემოსევას გაუძლო მისი კონსტრუქციის განსაკუთრებული სიმყარის გამო. მდებარეობს რა ქუთაისში, უქიმერიონის გორაზე, იგი დღესაც ამაყად გადმოჰყურებს მთელს ქალაქს.

გელათის მონასტერი - ქართული ხუროთმოძღვრების მარგალიტი, დაარსებული ქალაქ ქუთაისის მახლობლად, XII საუკუნეში, ლეგენდარული მეფის - დავით აღმაშენებელის მიერ. შუა საუკუნეებში გელათი საქართველოს მთავარ რელიგიურ და საგანმანათლებლო ცენტრს წარმოადგენდა.

კულტურა

თქვენს წინაშეა ქვეყანა მრავალფეროვანი კულტურით, მდიდარი ისტორიითა და ამის დამადასტურებელი უნიკალური არტეფაქტებით. აფრიკიდან წამოსული პირველი ადამიანი აქ თითქმის 2 მილიონი წლის წინ დასახლდა. საქართველო უძველესი ქვეყანაა, მდებარე აღმოსავლური და დასავლური ცივილიზაციების გზაჯვარედინზე, სადაც ევროპული და აზიური ცხოვრების წესისა და ტრადიციების შერწყმა ათასწლეულების მანძილზე მინდინარეობდა. მართლაც, ამ ქვეყანას ბევრი საოცარი რამ აქვს თქვენთვის მოსაყოლი და საჩვენებელი.

ესტუმრო საქართველოს და არ მოიხიბლო აქაური ტრადიციული არქიტექტურით, რომელის ისტორიაც 1300 წელზე მეტს ითვლის, ეს შეუძლებელია. ქალაქის ქუჩებში, მდინარის ხეობებში და მთის მწვერვალებზე შეგხვდებათ უნიკალური გუმბათოვანი სტრუქტურის უძველესი ტაძრები, მოხატული ბიბლიურ მოტივებზე შექმნილი ფრესკებით.

თუ რაღაც სრულიად განსაკუთრებულს და მისტიკურს ეძებთ, აუცილებლად უნდა იხილოთ კლდეში ნაკვეთი კომპლექსები. ვარძია მეთორმეტე საუკუნეში აშენებული სამონასტრო ანსამბლია, რომელიც შედგება კლდეში გამოჭრილი ეკლესიების, კელიების, გვირაბების და დარბაზებისაგან. ის ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველ ტურისტული ატრაქციონია

დავითგარეჯა კლდეში გამოჭრილი ფეოდალური ხანის სამონასტრო გამოქვაბულთა კომპლექსია. მისი კედლები უძველესი ფრესკებითაა მოხატული. ქართველი ბერები აქ დღემდე აღასრულებენ რელიგიურ რიტუალებს.
უფლისციხე კლდეში ნაკვეთი ქალაქია. დიახ, არ მოგეჩვენათ, ქალაქი, თანაც ერთ-ერთი უძველესი დასახლება მთელ კავკასიაში. მასიურ კლდეში გამოკვეთილმა მღვიმეებმა ათასწლეულებს გაუძლო და დღესაც მყარად დგას ძველი იერ-სახით.

ქართული პოლიფონიური მუსიკა მთელ მსოფლიოში სახელგანთქმულია განსაკუთრებული ჰარმონიული ჟღერადობით. 2001 წელს იუნესკომ მას „მსოფლიოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის“ სტატუსი მიანიჭა. ამ მუსიკის სამ ხმოვანი სტრუქტურა საუკუნეების მანძილზე არ შეცვლილა და მას დღემდე მოისმენთ მთელი ქვეყნის მასშტაბით - ქალაქში და სოფლად, ეკლესია-მონატრებში, თუ სხვადასხვა კულტურულ ღონისძიებებზე. ტრადიციული ქართული სუფრა, წარმოუდგენელია ამ მუსიკის გარეშე. ეს ჟღერადობა ქართველების გენეტიკური კოდის ნაწილია და ყველაზე ზუსტად გადმოსცემს ამ ხალხის ხასიათს.

რითმი, დინამიკა, გეომეტრიული წესრიგი, დისციპლინა, დამანგრეველი ენერგეტიკა, ერთდროული გუნდურობა და ინდივიდუალიზმი - ეს ქართული ფოლკლორული ცეკვაა. ქართული ცეკვა საქართველოს ისტორიის განსახიერებაა - ბრძოლების, განვითარების, სიმშვიდის, სიყვარული, ლხინის და სევდის საოცარი სინთეზი. უსწრაფეს და უზუსტეს სოლო პარტიებს მშვიდი, მაგრამ დინამიური ჯგუფური ქორეოგრაფია ცვლის, ხანჯლების შერკინებისას გაყრილ ნაპერწკლებს კი - ქალის დინჯი და მსუბუქი პარტიები.

უცხო თვალს ქართულ ცეკვა კომპიუტერული სპეცეფექტებით გაჯერებულ ექშენ სცენებს მოაგონებს ჰოლივუდური ფილმებიდან. სინამდვილეში კი ეს ყველაფერი დაუჯერებლად რეალურია. ამ ცეკვებს მთელს მსოფლიოში დიდი აღტაცები აფასებენ, სწორებ ამიტომ ქართული ანსამბლები კონცერტებით მთელი წლის მანძილზე უამრავ ქვეყანას სტუმრობენ.

ისტორია

თუ გაინტერესებთ საქართველოს ისტორია, გეტყვით, რომ ეს ქვეყანა თავად არის ერთი დიდი ისტორია. გასაოცარია, როგორ მოახერხა დღემდე მოსვლა ერმა, რომლის დაპყრობაც სხვადასხვა დროს მსოფლიოს ყველა დიდმა იმპერიამ სცადა. ყველაფრის მიუხედავად ქართველები საბოლოოდ ყოველთვის ახერხებდნენ ქვეყნის შენარჩუნებას. იყო პერიოდები, როდესაც ერთდროულად რამდენიმე უზარმაზარი სახელწიფო იბრძოდა საქართველოზე გავლენის მოსაპოვებლად. ამის მთავარი მიზეზი იყო ქვეყნის სტრატეგიული მდებარეობა ევროპისა და აზიის დამაკავშირებელ მთავარ სავაჭრო მაგისტრალზე - აბრეშუმის გზაზე.


დმანისელი ჰომინიდები

საქართველოს ტერიტორიაზე უძველესი დროიდან ადამიანთა ცხოვრების ფაქტს ადასტურებს დმანისში ჩატარებული არქეოლოგიური გათხრები. აქ აღმოჩენილი ადამიანის ჩონჩხის ფრაგმენტები 1.8 მილიონი წლისაა და უძველესია მთელი ევროპის ტერიტორიაზე. ეს ნიშნავს, რომ პირველი ევროპელის სამშობლო სწორედ საქართველოა.

ბერძნების ერა

სახელმწიფოს პირველი ნიშნები საქართველოში ჯერ კიდევ ძვ.წ. II ათასწლეულში გაჩნდა შავი ზღვის სანაპიროზე. აქ მდებარეობდა ლეგენდარული მეფე აიეტის მდიდარი კოლხეთის სამეფო. ცნობილი ბერძნული მითის „არგონავტების“ გმირები სწორედ ამ პერიოდში ესტუმრნენ საქართველოს ოქროს საწმისის მოსაპოვებლად. ეს ამბავი დაკავშირებულია საქართველოში ოქროს მოპოვების წესთან. მთის მდინარეებში ქართველები ცხვრის ტყავით ფილტრავდნენ შლამიან წყალს და ოქროს მოიპოვებდნენ.

რომაელები

სპარსეთის დაიმორჩილების შემდეგ, რომაელებმა თვალი საქართველოსაც დაადგეს და ძვ. წ. 66 წელს აქ სახელგანთქმული გენერალი პომპეუსი გამოგზავნეს. საქართველოში დღემდე არსებობს პომპეუსის მიერ აშენებული ხიდის ნანგრევები. მალე მთელი კავკასია მოექცა რომაელთა ბატონობის უღელში, მაგრამ ამან დიდხანს არ გასტანა და ჩვ. წ. აღ-მდე I საუკუნეში საქართველო უკვე განიხილებოდა, როგორც მოკავშირე და არა დაქვემდებარებული სახელმწიფო.

ქრისტიანობის მიღება

საქართველო იყო მეორე ქვეყანა მსოფლიოში, რომელმაც ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად გამოაცხადა. ახალი რელიგია ქვეყანაში 337 წელს წმ. ნინო კაბადოკიელმა შემოიტანა. ქრისტიანობის მიღებამ მნიშვნელოვანწილად განსაზღვრა ქვეყნის სამომავლო განვითარება, რამდენადაც ამ ნაბიჯით საქართველომ საკუთარი ბედი დასავლურ ცივილიზაციას დაუკავშირა და პოლიტიკურ-კულტურული გეზი ჯერ რომისკენ, მოგვიანებით კი მთელი ევროპისკენ აიღო.

არაბთა ბატონობა

645 წელს არაბთა ჯარებმა ჩრდილოეთით ირანის გავლით ხელში ჩაიგდეს თბილისი და ქვეყანას ხარკი დააკისრეს. მე-10 საუკუნისთვის არაბთა ბატონობა დასავლეთ საქართველოში შესუსტდა. ამ პერიოდში ბიზანტიის იმპერია საგრძნობლად გაძლიერდა და იმპერატორმა ბასილ II-მ შეძლო საქართველოს დიდი ნაწილის განთავისუფლება არაბთა ბატონობისგან. მოგვიანებით აღმოსავლეთი და დასავლეთი საქართველო გაერთიანდაც მოხეხდა.


დავით აღმაშენებელი

მიუხედავად უკიდურესად რთული გეოპოლიტიკური მდებარეობისა, XII საუკუნეში საქართველომ შეძლო და მძლავრ სახელმწიფოდ ჩამოყალიბდა. ეს პროცესი დავით აღმაშენებელს (1089-1125) უკავშირდება. ლეგენდარულმა მეფემ საფუძველი ჩაუყარა ქვეყანაში ოქროს ხანის დასაწყისს. მნიშვნელოვანი პოლიტიკური, ეკონომიკური და საგანმანათლებლო რეფორმების გაატარების შემდეგ, 1096 წელს, მან თურქებს ხარკის გადახდა შეუწყვიტა. 1121 წლის 12 აგვისტოს 55 000 კაციანი არმიით მეფე დავითმა 300 000 თურქ-სელჩუკი დაამარცხა და ქვეყანა საბოლოოდ გაათავისუფლა მათი ბატონობისგან. საქართველოში მცხოვრებ მუსლიმანთა მიმართ ქრისტიანი მეფისაგან ჰუმანური მოპყრობა დღესაც ტოლერანტობის სტანდარტად განიხილება.

თამარ მეფე

თავისი განვითარების ზენიტს საქართველომ მიაღწია დედოფალ თამარის მეფობის პერიოდში (ის მოიხსენიება, როგორც მეფე, მისი განუსაზღვრელი ძალაუფლების გამო). ის დავით აღმაშენებლის შვილიშვილი იყო. მისი მეფობის წლები დაკავშირებულია საქართველოს კულტურულ აღორძინებასთან. ეს პერიოდი გამორჩეულია დიდი ეკლესია-მონასტრების აშენებით, ფრესკების მოხატვისა და ორნამენტული დიზაინის ხელოვნების განვითარებით. ამ პერიოდში საფუძველი ჩაეყარა ლიტერატურულ ტრადიციებს. გენიალურმა ქართველმა პოეტმა შოთა რუსთაველმა თამარ მეფეს მიუძღვნა თავისი ეპიკური პოემა „ვეფხისტყაოსანი”.



მონღოლები

საქართველო არის პირველი ევროპული ქვეყანა, რომელიც მოექცა მონღოლი დამპყრობლების ხელში. მონღოლთა ჯარი დიდი ლიდერის, ტამერლანის (თემურ ლენგი) მეთაურობით, რვაჯერ შემოესია საქართველოს 1386-1403 წლებში. ამან უდიდესი ზიანი მიაყენა ქართულ სახელმწიფოსა და ქართველი ხალხის შემდგომ განვითარებას.

ირანელთა და თურქთა შემოსევები

მე-16 საუკუნეში საქართველო აღმოჩნდა ორ გაფართოებად იმპერიას შორის. დასავლეთიდან ოტომანთა დინასტიის თურქები, აღმოსავლეთიდან კი - ირანელები ერთდროულად აცხადებდნენ პრეტენზიას საქართველოს დაპყრობაზე. კონსტანტინოპოლის დაცემამ გამოიწვია სავაჭრო გზების ცვლილება, რამაც ძლიერ დაასუსტა საქართველო და საფრთხის ქვეშ დააყენა მისი მომავალი. ირანის შაჰმა ოთხჯერ გაილაშქრა საქართველოზე, დაიპყრო თბილისი და ბევრი ქართველი ტყვებ ჩაიგდო. საბოლოოდ, სამეფო მოექცა ორივე დამპყრობლის გავლენის სფეროდ იქცა.


რუსეთის იმპერია

საქართველოს დიდი დრო დასჭირდა ფეხზე დასადგომად და XVIII საუკუნეში კვლავ მოხერხდა დამოუკიდებლობის მოპოვება. თუმცა მალევე, 1783 წელს, ირანისა და ოსმალეთისგან მომდინარე ახალი საფრთხის გამო საჭირო გახდა რუსეთ-საქართველოს მფარველობითი ტრაქტატის გაფორმება, რომლითაც რუსეთმა ფაქტობრივად შეიერთა საქართველო და საკუთარ გუბერნიად გამოაცხადა.

რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში ყოფნა 1918 წელს დამოუკიდებლობის გამოცხადებით დამთავრდა. საქართველომ 3 წელი იარსება თავისუფლების პირობებში, ვიდრე 1921 წელს საბჭოთა წითელმა არმიამ ქვეყნის ანექსია მოახდინა.
მრავალ ისტორიულ ქარტეხილში გამოვლილმა დაღლილმა, მაგრამ მაინც გადარჩენილმა ქვეყანამ 1991 წლის 26 მაისს საბოლოოდ მოიპოვა დამოუკიდებლობა.
ეს დღე ქვეყნის მთავარი ეროვნული დღესასწაულია.

ამ პატარა ქვეყანამ შეძლო და გაუძლო ყველა სირთულეს, რაც მას ათასწლეულების მანძილზე თავს დაატყდა. ერთსულოვნებამ, რწმენამ და ბრძოლამ შედეგი გამოიღო და დღეს საქართველო თავისუფალი სუვერენული სახელმწიფოა. ჩვენ ვამაყობთ ჩვენი ისტორიით, ამ დალოცვილ მიწაზე გატარებული ყოველი დღით, რადგან ვართ მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი ერი - ერი, რომელსაც უყვარდა, უყვარს და ეყვარება თავისუფლება!

უსაფრთხოება

კარგი დასვენება, პირველ რიგში, ნიშნავს უსაფრთხო დასვენებას. და თუ თქვენ მოგზაურობა საქართველოში გადაწვიტეთ, შეგიძლიათ საერთოდ არ იდარდოთ უსაფრთხოებაზე. Numbeo-ს 2016 წლის ანგარიშის მიხედვით საქართველო ყველაზე უსაფრთხო ქვეყანაა ევროპაში, ხოლო მსოფლიოს მასშტაბით ის მეექვსე ადგილს იკავებს სამხრეთ კორეის, სინგაპურის, იაპონიის, ჰონგ-კონგისა და ტაივანის შემდეგ.

ამას ადვილად იგრძნობთ ქვეყნის ნებისმიერ მხარეში მოგზაურობისას. აქ ამბობენ, რომ სტუმარი ღვთისაა. ქვეყნის სტუმარი ყველას სტუმარია, ამიტომ ქართველები თქვენ აუცილებლად მასპინძლური ყურადღებით მოგეპყრობიან. მეგობრულად განწყობილი ხალხი მუდამ მზად არის დახმარების ხელი გამოგიწოდოთ. არ დაგჭირდებათ ზედმეტი ზრუნვა თქვენი ჯიბეების ან ჩანთის უსაფრთხოებაზე. მოეშვით და აქ გატარებული ძვირფასი დრო მაქსიმალურად სასიამოვნოდ გაატარეთ.

თქვენ აქ არავინ შეგაწუხებთ, თუმცა, ყოველი შემთხვევისთვის, ქართველი პოლიციელები მზად არიან 24/7 რეჟიმში გემსახურონ. ბოლო კვლევების მიხედვით ქვეყანაში ყველაზე სანდო ინტიტუტებს შორის ერთ-ერთი სწორედ საპატრულო პოლიციაა. მას მოსახლეობის 74% ენდობა. ევროპის ქვეყნებთან შედარებით საქართველო ამ მონაცემითაც ლიდერობს. ასე რომ, იყავით მშვიდად, განიტვირთეთ და დატკბით ამ ქვეყნის ყველა სიკეთით. გელოდებით.

გასტრონომია

ერის კულტურასა და ხასიათს არაფერი აღწერს ისე ზუსტად, როგორც მისი სამზარეულო. მრავალფეროვნებით და საგემოვნო თვისებებით ნაციონალური ქართული კერძები მსოფლიოს საუკეთესოთა შორისაა. ქვეყნის ყველა ისტორიულ მხარეს აქვს საკუთარი უნიკალური კულინარიული ტრადიცია, რომელიც საუკუნეების მანძილზე იხვეწებოდა. განსაკუთრებით გამორჩეულია იმერული, მეგრული და კახური სამზარეულოები.

მართალია, აქ ძალიან უყვართ ხორცი, თუმცა ასევე დიდი მნიშვნელობა ენიჭება ადგილობრივი წარმოშობის ბოსტნეულს, ხილსა და მწვანილს. მათი ზუსტი შეხამებით შექმნილი ტრადიციული კერძები ჯერ გიზიდავთ, მერე გაოცებთ და ბოლოს ყველაფერი გასტრონომიულ შოკით მთავრდება.

ამ გემოს საიდუმლო ქართული მიწაა. მინერალებით ბუნებრივად მდიდარი და საოცრად ნოყიერი, გაჟღენთილი კავკასიონის მთებიდან ჩამოდენილი კამკამა წყლით. ეს ბუნება თითქოს ჰარმონიულად ცოცხლობს იმ პროდუქტებში, რომელთაგანაც იქმნება უნიკალური, უგემრიელესი და თან ნატურალური ქართული კერძები.

ქართულ ტრადიციულ ლხინს სუფრა ეწოდება. იმ კერძების ჩამოთვლა, რომელიც სუფრაზე მოგაჯადოვებთ, დაუსრულებლად შეიძლება, თუმცა რამდენიმე მათგანი მაინც უნდა გამოიყოს:

ხაჭაპური - ყველით სავსე გამომცხვარი პური, რომელსაც საზღვარგარეთ ქართულ პიცასაც ეძახიან. რეგიონების მიხედვით შეგხვდებათ მისი სხვადასხვა სახეობა, შთაბეჭდილება კი თითოეულის გასინჯვისას ერთნაირია - ვაუ!

ფხალეული - ვეგეტარიანული კერძების ნაკრებია, რომელიც მზადდება სხვადასხვა სახეობის ბალახეული მცენარის, ბოსტნეულის, სანელებლებისა და ნიგვზის შეზავებით. წააგავს ისპანახს, თუმცა თითოეული ცალკეული კერძი გამორჩეულია უნიკალური გემოთი და შეკაზმულობით.

საცივი - ქათმის ან ინდაურის ხორცი ნიგვზის სოუსში, შეზავებული ნივრით და სუნელებით. იმდენად მადისაღმძვრელია, რომ წინ ვერცერთი დიეტა ვერ დაუდგება.

ხინკალი - ნაციონალური ქართული კერძი. ცომში გახვეული სანელებლებით შეკაზმული ხორცი წყალში იხარშება. ხინკალი აუცილებლად ხელით უნდა ჭამოთ და ამისთვის შესაბამისი ცოდნა დაგჭირდებათ, რომელსაც ადგილზე ადვილად ისწავლით. ისეთი გემრიელია, რომ მხოლოდ მის გასასინჯადაც კი ღირს საქართველოში ჩამოსვლა.

მწვადი - შამფურზე წამოცმული ხორცი, რომელიც წალამზე იწვება ღვინოსთან ერთად. შეწვამდე მას ბროწეული წვენით და დაფნის ფოთლით აბასთურმებენ.

ჩურჩხელა - ცხელ თათარაში ამოვლებული ძაფზე აცმული თხილი ან კაკალი, რომელიც ბუნებრივ პირობებში შრება და მაგრდება. ჩურჩხელა ნაციონალური ქართული დესერტია.