KA
სეზონურობა საქართველოში

სეზონურობა საქართველოში

უკვე იცი, რომ ევროპისა და აზიის გზაგასაყარზე, კავკასიონის ქედის ქვეშ, შავი ზღვის სანაპიროზე მდებარეობს პატარა ქვეყანა - საქართველო, რომელიც მდიდარი ისტორიის, არაჩვეულებრივი ბუნების, თავგადასავლების დიდი შესაძლებლობებისა და უგემრიელესი სამზარეულოს ქვეყანაა!
სარჩევი

უკვე გადაწყვეტილი გაქვს საქართველოში ჩამოსვლა, მაგრამ ამ სურვილს წელიწადის დრო ვერ მოარგე? არ ინერვიულო - ეს პრობლემა სულაც არაა. საქართველო ის ქვეყანაა, სადაც გაზაფხულზეც, ზაფხულშიც, შემოდგომაზეც და ზამთარშიც ერთნაირად საინტერესო და დასამახსოვრებელ დროს გაატარებ.

გაზაფხული

გაზაფხულზე აქ მწვანედ აფეთქებული ბუნება სიცოცხლის ხელახალ დაბადებას ჰგავს. სხვადასხვაფრად აყვავებულ მთებსა და მინდვრებში უძველესი ისტორიულ-კულტურული ძეგლებიც სხვა ელფერს იძენს. 

ჯვრის მონასტრიდან მტკვრისა და არაგვის შესართავის ნახვა, სადაც უნიკალური სვეტიცხოველია აღმართული, ერთი სიამოვნებაა. შეგიძლია ესტუმრო კლდეში ნაკვეთ ქალაქებს: უფლისციხეს, ვარძიას, იმოგზაურო გარეჯის უდაბნოში და აღფრთოვანდე სამონასტრო კომპლექსების უნიკალური არქიტექტურით. გაგაოცებს გელათისა და ბაგრატის ტაძრების ფრესკები და ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია. საქართველოში 1000-ზე მეტი მნიშვნელოვანი ისტორიული ძეგლია, თუმცა გაზაფხულზე სულ სხვა სიამოვნებაა საქართველოს ბუნებაში მოგზაურობა, ფოთლოვან, წიწვოვან, ალპურ თუ ტროპიკულ ტყეებში. გვიან გაზაფხულზე ქართლისა და სამცხის ველებზე სოსანები ყვავიან. 90-ზე მეტი ტბისა და 60-ამდე ჩანჩქერის ნახვა კი ლაშქრობების მოყვარულებისთვის ნამდვილი თავგადასავალია. 

ზაფხული

საქართველოს ისტორიული ძეგლებითა და ბუნებით ტკბობა ზაფხულის ცხელ დღეებშიც დაუვიწყარია, თუმცა არის ადგილები, სადაც მოგზაურობა სეზონის ამ დროს კიდევ უფრო სასიამოვნოა. ამ პერიოდში უნდა ესტუმრო საქართველოს მაღალმთიან რეგიონებს - სვანეთს, თუშეთს, ხევსურეთს, ზემო აჭარას და ა.შ.

დალაშქრე ყაზბეგი (მყინვარწვერი), უშბა და თეთნულდი, Ჩადი სათაფლიაში, პრომეთეს, თეთრას და სხვა მღვიმეებში. საქართველოში 30-ამდე  მღვიმე და გამოქვაბულია, 26 ათასზე მეტი მდინარეა და ბევრი მათგანი ჯომარდობისთვის არის შესაფერისი. წელიწადის ამ დროს კაიაკინგითაც შეგიძლია დაკავდე. ასე რომ, გასართობი ბევრია. 

ზაფხულში აუცილებლად უნდა ესტუმრო შავიზღვისპირეთს, სადაც ყველა გემოვნების დამსვენებლისთვის არის კურორტები. აქ ბავშვებთან ერთადაც დაისვენებ და მჩქეფარე არდადეგებსაც მოიწყობ. ზაფხული საქართველოში ფესტივალების სეზონია და ზღვისპირა ქალაქები ამითაც გამორჩეულია. 

შემოდგომა

შემოდგომა საქართველოში განსაკუთრებულია. წითელ-ყვითელ ფერებად აჭრელებული ქართული მთები თუ ბარი შეუდარებელია. აქ შემოდგომაზეც სასიამოვნო ტემპერატურაა, ამიტომ წელიწადის ამ დროსაც შეგიძლია იმოგზაურო სხვადასხვა კუთხესა და ქალაქში, ტყეებში, ტბებზე, ჩანჩქერებზე, მღვიმეებსა თუ გამოქვაბულებში.

თუმცა შემოდგომაზე საქართველო უნიკალურია ბარაქის შეგრძნებით. ამ დროს ქვეყნის რომელ კუთხეშიც არ უნდა იყო, აუცილებლად უნდა წახვიდე რთველში, საკუთარი ხელით მოწყვიტო მწიფე მტევანი, საწნახელში მოათავსო, დაწურო, მაჭარი დააგემოვნო და მერე, თუ თათარაობასა და ჩურჩხელის ამოვლების რიტუალსაც დაესწრები, ჩათვალე, რომ ეს შემოდგომა აღარასდროს დაგავიწყდება. 

ზამთარი

ზამთარი საქართველოში უხვთოვლიანობითა და სუსხიანი ქარით არ გამოირჩევა, ამიტომ მოგზაურობისთვის ესეც შესანიშნავი პერიოდია. 

სამაგიეროდ, თოვლი არ აკლია ზამთრის კურორტებს - ეწვიე გუდაურის, მესტიის, ბაკურიანის, გოდერძის ევროპული სტანდარტების კურორტებს, სადაც სრიალს ტრასებზეც შეძლებ და გაუკვალავ თოვლშიც, მოიწყობ გასეირნებას სნოუბორდით, სკიტურს, ჰელისკის და პარაპლანით ფრენასაც შეძლებ. ეს თავგადასავლების მთელი სამყაროა. 

ყველა კურორტზე იმართება შეჯიბრებები და ტურნირები, რომელთა მონაწილე შენც შეგიძლია გახდე. და ყველაფერ ზემოთქმულს უგემრიელესი ქართული სამზარეულოც დაუმატე, რომელიც ყველა სეზონზე უკვე ცალკე, გასტრონომიული თავგადასავალი იქნება.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა