KA

აჭარა

შავი ზღვის მარგალიტი ისტორიით ძველი წელთაღრიცხვიდან, ქრისტიანობის გავრცელების პირველი კერით, უძველესი ციხესიმაგრეებით, ზღვიდან გადაჭიმული მაღალმთიანეთით, ველური ბუნებით, მეხსიერებისთვის წარუშლელი ხედებით, ხავერდოვანი ზღვით, უძველესი და თანამედროვე არქიტექტურის შერწყმით, უდიდესი სატრანზიტო და ტურისტული პოტენციალით - ეს აჭარაა, საქართველოს ყველაზე ლაჟვარდოვანი რეგიონი, სადაც ერთხელ სტუმრობა არ გეყოფა, ის კვლავ დაგიძახებს დასვენებისა და განუმეორებელი შეგრძნებებისთვის!
რა დრო სჭირდება მგზავრობას:
მესტია
6:10 სთ
ქუთაისი
2:20 სთ
თბილისი
5:30 სთ

ბათუმი

მზიანი სანაპირო, ბოტანიკური ბაღი, დელფინარიუმი, მოცეკვავე შადრევნები, ანბანის კოშკი, პანორამული ბორბალი, ალისა და ნინოს მოძრავი სკულპტურული კომპოზიცია, მუზეუმები,  ქრისტიანული ტაძრების გვერდით მდგარი სინაგოგა და მეჩეთი - ასეთია ბათუმი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი ქალაქი. აქ  ყველაფერი თავგადასავლებისკენ გიბიძგებს, დრო ჩერდება, ყოველდღიურობა ქრება და ბედნიერება ისადგურებს. 

ქობულეთი, გონიო, კვარიათი, სარფი

გსურს, ზღვაზე და მთაში ერთდროულად დაისვენო, მაკურნებელი ჰავით ჯანმრთელობა გაიუმჯობესო, მთიდან ზღვის ულამაზესი ხედებით დატკბე, კამკამა წყალში იცურაო, კომფორტულ სანაპიროზე გაირუჯო და იქვე, ბუნგალოში წაიხემსო? მაშინ ეწვიე გონიოს, კვარიათსა და სარფს - ეს ის ადგილებია, სადაც  ყველა ამ სურვილს აისრულებ. 

ქობულეთის მუნიციპალიტეტი ჩანჩქერებით, ტბებითა და  ნაკრძალებით გამოირჩევა და, რაღა თქმა უნდა, ულამაზესი ზღვის კურორტებით: ქობულეთით, ბობოყვათით, ჩაქვითა და ციხისძირით.

ხულო, ქედა  

ზღვაზე დასვენების გარდა, მთებში მოგზაურობაც თუ მოგწონს, მაშინ აჭარის ამ მხარეს უნდა მიაშურო, რადგან აქ ევროპის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მთებია. ხულო და ქედა აჭარის მაღალმთიანეთის უძველესი დასახლებებია, ხოლო სამთო კურორტები - გოდერძი და ბეშუმი - მთაში დასვენებისთვის ერთ-ერთი საუკეთესო არჩევანი. 

ისტორიული ძეგლები

აჭარა ჯერ კიდევ ახალი ქვის ხანაში იყო დასახლებული, ბრინჯაოს ხანაში კი რეგიონი  მეტალურგიის ცენტრი გახლდათ. აჭარა გამოირჩევა ანტიკური, შუა საუკუნეების  ძეგლებითა და მაღალმთიანეთის მდინარეებზე ნაგები ქვის ხიდებით: გონიოს ციხესიმაგრე, პეტრას ციხე, X-XII საუკუნეების ხიხანის ციხესიმაგრე, სხალთის მონასტერი და მრავალი სხვა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი მნახველებს წარსულში მოგზაურობას სთავაზობს. 

კულინარიული კლიმატი

აჭარაში ჰავა სუბტროპიკულია, რის გამოც ზაფხულში ცხელა, ზამთარი კი ცივი და ხანგრძლივია. აჭარული იდენტობა კულინარიაზეც აისახა. აჭარლები კალორიულობით გამორჩეულ კერძებს: ბორანოს, სინორს, კაიმაღს, მალახტოს, იახნის, აჩმას ხანგრძლივი ზამთრის დროს ჯანმრთელობის გასაძლიერებლად მიირთმევდნენ, ეს კერძები დიდხანს ინახებოდა და დიდთოვლობის გამო სახლებში ჩაკეტილებისთვის საჭმელად ვარგისი იყო.  

ნავის ფორმის აჭარული ხაჭაპური მეთევზეობაზე მიუთითებს, ყავა ქვიშაზე და ბაქლავა მზის, სანაპიროსა და სიყვარულის გამოხატულებაა. 

და, რა თქმა უნდა - ღვინო!  აქ „ცოლიკაურისა“ და „ჩხავერის“ ცნობილი  ღვინოები ჩამოისხმება, ხოლო. აქაური ღვინის მარნები მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან იზიდავენ სტუმრებს. 

მრავალფეროვანი დასვენება აჭარაში

დასვენება აჭარაში არ ნიშნავს დასვენებას მხოლოდ ზღვაზე ან მთაში, ეკოტურიზმის მოყვარულებისთვის ყველაზე დასამახსოვრებელი დაცული ტერიტორიებისა და ნაკრძალების დათვალიერება იქნება.

კინტრიშისა და ქობულეთის დაცული ტერიტორიები მაჭახელასა და მტირალას ეროვნული პარკი, ბათუმის ბოტანიკური ბაღი ტურისტებს ჯომარდობას, ლაშქრობას, ფრინველებზე დაკვირვებას, ზიპლაინს, ცხენოსნობას და კემპინგს სთავაზობს. 

ასე რომ,  აუცილებლად ეწვიე საქართველოს ულამაზეს კუთხეს - აჭარას; ადგილს, სადაც ზღვა და მთა, ისტორია და თანამედროვეობა, ცივილიზაცია და ველური ბუნება ერთმანეთშია შერწყმული.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა