KA
Ikalto Monastery Complex

იყალთოს სამონასტრო კომპლექსი

სახელწოდება იყალთო, ერთ-ერთი ვერსიით, „წალკოტს“ ნიშნავს - ყვავილიან ლამაზ ბაღს, თუმცა მწვანე მთებში ჩაფლული ეს უძველესი თეთრი ტაძრები გაცილებით დიდებული და მომნუსხველია.
რეგიონი
კახეთი
ქალაქი
თელავი

სად მდებარეობს იყალთოს სამონასტრო კომპლექსი?

კახეთში, ქალაქ თელავიდან ჩრდილოეთით, დაახლოებით 12 კილომეტრის დაშორებით, სოფელ იყალთოში მდებარეობს სამონასტრო კომპლექსი, რომელსაც დიდი როლი ჰქონდა შუა საუკუნეების საქართველოს განვითარებაში. 

იყალთო IV საუკუნეში „ქალაქად“ მოიხსენიება, VI საუკუნიდან კი აქ ერთ-ერთი ასურელი მამა - ზენონი მონასტერს აარსებს. შემდეგ საუკუნეებში ამ ადგილას მთელი სამონასტრო კომპლექსი შენდება.

მონასტრის ტერიტორიაზე მდებარეობს სამების, ფერიცვალებისა და ყველაწმინდის ეკლესიები. ყველაზე ძველია სამების ეკლესია - აგებულია VI საუკუნეში, თუმცა რესტავრაციის შემდეგ შეცვლილია; ფერიცვალების ეკლესია VIII-IX საუკუნეებშია აშენებული, ყველაწმინდის ერთნავიანი ეკლესიის აგების თარიღი კი XII-XIII საუკუნეებია; 

სამონასტრო კომპლექსი მოიცავდა შენობას სამეცნიერო შეკრებებისა და აკადემიისთვის, რომლის ადგილას დღეს მხოლოდ ნანგრევებია. აკადემიის შენობა VIII–IX საუკუნეებში აუშენებიათ და აქ შუა საუკუნეების საქართველოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო დაწესებულება იყო, რომელიც XI-XII საუკუნეების თვალსაჩინო ღვთისმეტყველმა და ფილოსოფოსმა არსენ იყალთოელმა დააარსა.

ცოტა რამ იყალთოს აკადემიაზე

იყალთოს აკადემიაში ისწავლებოდა ღვთისმეტყველება, რიტორიკა, ასტრონომია, ფილოსოფია, გეოგრაფია, გეომეტრია, გალობა, ლითონის დამუშავება, კერამიკული წარმოება, მევენახეობა-მეღვინეობა და სხვა.

ცნობილია, რომ სწორედ აქ მიიღო განათლება უდიდესმა ქართველმა პოეტმა შოთა რუსთაველმაც. 

არქეოლოგიურმა გათხრებმა აჩვენა, რომ აკადემიის შენობის ირგვლივ სახელოსნოები, მარანი, სამჭედლო და სამეურნეო ნაგებობებიც არსებობდა. დღეს აქ საქართველოში შემორჩენილ ქვით ნაგებ უდიდეს საწნახელსაც ნახავ.

1616 წელს შაჰ-აბასის ჯარმა იყალთოს აკადემია გადაწვა და ამ დიდებულმა ადგილმა სწორედ ამის შემდეგ შეწყვიტა არსებობა.

1921 წელს კომუნისტურმა რეჟიმმა იყალთოს მონასტერი დაკეტა და ღვთისმსახურება მთელ ქვეყანაში აკრძალა.

იყალთოს მონასტრის ღვთაებისა და სამების ტაძრებში ღვთისმსახურება 1991 წელს, კომუნისტური რეჟიმის დამხობის შემდეგ განახლდა.



ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა