KA

მცხეთა-მთიანეთი

მცხეთა-მთიანეთი საქართველოს ერთ-ერთი ულამაზესი მხარეა, რომელიც აღმოსავლეთ საქართველოს ჩრდილოეთ ნაწილში მდებარეობს. სწორედ ამ მხარეშია მოქცეული ზაფხულისა და ზამთრის ისეთი ტურისტული ადგილები, როგორებიცაა მცხეთა, მყინვარწვერი, გუდაური, თრუსოს ხეობა, დარიალის ხეობა, ფშავ-ხევსურეთის და ყაზბეგის ეროვნული პარკები. აქ ასევე თავმოყრილია საქართველოს უმნიშვნელოვანესი ისტორიულ-კულტურული ძეგლები. მცხეთა-მთიანეთის მხარეს კავკასიონის მთავარი ქედი ორ ნაწილად ყოფს, რომლებიც ერთმანეთს ჯვრის უღელტეხილით უკავშირდება. მცხეთა-მთიანეთის მხარე მცხეთის, დუშეთის, თიანეთისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტებს აერთიანებს.
რა დრო სჭირდება მგზავრობას:
თბილისი
2:10 სთ
ბათუმი
7 სთ
ქუთაისი
4:55 სთ

მცხეთა

მცხეთა-მთიანეთის ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი მცხეთა - საქართველოს უძველესი დედაქალაქი, რომელიც დღეს ქალაქი-მუზეუმია. მცხეთაში და მის შემოგარენში აღმოჩენილია ძველი წელთაღრიცხვით დათარიღებული დასახლებები. სწორედ მცხეთაში მიიღეს ქართველებმა ქრისტიანობა IV საუკუნის დასაწყისში. აქ აშენდა პირველი მართლმადიდებლური ტაძარი, მცხეთაში მდებარეობს იუნესკოს დაცვის ქვეშ მყოფი ძეგლები - ჯვრის მონასტერი, სამთავროს მონასტერი და სვეტიცხოვლის ტაძარი.

დუშეთი

დუშეთი მცხეთა-მთიანეთის მხარეში ყველაზე დიდი მუნიციპალიტეტია. აქ ბევრი უნიკალური ისტორიული ძეგლია. მათ შორის - XVI-XVIII საუკუნეების ანანურის ციხის კომპლექსი, ბოდორნის ღვთისმშობლის ეკლესია და მჭადიჯვრის ეკლესია.

დუშეთის ისტორიულ მუზეუმში ამ მხარის მდიდარი ეთნოგრაფიული მასალა ინახება.

დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზეა აბუდელაურისა და ბაზალეთის ტბები; ოთხი არაგვი - მთიულეთის (თეთრი) არაგვი, გუდამაყრის (შავი) არაგვი, ხევსურეთის არაგვი და ფშავის არაგვი; ფშავ-ხევსურეთის ეროვნული პარკი - მთისთვის დამახასიათებელი საინტერესო ლანდშაფტებითა და ბუნებრივი წარმონაქმნებით (როშკის ლოდები, ტანიეს ტბა), სოფლები შუა საუკუნეების დროინდელი კულტურული მემკვიდრეობებით: შატილი, მუცო, არდოტი, ხახაბო და სხვა.

თიანეთი

თიანეთის ისტორიის გაცნობა თიანეთის მხარეთმცოდნეობის მუზეუმიდან უნდა დაიწყო, სადაც გამოფენილია არტეფაქტები ადრე ბრინჯაოს ხანიდან გვიან შუა საუკუნეებამდე.

თიანეთის ტერიტორიაზე ჩაედინება მდინარე იორი. იორზე მოწყობილი სიონის წყალსაცავი კი ირგვლივ მდებარე ტყითა და მიკროკლიმატით შესანიშნავი საზაფხულო კურორტია სამი თაობისთვის. 

თბილისიდან თიანეთისკენ მიმავალ გზაზე ულამაზეს საბადურის ტყეს გაივლი, რომელიც ზამთარში არანაკლებ ჯადოსნური სანახავია - აქ ხეების ტოტებზე გაყინული თოვლის გვირაბში მოგიწევს გავლა და ეს ემოცია დიდხანს არ დაგავიწყდება.

თიანეთის გამორჩეული ისტორიული ძეგლია ბოჭორმის უძველესი ციხის კომპლექსი, რომლის აშენების ზუსტი თარიღიც დაუდგენელია, თუმცა წერილობით წყაროებში პირველად X საუკუნის დასაწყისშია ნახსენები. 

ყაზბეგი

ყაზბეგი, თბილისისა და ბათუმის შემდეგ, განსაკუთრებით საინტერესო მიმართულებაა მოგზაურებისთვის. 

ყაზბეგის მუნიციპალიტეტი საქართველოს ერთ-ერთი მაღალმთიანი მხარეა. მისი ძველი სახელწოდებაა „ხევი“, რომლის ტერიტორია უხსოვარი დროიდანვე ყოფილა დასახლებული. ამას ადასტურებს აქ აღმოჩენილი ძვ.წ. VI-V საუკუნეების ნივთები, რომლებსაც სამეცნიერო წრეებში „ყაზბეგის განძის“ სახელით იცნობენ. მისი ნაწილი მოსკოვის ისტორიულ მუზეუმში ინახება, მცირე ნაწილი თბილისში, საქართველოს სახელმწიფო მუზეუმშია დაცული.

ყაზბეგი მდიდარია მდინარეებით, ტბებით, მყინვარებითა და მინერალური წყლებით. მისი მთავარი მდინარე კი დაუდგრომელი თერგია. 

ყაზბეგის ტერიტორიაზეა ქვეყნის „ჩრდილოეთი კარიბჭე“ - დარიალის ხეობა, ასევე თრუსოს, ართხმოსა და ხადის ულამაზესი ხეობები.

ზაფხულში ყაზბეგში საუკეთესო ტურისტული ადგილებია დაბა სტეფანწმინდა - ყაზბეგის ადმინისტრაციული ცენტრი; კოპწია სოფელი სნო, საქართველოს პატრიარქის მშობლიური სოფელი და ჯუთა - ერთ-ერთი ყველაზე მაღალი დასახლება საქართველოში. ზამთარში კი ქვეყნის მთავარი სამთო-სათხილამურო კურორტი - გუდაური გელოდება.

ყაზბეგის ტერიტორიაზე 50-მდე ისტორიული ძეგლია - ეკლესიები, გამოქვაბულები, სამარხები; ხევის მთავარი სალოცავი კი გერგეტის სამებაა - XIV საუკუნის დიდებული ტაძარი, რომელსაც თავზე ხევის მშვენება - მყინვარწვერი (იგივე ყაზბეგი) დასცქერის.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა