KA

სამცხე-ჯავახეთი

სამცხე-ჯავახეთი ისტორიულ სამცხესა და ჯავახეთის ტერიტორიებს აერთიანებს. თბილისიდან სამცხე-ჯავახეთში მოხვედრა ორი გზითაა შესაძლებელი, გააჩნია, რომელ მხარეში მიდიხარ. თუ ბორჯომში აპირებ ჩასვლას, დასავლეთის მაგისტრალით ჯობია, ქალაქების - გორისა და ხაშურის გავლით; თუ ნინოწმინდა, ახალქალაქი ან ახალციხეა შენი დანიშნულების ადგილი, მაშინ სამხრეთის მაგისტრალია ხელსაყრელი.
რა დრო სჭირდება მგზავრობას:
თბილისი
3 სთ
ბათუმი
3:15 სთ
ქუთაისი
2:30 სთ

კურორტები

ამ მხარის მთავარი ხიბლი მისი ბუნებრივი პოტენციალია. აქაური კურორტები, როგორც სამთო-კლიმატური, ისე ბალნეოლოგიური, ოთხივე სეზონზე მოქმედი და ხალხმრავალია.

ბაკურიანი

დაბა ბაკურიანი, რომელიც ზღვის დონიდან 1600 მეტრ სიმაღლეზეა, საუკეთესო ადგილია როგორც სათხილამურო და სამთო სპორტისთვის, ისე მშვიდი დასვენებისთვის. აქ კეთილმოწყობილია სხვადასხვა სირთულის სათხილამურო ტრასები, თანამედროვე საბაგიროები, საერთაშორისო დონის ველოპარკი,  გახსნილია მაღალი და საშუალო კლასის სასტუმროები.

ქალაქი-კურორტი ბორჯომი

სწორედ ეს ქალაქია საქართველოს ერთ-ერთი ბრენდის – ბორჯომის მინერალური წყლის ადგილი.

ქალაქი წიწვოვანი ტყეებით დაფარულ მთებს შორის, მდინარე მტკვრის ორივე ნაპირზეა გაშენებული. ბორჯომის ცენტრალურ პარკში პირდაპირ წყაროდან შეგიძლია დალიო მიწის გულიდან ამოსული მინერალური წყალი. აქვეა კურორტი ლიკანი, რომელიც, თავისი სამკურნალო კლიმატის გამო, XIX საუკუნეში რუსეთის იმპერატორის საზაფხულო რეზიდენცია იყო. 

აბასთუმანი

კურორტი, რომელიც ზღვის დონიდან 1 340 მეტრზე მდებარეობს, თავისი ჰაერით, კლიმატითა და გოგირდის წყლებით საუკეთესოა არაერთი დაავადების სამკურნალოდ.

აბასთუმანში მდებარეობს ასტრონომიული ობსერვატორია, ობსერვატორიებს კი სწორედ ისეთ ადგილას აშენებენ, სადაც არ არის მტვერი, სამრეწველო გამონაბოლქვი და წლის დიდი პერიოდის მანძილზე ცა კრიალაა. ამ ადგილიდან 80 წელზე მეტია, ციურ სხეულებს აკვირდებიან და თუ შენც გინდა, ცას თვალებში ჩახედო, აბასთუმანში ასტროტურისტებისთვისაც დგას  ტელესკოპი.

სამცხე-ჯავახეთის ღირსშესანიშნაობები

სამცხე-ჯავახეთში ბევრი ისტორიული ძეგლია. შეიძლება, ყველა ვერ მოიარო, მაგრამ ამ მხარეში ყოფნისას აუცილებლად უნდა დაათვალიერო:

ახალციხე, რაბათი

ბორჯომიდან სამხრეთით, ღრმა ხეობებში გაყვანილი ულამაზესი გზით ახალციხეში ჩახვალ. ეს ქალაქი განთქმულია ახალციხის ციხით და რაბათის უბნით, სადაც საუკუნეების წინათ ერთ პატარა მონაკვეთში ერთმანეთის გვერდით აუშენებიათ ეკლესია, მეჩეთი და სინაგოგა. ეს ერთიანობა კი ახალციხის ისტორიასაც საუკეთესოდ გადმოსცემს და ქალაქის ახლანდელ ხასიათსაც. 

ვარძია

ვარძია - კლდეში ნაკვეთი სამეფო ქალაქი-მონასტერი, რომელიც თამარ მეფის ეპოქასა და საქართველოს ოქროს ხანას უკავშირდება, უნიკალურია თავისი ინფრასტრუქტურით, 15 ეკლესიით, მარნებითა და საიდუმლო გვირაბებით. 

ხერთვისის ციხესიმაგრე

ხერთვისის ციხესიმაგრე X საუკუნის ძეგლია, რომელიც სოფელ ხერთვისში, მდინარეების - მტკვრისა და ფარავნის შესართავში მდებარეობს. ეს ძეგლი, ვარძიასთან ერთად, 2007 წლიდან იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის საცდელ სიაშია შეტანილი.

ბუნება

სამცხე-ჯავახეთის ერთ-ერთი ღირსშესანიშნაობაა ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ველური ბუნება, ხელუხლებელი ტყეები, ცხოველთა და მცენარეთა იშვიათი სახეობები. სალაშქრო მარშრუტებზე ტურისტული კოტეჯები, საპიკნიკე და საკემპინგე ადგილებია გამოყოფილი.
აქაურობა ტბებითაც გამორჩეულია. სამცხე-ჯავახეთში მდებარეობს საქართველოში ყველაზე დიდი და თევზით მდიდარი ფარავნის ტბა, ასევე ბუღდაშენის, კარწახის, საღამოს, ხანჩალის, ტაბაწყურის ულამაზესი ტბები, სადაც სალაშქრო ბილიკებით ახვალ, საგანგებოდ მოწყობილი კოშკურებიდან კი გადამფრენ ფრინველებს დააკვირდები. 

ამ მხარეში ყველაზე მაღალი მწვერვალია მთა დიდი აბული, საიდანაც უკვე მთელ ჯავახეთს გადმოხედავ.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა