KA
გომბორის უღელტეხილი - თვალწარმტაცი გზა კახეთისკენ

გომბორის უღელტეხილი - თვალწარმტაცი გზა კახეთისკენ

თბილისიდან ჩრდილოეთით, სულ რაღაც ერთი საათის სავალზე იწყება გომბორის ულამაზესი უღელტეხილი, რომელიც დედაქალაქიდან ყველაზე მოკლე გზით კახეთის გულში - თელავში ჩაგიყვანს.
სარჩევი

ამ მანძილის დასაფარად საათი და 50 წუთი დაგჭირდება. თელავამდე არსებობს მეორე გზაც - გურჯაანიდან, მაგრამ ის 40 წუთით ახანგრძლივებს მგზავრობის დროს. თუკი მკვეთრი მოსახვევები, სერპანტინი, სიმაღლისა და წნევის ცვალებადობა არ გაშინებს, გომბორის უღელტეხილით უნდა იმგზავრო. ეს გზა წელიწადის ნებისმიერ დროს ულამაზესი სანახავია, განსაკუთრებით კი შემოდგომაზე, როცა ირგვლივ ერთბაშად ყველა  ფერია. გზად გაივლი ყვავილებით სავსე სუბალპურ მდელოებს, ხეობებს, მთის მწვერვალებს, სიმაღლიდან გადმოხედავ დაბლობში ჩაფენილ პატარ-პატარა, იდილიურ სოფლებს და კავკასიონსაც მიესალმები.

გომბორის უღელტეხილზე ზღვის დონიდან ყველაზე მაღალი ადგილი 1620 მეტრზეა. თუ ამინდში გაგიმართლებს, დაინახავ, დიდი, ბრდღვიალა მზე როგორ ჩაგორდება და ჩაიკარგება თბილისის სილუეტებში. 

აქ შეიძლება შუაგულ შემოდგომაზე რძისფერ ნისლში გაეხვიო ან თოვლის ფიფქები წამოგეწიოს, მაშინ მოგიწევს, მაქსიმალურად შეანელო მოძრაობის სიჩქარე და უღელტეხილი ნელი სვლით გადაიარო.

გომბორის უღელტეხილის სოფლები

ახალი შუამთა, კახეთი - გომბორის უღელტეხილი

გომბორი საგარეჯოს მუნიციპალიტეტში შედის და რაიონული ცენტრიდან 50 კილომეტრითაა დაშორებული. 

უღელტეხილი თელავისა და ახმეტის რაიონებს, ნაწილობრივ ყვარლის რაიონს და მიმდებარე სოფლებს თბილისთან აკავშირებს.

აქაური მიწები უხვმოსავლიანია, მისდევენ მესაქონლეობასა და მებოსტნეობას. გზაზე, დასახლებული პუნქტების გასწვრივ გლეხებს გასაყიდად გამოაქვთ ადგილობრივი მეურნეობის პროდუქტები, რომლებიც გემოვნური თვისებებით გამორჩეულია - ეკოლოგიურად სუფთა ბოსტნეული: პომიდორი, კიტრი, მწვანილი, ასევე ყველი და თაფლი, გომბორის კაკალი განთქმულია, ბევრია ტყის კენკრა, ასკილი, მოცვი, ანწლი, წიფლის სოკო  და მაყვალი. 

გზადაგზა შეგხვდება პატარ-პატარა სოფლები, ყველაზე დიდი დასახლება კი სოფელი გომბორია. ის ზღვის დონიდან 1050 მეტრზე მდებარეობს. აქ ოდითგან გადიოდა შიდა და გარე კახეთთან დამაკავშირებელი გზა და მნიშვნელოვანი სტრატეგიული პუნქტი იყო. დიდი ხნის წინათ ადამიანები აქ ფშავ-ხევსურეთიდან ჩამოსახლებულან. ქართველებთან  ერთად, გომბორში საუკუნეზე მეტია მოსახლეობის ერთი ჯგუფი ცხოვრობს, რომლებიც თავს ლაიჯებს უწოდებენ. ისინი საყოველთაო აღწერის დროს აზერბაიჯანელებს  მიაკუთვნეს (რადგან  XX საუკუნის დასაწყისში ბაქოს გუბერნიის სოფელ ლაჰიჯიდან გადმოსახლებულან), თუმცა ისინი სამშობლოდ საქართველოს მიიჩნევენ. 

სოფელ გომბორთან, გზის სიახლოვეს მეორე მსოფლიო ომში დაღუპულ ქართველ მეომართა მემორიალი დგას. 

ისტორიული ძეგლები გომბორის უღელტეხილთან ახლოს

უჯარმა - ციხის ნანგრევები, გომბორის უღელტეხილი

უღელტეხილიდან ხელმარჯვნივ, მდინარე ივრის მარჯვენა სანაპიროზე, კლდოვან ქედზე ციხის ნანგრევებს დაინახავ. ეს ისტორიული ციხე-ქალაქი უჯარმაა, რომელიც III-IV საუკუნეების მიჯნაზე აუშენებიათ და მნიშვნელოვან როლს ასრულებდა ამ კუთხის უსაფრთხოებაში - მდ. ივრის ვიწრო გასასვლელის ჩამკეტი კარიბჭე იყო. 

უღელტეხილიდან გზა ფოთლოვან ტყეში გრძელდება და აქ, შანსი ხელიდან არ უნდა გაუშვა, სამონასტრო კომპლექსი, ქართული ხუროთმოძღვრების ერთ-ერთი უნიკალური ძეგლი - ძველი და ახალი შუამთა უნდა ნახო:
ძველი შუამთის კომპლექსი სამ ეკლესიას მოიცავს, რომელთაგანაც ყველაზე ძველი სამნავიანი ბაზილიკაა - ის V საუკუნით თარიღდება და ქართული არქიტექტურის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და საყურადღებო ნიმუშია. კომპლექსის დანარჩენი ორი ეკლესია კი VII საუკუნეშია აგებული. ამჟამად ძველი შუამთის კომპლექსი მოქმედი არ არის, მაგრამ მიუხედავად ამისა, უამრავ მნახველს მასპინძლობს. 

ახალი შუამთის დედათა მონასტერი კი მოქმედია და მისი ერთ-ერთი უმთავრესი სალოცავი ხახულის ღვთისმშობლის ხატია. ხატი ოქროთი და ძვირფასი ქვებით - ალმასით, მარგალიტებითა და ფირუზითაა მოჭედილი და დღეს საქართველოს ხელოვნების მუზეუმის საგანძურშია დაცული.

გზა უღელტეხილზე

გომბორის უღელტეხილის გზა

წლების მანძილზე, როცა გომბორის უღელტეხილის გზა კეთილმოუწყობელი იყო, გრუნტი ხშირად  ზიანდებოდა, რაც გადაადგილებას აფერხებდა და მოძრაობა თელავის მიმართულებით გურჯაანიდან უფრო მოსახერხებელი იყო.

დღეისათვის მთელ უღელტეხილზე გამავალი გზა ასფალტირებულია, ის  შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობისაა და, შესაბამისად, მასზე არცერთ სეზონზე არ წყდება ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ამაზე საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ზრუნავს. ავტომობილების რაოდენობის მთლიანი ნაკადის 75% მსუბუქი ავტომობილია.

საავტომობილო გზა თბილისში, ვაზიანის დასახლებასთან იწყება და ქ. თელავში მთავრდება. გზის საერთო სიგრძე 65 კმ-ია, 45-ე კმ-ზე 1620 მ სიმაღლეზე ადის;  

მიუხედავად სერპანტინისა, აქ თბილ სეზონზე ფეხით მიმავალ ზურგჩანთიან მოლაშქრეებსაც შეხვდები და ველოსიპედისტებსაც. გზადაგზა, ტყის მასივებსა და მდინარის ხეობებში ბევრი ადგილია საკემპინგოდ, კარვების გასაშლელ ადგილებსაც იპოვი და სოფლის მოსახლეობაც გაგიმასპინძლდება აქაური ხილით, ხილის არყითა და თონის პურით. სანახაობა კი ბევრია როგორც ჰაიკინგის მოყვარულთათვის, ისე ისტორიული და ბუნების ძეგლებით დაინტერესებულთათვის.

გომბორის უღელტეხილიდან ძველისძველ და ულამაზეს ქალაქ თელავში ჩახვალ, სადაც კიდევ უფრო საინტერესო სანახაობები გელოდება - წინ ალავერდია, გრემი,  ნეკრესი, წინანდალი და ყვარელი. ზუზუმბოზე კი კავკასიონი შეგეგებება მთელი თავისი დიდებულებით!

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა