საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
KA

ლიხეთი-ყელიდა-შკედი

რაჭა საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარეა, რომელიც დასავლეთ საქართველოს ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს და ის გამორჩეულად მრავალფეროვანი ბუნებით ხასიათდება. რაჭის მთების გასაცნობად კი ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო გზა ლიხეთი-ყელიდა-შკედის სალაშქრო მარშრუტია, რომელიც საკმაოდ მარტივია და მისი ხანგრძლივობა საშუალოდ 3 დღეა.
რეგიონი
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი
ქალაქი
ამბროლაური

როგორ მოხვდები ყელიდას მყინვარზე? 

ლიხეთი-ყელიდა-შკედის მარშრუტი ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიხეთიდან იწყება და ყელიდას უღელტეხილისკენ მარტივი სალაშქრო ბილიკით გრძელდება. გზად, დაახლოებით 2.5 კილომეტრში, მეჭვრეთის მონასტრის ნანგრევებს შეხვდები, აღმართის გავლის შემდეგ კი საბანაკემდე მიხვალ, სადაც მწყემსების სადგომებს გადააწყდები. 

ზღვის დონიდან 3036 მეტრ სიმაღლეზე მდებარე ყელიდას მყინვარამდე მისასვლელად გზაჯვარედინთან უნდა მიხვიდე. ის საბანაკიდან 150 მეტრში მდებარეობს. აქედან გზა მარცხნივ, ყელიდამდე გრძელდება, ყელიდას უღელტეხილიდან კი ტბებისკენ მიდის და სოფელ შკედში სრულდება.

როგორია ლიხეთი-ყელიდა-შკედის  მარშრუტი?

ლიხეთი-ყელიდა-შკედის მარშრუტი 25 კმ-ს მოიცავს და მის გავლას განსაკუთრებული ფიზიკური მომზადება არ სჭირდება, თუმცა უმჯობესია, ეს გზა ცხენით დაფარო. ლაშქრობაში გამყოლთან ერთად უნდა წახვიდე, რადგან, თუ ამ გზებზე პირველად მიდიხარ, შესაძლოა, გზა აგერიოს. გზის მანიშნებლები აქ ზოგჯერ ზვავის გამო იკარგება ან ნისლიან ამინდში რთულად შესამჩნევი ხდება.

გზებზე უამრავ წყაროს შეხვდები, რომლებიც სასმელადაც გამოდგება, თუმცა აჯობებს, თან სუფთა წყალი იქონიო და ის გამოიყენო. გაითვალისწინე, რომ წყაროებს ხანდახან ზვავი აბინძურებს.  

დაბანაკებისთვის აქ უამრავი ადგილია, მათ შორის - გამოქვაბულები და მწყემსების სადგომები. ლაშქრობაში კი კარვით უნდა წახვიდე.

რას ნახავ გზად? 

ლიხეთი-ყელიდა-შკედის სალაშქრო მარშრუტის გავლისას რაჭის მთების სილამაზეს ახლოდან იხილავ, გაივლი მდინარეებსა და ღელეებს და შეხვდები მრავალი სახეობის ხე-მცენარეს, ფრინველსა და ცხოველს.

თუკი გაუკვალავ თოვლში სრიალი გიზიდავს, მყინვარ ყელიდას ახლოს ამის შესაძლებლობაც გექნება.

Powered by Wikiloc
ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა