ლიხეთი-შკედის მარშრუტის გავლა 2-3 დღეშია შესაძლებელი. საფეხმავლო ბილიკის სიგრძე თითქმის 22 კილომეტრია, ამიტომ უმჯობესია, გათვლა 3 დღეზე გააკეთო, რომ არ გადაიტვირთო და დრო ფოტოსესიებისთვისაც მოიტოვო.
სოფელ ლიხეთიდან ბილიკი ყელის უღელტეხილისკენ მიდის. მარშრუტი საშუალო სირთულისაა, უმეტესად - მარტივი მონაკვეთებით. მისი უმაღლესი წერტილი ზღვის დონიდან 3036 მეტრზე მდებარეობს. თბილი მოსასხამის წაღება არ უნდა დაგავიწყდეს, საღამოს კოცონთან კომფორტულად რომ დაისვენო. სამაგიეროდ, არ დაგჭირდება წყლის მარაგის ტარება – აქ ყოველ ნაბიჯზე უგემრიელესი ცივ-ცივი წყაროებია.
სტარტიდან დაახლოებით 2,5 კილომეტრში მეჭვრეთის VIII-IX საუკუნეების მონასტრის ნანგრევები შეგხვდება. ეს ეკლესია ერთ-ერთი უძველესია მთელ რაჭაში.
აქედან აღმართი საფერისწვეროს, იმავე საფერისცვალოს, საბანაკე ადგილამდე აგიყვანს. აქ მწყემსების სადგომებიც არის. კიდევ 150 მეტრში, მაღლა, გზაჯვარედინიდან მარცხნივ უნდა გადაუხვიო და ყელის უღელტეხილზეც ახვალ.
მარშრუტის უმაღლესი წერტილიდან ბილიკი სწრაფად ეშვება ტბების საბანაკე ადგილამდე. აქ სამი ტბაა, რომელთა ნაპირები იდეალური ადგილია საკემპინგოდ. ტბებიდან მდინარე ღაბიშურას კალაპოტში დაეშვები, სადაც მწყემსების კიდევ ერთი საზაფხულო რეზიდენცია დაგხვდება.
აქედან რამდენიმე წუთში სოფელ შკედის შესასვლელთან იქნები.