საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
KA
7 დღე - ყველა თავგადასავლისათვის

7 დღე - ყველა თავგადასავლისათვის

თუ შვებულების დღეებს თითებზე ითვლი, თან გინდა, ყველაფერი მოასწრო, გეტყვი, რომ გეზი საქართველოსკენ უნდა აიღო. ეს არის ქვეყანა, სადაც ერთ კვირაში შეგიძლია ყველა ტიპის დასვენება მოიწყო, ერთი დღეში კი მთაც ნახო და ზღვაზე გასეირნებაც მოახერხო. ჩვენი ქვეყნის ფართობი, 69 700 კმ, ამ შემთხვევაში მხოლოდ უპირატესობაა. საქართველო არის პატარა, მაგრამ დიდი შესაძლებლობების ქვეყანა, სადაც მრავალფეროვანი ლანდშაფტი საშუალებას გაძლევს, ერთმანეთის მიყოლებით, სულ რამდენიმე დღეში იმოგზაურო ვაკიდან კავკასიონის ალპურ, დათოვლილ მთებში, სალი კლდეებიდან ნახევარუდაბნოს მომნუსხველ ბუნებაში, აღფრთოვანდე დიდრონი ფოთლოვანი ან მარადმწვანე ტყეებითა და ჭაობის ფლორა-ფაუნით და სუბტროპიკულ ზონაში ზღვაშიც ინებივრო. გზად შეგიძლია, ისტორიული ძეგლები მოინახულო, რომლებიც პირველი ევროპელების, ზეზვასა და მზიას, სამშობლოს უძველესი ისტორიის შესახებ მოგითხრობს.

პირობითი მარშრუტი #1 

საქართველოში საინტერესო მოგზაურობისთვის სეზონის შერჩევა არ მოგიწევს. აქ წელიწადის ნებისმიერ დროს შეძლებ დაუვიწყარი ემოციების აკრეფას. თუმცა მარშრუტს, რომლის შესახებაც ახლა მოგიყვები, მაისის ბოლო-ივნისის დასაწყისიდან გვიან შემოდგომამდე შეგიძლია დაადგე. განსხვავება მხოლოდ ფერებში იქნება - გაზაფხულზე მწვანედ აფეთქებულ ბუნებას შემოდგომაზე ოქროსფერი შეცვლის.

თუ საქართველოში მოგზაურობას თბილისის აეროპორტში ჩამოფრენით დაიწყებ, ერთი დღე ჩვენს უნიკალურ დედაქალაქში უნდა გაატარო. ფეხით შემოიარე ძველი ქალაქის ეგზოტიკური ქუჩები, აბანოთუბანში გოგირდის აბანოების ეგზოტიკას ეზიარე, ნახე ნარიყალა, მეტეხი, გაისეირნე რუსთაველის გამზირზე შედარებით თანამედროვე თბილისის სანახავად, ადი მთაწმინდაზე, საიდანაც თბილისის ხედებითაც დატკბები. საღამოს რომელიმე წყნარ თბილისურ კაფეში დაჯექი და ქართული მელოდიების, გემოვნებიანი მუსიკის ფონზე, უნიკალურ ქართულ ღვინოსთან ერთად, მთელი დღის შთაბეჭდილებებში ჩაიძირე.

მეორე დღეს ახალი თავგადასავლების საძებნელად კახეთისკენ გაემგზავრე. თუ საქართველოს კარგად გაცნობა გსურს, შეგიძლია სოფლებზე გამავალი მთავარი მაგისტრალით წახვიდე. ასე მთებსა და გორებზე შეფენილ უამრავ ციხე-კოშკსაც ნახავ. საგარეჯოდან შეგიძლია მარჯვნივ გადაუხვიო და 40 წუთში გარეჯის ფერად ნახევარუდაბნოში იმოგზაურო. საოცრად შთამბეჭდავი და ეგზოტიკური სანახავია წითელ, ყვითელ, თეთრ ზოლებად აფერადებული მთები და მასთან შერწყმული უნიკალური არქიტექტურის დავითგარეჯის სამონასტრო კომპლექსი, კლდეში გამოკვეთილი უდაბნოს მონასტერი და მისი უნიკალური ფრესკები. 

კახეთის სოფლებში ხშირად შეგხვდება მანიშნებლები - „ღვინის გზა“. ეს კიდევ ერთხელ შეგახსენებს, რომ საქართველო ღვინის უძველესი ქვეყანაა, სადაც ვაზის 500-ზე მეტი ქართული ჯიში ხარობს, მათი უმეტესობის სამშობლო კი სწორედ კახეთია. ამიტომ, დაინახავ თუ არა წარწერას - „მარანი“, გაჩერდი. აქ, კახური ტრადიციით დაყენებულ ქვევრის ღვინოებთან ერთად, ევროპული ტექნოლოგიით დაყენებულ ღვინოებსაც დაგაგემოვნებინებენ, კახურ პურმარილს გაგიშლიან და თუ სურვილი გექნება, ღამესაც გაგათევინებენ.

მესამე დღეს გირჩევ, გზა ახმეტისკენ გააგრძელო. ამით, ფაქტობრივად, შენი სამთო ტურიზმი იწყება და უდიდესი თავგადასავლისთვისაც უნდა მოემზადო. მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ურთულესი და ულამაზესი გზის გავლის შემდეგ ზღვის დონიდან 3000 მეტრ სიმაღლეზე, თუშეთის თვალუწვდენელ სივრცეში და უნიკალურ სოფლებში აღმოჩნდები. გირჩევ, ფეხით, ველოსიპედით ან ცხენებით შემოიარო თუშეთის ხეობები, ნახო სოფელი ბოჭორნა, რომელიც ევროპის მასშტაბით ზღვის დონიდან მდებარე ყველაზე მაღალი დასახლებული პუნქტია და ზღაპრული ციხე-სოფლები: დიკლო, შენაქო, დართლო, კვავლო, ვესტომთა, ჯვარბოსელი და ა.შ.  

საოცარია თუშეთში ღამის გათენება - თუშური ეგზოტიკური ხინკლითა და იქაური ჭაჭით ან ლუდით თავბრუდახვეულს შეიძლება, ვარსკვლავებით მოჭედილი ცა ქუდად მოგეჩვენოს, მზის ამოსვლა კი - სასწაულად. 

ამ უნიკალური ადგილის შემდეგ ხევსურეთის შესახვედრად უნდა მოემზადო. დაბა ომალოდან პირიქითა ალაზნის ხეობას გაუყვები, ულამაზეს აწუნთის უღელტეხილს შეუდგები და თუშეთიდან ხევსურეთში აღმოჩნდები. აქ საოცარი არქიტექტურით გამორჩეული ციხე-სოფელი მუცო გელოდება, ასევე ქართული სამშენებლო ხელოვნების ერთ-ერთი ბრწყინვალე და უნიკალური ძეგლი შატილი, მისტიკური ანატორის აკლდამები, აბუდელაურის ფერადი ტბები, არხოტი ტანიეს ტბითა და ხეობით. 

ხევსურეთი ბოლომდე რომ შეიგრძნო, ღამე შატილის რომელიმე საოჯახო სასტუმროში გაათიე. იქაური ეგზოტიკური კერძები დააგემოვნე, შაირობა მოისმინე და ხევსურული ცეკვა იხილე. 

გგონია, რომ ამის შემდეგ ვეღარაფრით გაგაოცებს საქართველოს ბუნება? მაშინ ჭაუხის უღელტეხილი გადაიარე და კიდევ ერთ რეგიონში - ყაზბეგში გადადი. სტეფანწმინდაში აუცილებლად ნახე მთის წვერზე აღმართული გერგეტის სამება და მყინვარწვერის საოცარი ხედი. ეს არის მთა, რომელიც ლაშქრობის მოყვარულებს იზიდავს, არ აქვს მნიშვნელობა, პროფესიონალი ალპინისტია თუ მოყვარული. ზაფხულში მისი დაპყრობა ყველას შეუძლია, მთავარია გქონდეს დრო, შესაბამისი აღჭურვილობა და თან პროფესიონალი გამყოლი გახლდეს. თუ მთის შორიდან ყურება გირჩევნია, შეგიძლია, ჭიქა ღვინით ხელში მაღალი კლასის ან საოჯახო სასტუმროს აივანზე მოკალათდე და მყინვარწვერის ყურებით ასე დატკბე. 

ყაზბეგიდან უკვე ფშავში გეპატიჟები. აქ ჟინვალის ულამაზესი წყალსაცავი, ანანური და კიდევ ბევრი დაუვიწყარი შთაბეჭდილება გელოდება. თუ ექსტრემალური თავგადასავლების მოყვარული ხარ, მდინარე არაგვზე ჯომარდობისთვის უნდა გაჩერდე და ადრენალინის მარაგი გვარიანად შეივსო. 

მთიანი აღმოსავლეთ საქართველოს დაუვიწყარი შთაბეჭდილებების შემდეგ, ბარში იმოგზაურე და ჩვენი ქვეყნის უძველესი და უნიკალური ისტორიული ძეგლები მოინახულე. გორიდან 10 კილომეტრში შეგიძლია ნახო კლდეში ნაკვეთი ქალაქი, კავკასიის ერთ-ერთი უძველესი დასახლება და საქალაქო ცენტრი უფლისციხე, მცხეთაში ჯვრის მონასტერზე ახვიდე და მტკვრისა და არაგვის შესართავის ულამაზესი ხედით დატკბე. მერე ჩვენი ქვეყნის უძველეს დედაქალაქში - მცხეთაში ფეხით გაისეირნო და უნიკალური სვეტიცხოველი დაათვალიერო. 

პირობითი მარშრუტი #2 

სვანეთის მარშრუტი

დასავლეთ საქართველოს უნიკალური ბუნებისა და ისტორიული ძეგლების მონახულება თუ გაქვს გადაწყვეტილი, მაშინ ტური საქართველოს უძველესი დედაქალაქიდან - ქუთაისიდან უნდა დაიწყო.

IX-X საუკუნეების ბაგრატი და გელათის მონასტერი სრულ წარმოდგენას შეგიქმნის იმ პერიოდის საქართველოს სიძლიერესა და განვითარებაზე. უნიკალური მღვიმეები - პრომეთე, სათაფლია დინოზავრის ნაკვალევთან მიგიყვანს და სტალაქტიტებისა და სტალაგმიტების ჯადოსნურ სამყაროში გამოგზაურებს. იმერეთში ყველაფერი უნდა ნახო, რის საშუალებაც გექნება - ვანის ანტიკური ქალაქიდან დაწყებული, კაცხის სვეტით დამთავრებული, მაგრამ იმერული  ხაჭაპურისა და საუცხოო ნიგვზიანი კერძების გასინჯვის გარეშე იქიდან არ უნდა წამოხვიდე. 

შემდეგ გზა ზღაპრული რაჭისკენ უნდა გააგრძელო. შაორის წყალსაცავის, ქვაში გამოკვეთილი სრული ჰარმონიის - ნიკორწმინდის, სხვა უნიკალური სანახაობების შემდეგ რაჭულ ლობიანს გაუსინჯე გემო და მსოფლიოში უნიკალურ ღვინოდ აღიარებული „ხვანჭკარა“ დააგემოვნე.

რაჭის ულამაზესი მთები არანაკლებ ულამაზესი ბუნებითა და უძველესი კულტურით გამორჩეულ ლეჩხუმამდე მიგიყვანს. სწორედ აქ არის პრომეთესთან დაკავშირებული მისტიკური ხვამლის მთა, სადაც ის ღმერთებმა მიაჯაჭვეს. ტყეებით, ჩანჩქერებით, კანიონებით, მინერალური წყლებით, ალპური მდელოებით, ტბებით მდიდარი და საქართველოში ყველაზე ძვირად ღირებული, უნიკალური ღვინის - „უსახელაურის“ სამშობლო საქართველოში მოგზაურთა უსაყვარლესი ადგილია. 

სულ სხვა თავგადასავალი გელის, როდესაც სვანეთის გზას დაადგები. ქვემო სვანეთის უნიკალური ბუნებისა და ისტორიული ძეგლების ნახვის შემდეგ ზემო სვანეთში ლატფარის ან ზაგარის ულამაზესი უღელტეხილები აგიყვანს, საიდანაც კავკასიონის მწვერვალები - პირქუში შხარა, ქათქათა თეთნულდი და ორთავიანი მწვერვალი უშბა საუკეთესოდ მოჩანს. მესტიაში სვანური კოშკების განუმეორებელი არქიტექტურა დაგატყვევებს, იქაური ტბები და პეიზაჟები აღგაფრთოვანებს და არასდროს დაგავიწყდება ცამდე ასულ მზის საგალობელ „ლილეზე“ ჩაკბეჩილი კუბდარისა თუ თაშმიჯაბის გემო. 

ამ ტურით უმაღლესი მწვერვალებიდან საქართველოს უთბილეს და ულამაზეს კუთხეში - სამეგრელოში გეპატიჟები. ეს თავგადასავლების განსხვავებული სამყაროა. დადიანების სასახლე ზუგდიდში, მარტვილის კანიონი, სადაც ნავებით ისეირნებ, ჩანჩქერები - ტობის, წაჩხურის და ა.შ., სადაც თოკებით დაეშვები, პალიასტომის ულამაზესი ტბა, მდინარეები, რომლებზედაც ჯომარდობას შეძლებ, და კიდევ უამრავი ექსტრემალური თუ რომანტიკული თავგადასავალი უნიკალური და მრავალფეროვანი მეგრული სამზარეულოთი უნდა დააგვირგვინო. ამ გემოების ჰარმონია მოგზაურობას დაუვიწყარი შეგრძნებებით შეგიზავებს.

თუ ამდენი ემოციით თავბრუდახვეულს ზღვის სანაპიროზე დასვენება და მზეზე გარუჯვა მოგინდება, შეგიძლია იქვე, ზუგდიდთან ახლოს, ანაკლიაში ჩახვიდე ან რამდენიმე კილომეტრით გაიგრძელო გზა და გურიის ქვიშიან საზღვაო კურორტებს ეწვიო ან აჭარაში გადაინაცვლო და ბათუმის, ქობულეთის, გონიო-კვარიათის, მწვანე კონცხის, ციხისძირისა და ჩაქვის სანაპიროები აირჩიო. ატრაქციონები, რესტორნები, კაზინოები, ულამაზესი ბოტანიკური ბაღი და დელფინარიუმი, კურორტი გოდერძი, მისი ნამარხი ტყე და უგემრიელესი აჭარული კერძები, მათ შორის, აჭარული ხაჭაპური და აჩმა აჭარული დასვენების თანამდევია. 

პირობითი მარშრუტი #3

ზამთრის კურორტი გუდაური

იმის გამო, რომ საქართველოს მცირე ტერიტორია აქვს, 7 დღის განმავლობაში მისი ყველა მიმართულების ძირითადი ადგილების მოცვაც შეგიძლია - აღმოსავლეთიდან დასავლეთით, სამხრეთიდან ჩრდილოეთით და პირიქით.  

შეგიძლია დაიწყო კახეთით, ეწვიო რომელიმე მეღვინეობას, იქიდან ახმეტა-თიანეთის გავლით ხევსურეთის ან ყაზბეგის მიმართულებით გადმოხვიდე; მოიწყო საფეხმავლო, ჯიპტური ან ცხენების ტური, ასე დაათვალიერო თუშეთი ან ხევსურეთი და იჯომარდო კიდეც. 

შემდეგ უკან დაბრუნდე და დასავლეთისკენ წახვიდე. ქუთაისში ჩახვიდე, შემდეგ რაჭა მოინახულო, დაათვალიერო ქვემო და ზემო სვანეთი, გააკეთო საფეხმავლო ტური ჭალაათის ან შხარის მყინვარებზე და ზღვის მიმართულებით დაეშვა. ამ გზაზე არის როგორც მაღალი კლასის, ისე საოჯახო სასტუმროები. 

როცა ხევსურეთიდან ჭაუხის უღელტეხილის გავლით ყაზბეგში გადადიხართ, სოფელ ჯუთაში ხვდები. აქედან, მაქსიმუმ, 40 წუთშია სტეფანწმინდა, სადაც შეგიძლია მაღალი დონის სასტუმროში განთავსდე, აუზზე იცურაო და აივნიდან ულამაზესი მყინვარის ხედით დატკბე. თუ ადგილობრივების ცხოვრება გაინტერესებს, გიდი შენს დაბინავებას რომელიმე ოჯახშიც ადვილად შეძლებს. 

აპრილის ბოლოს გუდაურში შესაძლებელია ნახევარი დღე ისრიალო, მერე ტრასაზე ველოსიპედით დაეშვა, არაგვზე იჯომარდო და ბოლოს ფასანაურში კარგ ხინკალს შეექცე. შეგიძლია, მყინვარწვერი დალაშქრო, იქიდან ჩამოხვიდე, არაგვზე იჯომარდო, შემდეგ კახეთში წახვიდე და რომელიმე მეღვინეობაში რამდენიმე გემრიელი დღე გაატარო.

ნოემბერში, როცა რთველი ყველასთვის დასრულებულია, ლეჩხუმში არის რამდენიმე მიკროზონა, სადაც ყურძენი შედარებით გვიან იკრიფება. ეს რიონის მიკროზონებია. შეგიძლია, ჩახვიდე, ახვიდე ხვამლის თავზე. სადაც სხვადასხვა საფეხმავლო მარშრუტია, რიონზე იჯომარდო ლეჩხუმთან, ღვირიშის ჩანჩქერიდან თოკებით დაეშვა. მეორე დღეს გქონდეს რთველი და ფელამუშიც მოადუღო. მესამე დღეს შეგიძლია ქვემო სვანეთში წახვიდე, მერე ქუთაისისკენ წამოხვიდე და მღვიმეები ნახო.

როცა მესტიიდან დაბრუნდები, შეგიძლია, სამეგრელოსკენ გადაუხვიო, გუდაურიდან თუ ბრუნდები  - ახმეტისკენ წახვიდე, სადაც ალაზნის ველის მარნები ხელისგულზე გაქვს და ნებისმიერს ესტუმრო. ორივე მიმართულებით წასვლა შეგიძლია, თუ ბაკურიანიდან ჩამოდიხარ. თუ გოდერძიზე იყავი და ზემო აჭარიდან ქვემო აჭარაში ბრუნდები, გზად რამდენიმე კარგი შატო შეგხვდება, სადაც შეგიძლია გასტროტური მოიწყო, იქიდან კი ზღვაზე ჩახვიდე და გაირუჯო.

ზამთარში აქტიური ტურიზმიდან საქართველოში ძირითადად სათხილამურო მიმართულებებია, მაგრამ განსხვავება ისაა, რომ აქ არსებობს როგორც სათხილამურო ტრასებზე, ისე გაუკვალავ თოვლში სრიალის საშუალება, ამის შესაძლებლობას იძლევა გუდაური და მესტია. საქართველოში არის ჰელისკის, ფაქტობრივად, შეუზღუდავი შესაძლებლობა. შესაბამისი ბაზები არსებობს მესტიასა და ყაზბეგში, მაგრამ სურვილის შემთხვევაში ბახმაროსა და გოდერძიზეც მოგიწყობენ ტურებს; არის ქეთსკი - თოვლმავლების ტური, რაც ბევრ ქვეყანას არ აქვს; არის სკიტური; ვინც აქტიურად არ სრიალებს, მათთვის არის თხილმარების ტურები, რომელიც საინტერესო სოფლების დათვალიერებისა და მშვენიერი ხედებით ტკბობის შესაძლებლობას იძლევა. 

გამორჩეული ტურია ბაკურიანიდან ტაბაწყურში თოვლმავლებით გადასვლა და გაყინული ტაბაწყურის ტბის ნახვა. იქ ადგილობრივებს ესტუმრები, რომლებიც არაჩვეულებრივი კერძებით გაგიმასპინძლდებიან და უკან ფანტასტიკურ განწყობაზე დაბრუნდები. როცა ისეთ საოჯახო კურორტზე იმყოფები, როგორიც ბაკურიანია, სადაც არაჩვეულებრივი სასრიალო ტრასებია, ამ ტურით შესაძლებლობა გეძლევა, ერთი დღე აბსოლუტურად განსხვავებულად გაატარო.

ერთი სიტყვით, საქართველოში გატარებული შვებულება წლის ნებისმიერ დროს ნიშნავს უნიკალურ ბუნებას, ბევრ გართობას, ბევრ სანახაობას და ბევრ გემრიელ ავთენტიკურ კერძს, რომლებიც ვეგეტარიანელებისა და ვეგანებისთვისაც მრავალფეროვანია.   

 

    ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
    Cookie პოლიტიკა