ისტორიული ციხესიმაგრე ქ. გორის ცენტრში, მაღალ კლდოვან ბორცვზე მდებარეობს. ჩრდილოეთ ფერდობზე შემორჩენილი ნანგრევები და არქეოლოგიური მონაცემები მოწმობს, რომ აქ ძვ. წ. I ათასწლეულის უკანასკნელ საუკუნეებში ძლიერი სიმაგრე მდგარა, რომელიც „გორის ციხედ“ წყაროებში პირველად XIII საუკუნეში იხსენიება.
მუზეუმი 1935 წელს დაარსდა. ამჟამად მასში დაცულია 48 100-ზე მეტი ექსპონატი, როგორიცაა: ლითონწარმოების, კედლის მხატვრობის, მცირე ფორმის ქანდაკების, ჰერალდიკისა და სახალხო სანახაობის ამსახველი მასალა; უნიკალური ვერცხლის კოლხური დიდრაქმა (ერთადერთი ყოფილ სსრკ-ში); თამარისა და დავით ნარინის მონეტები; ძვ. აღმოსავლეთისა და ანტიკური ქვეყნების მონეტები; ეპიგრაფიკული ძეგლები ქართულ და არაბულ ენებზე; ქართულ ხელნაწერების კოლექციები; მდიდარი ფოტოარქივი და სხვა. მის.: ქ. გორი, კირიონ II ქ
საბჭოთა კავშირის ლიდერის, იოსებ სტალინის სახელობის მუზეუმი 1937 წელს დაარსდა და მასში 60 000-მდე ექსპონატი ინახება. მუზეუმის კომპლექსში შედის: მემორიალური სახლი, სადაც სტალინი დაიბადა; საექსპოზიციო შენობა - კოშკით და სტალინის პირადი ვაგონი, რომლითაც მან იმგზავრა თეირანში, იალტასა და პოტსდამში. მუზეუმში ასევე დაცულია სტალინის პირადი ნივთები. მის.: ქ. გორი, სტალინის გამზ. 32
ადგილობრივი მნიშვნელობის ბალნეოლოგიური კურორტი ზღვის დონიდან 600 მეტრზე მდებარეობს. სამკურნალო ფაქტორია - მცირე მინერალიზაციის ჰიდროსულფიდური, ქლორიდულ-ჰიდროკარბონატული, ნატრიუმიანი მინერალური წყალი, რომელსაც იყენებენ აბაზანებისათვის. „სააბაზანო მკურნალობა“ გამოიყენება საყრდენსამოძრაო აპარატის, პერიფიული ნერვული სისტემისა და გინეკოლოგიური დაავადებების სამკურნალოდ. კურორტის სეზონი ივნისიდან - სექტემბრის თვემდე გრძელდება. მის.: სოფ. დიდი გორიჯვარი
კლდეში ნაკვეთი ქალაქი უფლისციხე მდებარეობს ქ. გორის აღმოსავლეთით მე-10 კმ-ზე, მდინარე მტკვრის მარცხენა ნაპირას. კავკასიის ერთ-ერთი უძველესი დასახლება წერილობით წყაროებში პირველად VII საუკუნეში იხსენიება. უფლისციხესა და მის შემოგარენში დაცულია არქეოლოგიურ და ხუროთმოძღვრულ ძეგლთა ჯგუფი, რომელთაგან უძველესი ადრინდელი ბრინჯაოს ხანისაა და მტკვარ-არაქსის კულტურის წრეს განეკუთვნება.
ბუნერბივი მრავალფეროვნების გარდა ატენის ხეობაში უამრავ ტურისტულად საინტერესო სანახაობას ვხვდებით: დიდი ატენი - ატენის სიონი (VII ს.); ატენის (ორბელიანთ) ციხე (X-XI სს.); წეროს ეკლესიის კომპლექსი; ატენის ღვთისმშობლის მიძინების დედათა მონასტერი; ბიისის სამკურნალო წყლები და სხვა. ატენის ხეობაში საუკეთესო ადგილებია კემპინგისათვის.
სოფელი გორის მუნიციპალიტეტში, ქ. გორიდან 6 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს. მასში წარმოდგენილია ისეთი ისტორიული ძეგლები, როგორიცაა: ვერეს ციხე; დანახვისის წმ.გიორგის ეკლესია; ვერეს ღვთისმშობლის ეკლესია; მწვანე (ფერისცვალების) საყდარი; ორსაყდრის ღვთისმშობლის ეკლესია; წედისის ციხე და ეკლესია და სხვა.
VIII-IX საუკუნეებით დათარიღებული ტაძარი ქ. გორიდან 7 კმ-ის დაშორებით მდებარეობს. გადმოცემით ტაძარი მეფე ვახტანგ გორგასალს აუგია. მიუხედავად იმისა, რომ პირვანდელ ნაგებობას ჩვენამდე არ მოუღწევია, ტაძრის მშენებლობაში VII საუკუნისთვის დამახასიათებელი სტილი შეინიშნება. რუისთან დაკავშირებულია ფეოდალური ხანის საქართველოს არა ერთი მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოვლენა. რუისის ღვთისმშობლის ეკლესიაში ქართლის მეფედ აკურთხეს გიორგი II (1072-1083 წწ.). ამ დროს რუისი ქართლის დედაქალაქის როლს ასრულებდა.
სამნავიანი ბაზილიკა მდებარეობს ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ურბნისში. სტილისტური ნიშნებით და აგრეთვე ჩრდილოეთ ფასადის ასომთავრული წარწერის პალეოგრაფიული შესწავლის საფუძველზე თარიღდება V-VI საუკუნეების მიჯნით. აღნიშნულ წარწერაში მოხსენიებულია ტაძრის არქტიტორები ვინმე კონსტანტი და მამა მიქელი. დანარჩენ სამ სხვადასხვა დროის წარწერაში ეკლესიის აღდგენაზეა საუბარი.