KA
Kintrishi Protected Areas

კინტრიშის დაცული ტერიტორიები

ზღვის დონიდან 300-2500 მეტრ სიმაღლეზე, ქობულეთის მუნიციპალიტეტში, მდინარე კინტრიშის ხეობაში ბუნების ნამდვილი საოცრება გელოდება. 1959 წელს სოფელ ცხემვანასა და ხინოს მთებს შორის მოქცეული უნიკალური ბუნების დასაცავად კინტრიშის ნაკრძალი დაარსდა. დაცული ტერიტორია ორ ნაწილად იყოფა - სახელმწიფო ნაკრძალად და ეროვნულ პარკად.
რეგიონი
აჭარა
ქალაქი
ქობულეთი

კინტრიშის ნაკრძალის გამორჩეული ბუნება

კინტრიშის ნაკრძალი ქობულეთიდან 24 კმ-ში 13514 ჰა-ზეა გაშლილი და მესამეული ხანის კოლხური ტიპის ფლორისა და ფაუნის დაცვას უზრუნველყოფს. მრავალფეროვან სუბტროპიკულ მცენარეებთან ერთად, აქ შველს, არჩვს, დათვს, მელას, კვერნასა და სხვა ცხოველებსაც შეხვდები. კინტრიშის დაცულ ტერიტორიაზე, მდინარეების, ჩანჩქერებისა და ტბების გარდა, ცხემვანის შუა საუკუნეების თაღოვან ხიდებს, წმინდა გიორგის სახელობის დედათა მონასტერსა და XII საუკუნის ხინოწმინდის იოანე ნათლისმცემლის ეკლესიის ნანგრევებსაც შეხვდები. ასევე, ნაკრძალში, „თამარის თაღოვანი ხიდისა“ და „უთხოვრის და ტბა ტბიყელის“ ბილიკების დალაშქვრაა შესაძლებელი და მას როგორც ფეხით, ისე ცხენებითაც გაივლი.

კინტრიშის ნაკრძალის  ვიზიტორთა ცენტრი

მოგზაურებისთვის აქ ვიზიტორთა ცენტრიც არსებობს, რომლის თანამშრომლებიც შენთვის სასურველი ხანგრძლივობისა და სირთულის მარშრუტების დაგეგმვაში დაგეხმარებიან. 

ნაკრძალში საპიკნიკე და საკემპინგე ადგილებიცაა მოწყობილი და თუკი აქ კარვის გაშლასა და ღამის გათევას გადაწყვეტ, შენს თავზე ცის ულამაზესი სანახაობა გადაიშლება.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა