KA
რატომ უნდა იმოგზაუროთ საქართველოში

რატომ უნდა იმოგზაუროთ საქართველოში

იცოდი, რომ ოქროს ფირფიტაზე, რომელიც 1977 წელს კოსმოსურმა ხომალდმა „Voyager 2“-მა მზის სისტემაში გაიტანა, ქართული მრავალხმიანი სიმღერა „ჩაკრულოა“ ჩაწერილი? ამ ფირფიტამ კოსმოსს გადასცა ჩვენი პლანეტის სავიზიტო ბარათი: დედამიწის ამსახველი 115 გამოსახულება, ბუნების ხმები: ჩიტების ჭიკჭიკი, ადამიანის სიცილის, ნაბიჯების, ჭექა-ქუხილის, ქარის, ზღვის ტალღების, სხვადასხვა ცხოველის ხმა, 55 ენაზე ჩაწერილი მისალმების ტექსტი, ამერიკის შეერთებული შტატების მაშინდელი პრეზიდენტისა და გაეროს გენერალური მდივნის მიმართვები და 27 მუსიკალური ნაწარმოები, რომელთა შორის ქართული „ჩაკრულოცაა“.

რით არის გამორჩეული საქართველო?

თუმცა საქართველო მხოლოდ საოცარი სიმღერებით არ არის ცნობილი, აქ ცეკვის ჯადოქრები ცხოვრობენ და თოჯინები დიდებისთვის თამაშობენ სპექტაკლებს; ღვინო პირველად 8000 წლის წინათ სწორედ საქართველოში დააყენეს და ღვინის ქვევრში დაყენების ქართული წესი ახლა უკვე სხვა ქვეყნებშიც გავრცელდა; მსოფლიოში ცნობილი რამდენიმე ათასი ვაზის ჯიშიდან 525 ქართული ენდემური ჯიშია, ამ პატარა ტერიტორიაზეა დაბადებული; აქ 60-მდე სახეობისა და ნაირსახეობის ყველს შეხვდები, ნიგვზითა და ბოსტნეულით შეზავებულ უგემრიელეს კერძებს, მთასა და ბარს, მყინვარებსა და პლაჟებს და, რაც ყველაზე მთავარია, ადამიანებს, რომლებსაც სიცოცხლე უხარიათ და ამ სიხარულს შენც აუცილებლად გაგიზიარებენ.

სად არის საქართველო?

საქართველო კავკასიაში, ევროპისა და აზიის გზაგასაყარზე მდებარეობს, შავი ზღვის სანაპიროზე. პატარა ქვეყანაა, მაგრამ საუკუნეების განმავლობაში ასრულებდა ცივილიზაციების დამაკავშირებელ ფუნქციას. აქ გადიოდა „აბრეშუმის გზაც“ - მსოფლიოს უმსხვილესი სავაჭრო არტერია. 

როგორი კლიმატია საქართველოში?

საქართველო ჩვენი პლანეტის ერთგვარი კლიმატური მოდელია, რადგან დედამიწის ზედაპირზე არსებული ჰავის თითქმის ყველა ზონა, ნოტიო სუბტროპიკულიდან დაწყებული, მარადი თოვლისა და მყინვარების ზონით დამთავრებული, აქაა თავმოყრილი. ამიტომ საქართველოში წელიწადის ნებისმიერ დროს სასურველი ფერებითა და ლანდშაფტით ისიამოვნებ.

ამაში ადვილად დარწმუნდები, თუკი საქართველოს დაცულ ტერიტორიებს ესტუმრები, რომლებიც 6000 490 ჰექტარზეა გადაჭიმული. არც კურორტები და მაცოცხლებელი მინერალური წყლები დაგავიწყდეს, რომლებსაც აქაური კლიმატი ქმნის. 

რით გამოირჩევა საქართველოს ისტორია, კულტურა და ხალხი?

ზეზვასა და მზიას შესახებ გსმენია? პირველი ევროპელების შესახებ, რომელთა კვალი 2001 წელს საქართველოში აღმოაჩინეს. სწორედ მაშინ გახდა ცნობილი, რომ ამ მიწაზე 1 800 000 წლის წინათ ადამიანები დააბიჯებდნენ. 

ძვ. წ. II ათასწლეულის ბოლოს აქ უკვე პირველი პოლიტიკური გაერთიანებები არსებობდა, ქვეყნის ისტორიაში ყველაზე მშვიდ და წარმატებულ პერიოდს კი „ოქროს ხანა“ ეწოდება და მეფე ქალის - თამარის მმართველობას უკავშირდება. 

საქართველო ერთ-ერთი პირველი ქრისტიანული ქვეყანაა. მსოფლიოში სულ 14 დამწერლობაა და აქედან ერთ-ერთი ქართულია. სწორედ, ქართულ ენაზე დაიწერა ცნობილი პოემა „ვეფხისტყაოსანი“, რომელიც 2013 წელს იუნესკომ, სხვა ხელნაწერებთან ერთად, „მსოფლიო მეხსიერების“ რეესტრში შეიტანა.  

საქართველოს ყველა კუთხე განსხვავებული არქიტექტურით იწონებს თავს. თანამედროვე არქიტექტურისა და კულტურის ნიმუშებს აქ არა მხოლოდ მუზეუმებსა და საგამოფენო დარბაზებში, არამედ ქუჩებსა და არტკაფეებშიც შეხვდები.

მრავალფეროვანია მუსიკალური ფოლკლორიც - გურულ კრიმანჭულს (კრინში შესრულებული ჩახვეული სიმღერა) სვანური დინჯი ლილე ცვლის, იმერულ ქალაქურს - კახური მრავალჟამიერი და ა.შ. ასევე მრავალფეროვანია ქართული ცეკვაც და, რაღა თქმა უნდა, ტრადიციები, რომლებიც ნებისმიერი მოგზაურისთვის სასიამოვნო მოგონებად დარჩება, რადგან სხვაგვარს ქართული სტუმართმოყვარეობა, უბრალოდ, არ ითვალისწინებს.

რას ნიშნავს ქართული სუფრა?

საქართველოში აუცილებლად უნდა მოხვდე ტრადიციულ ქართულ სუფრასთან და არა მხოლოდ ქართული კერძების დასაგემოვნებლად, არამედ იმ გარემოს შესაგრძნობადაც, რომელიც მის ირგვლივ იქმნება.

ასეთ სუფრას თამადა უძღვება - ადამიანი, რომელიც სადღეგრძელოებს შესაბამისი წესის მიხედვით წარმოთქვამს და სასმისს მხოლოდ ამის მერე ცლის. თამადის შემდეგ სადღეგრძელოს სუფრის სხვა წევრები ამბობენ. თამადა და სუფრის წევრები იხსენებენ საინტერესო ამბებს, კითხულობენ ლექსებს, მღერიან, ცეკვავენ. არ გაგიკვირდეს, თუკი ქართულ სუფრასთან სრულიად უცხო ადამიანებს ძველი მეგობრებივით ხელგადახვეულებს ნახავ, ნამდვილი ქართული ხასიათი სწორედ ასეთია - სიყვარულით სავსე.

რაც შეეხება კერძებს, რომლებსაც ქართულ სუფრაზე იხილავ, აქაც მრავალფეროვნებაა. ხაჭაპური, ხინკალი, ელარჯი, ჩაქაფული, ლობიო, ფხალი, ჩიხირთმა, შოთის პური, ჩურჩხელა, 8000-წლიანი ისტორიის ღვინო - ამ სიის დასრულება შეუძლებელია, რადგან საქართველოს თითოეული კუთხე ავთენტიკურ გემოებს გთავაზობს. თუკი კახეთში ან მთიულეთში ხორცეულის ვარიაციები დაგხვდება, დასავლეთ საქართველო ფხალეულითა და რძის პროდუქტებით გაგიმასპინძლდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ნებისმიერი გასტრონომიული გემოვნების მქონე ადამიანი, ვეგანი თუ ვეგეტარიანელი, თავისთვის საინტერესო გემოს აქ აუცილებლად იპოვის.

ალბათ უკვე კითხვაც აღარ სჭირდება იმას, რატომ უნდა ჩაალაგო ბარგი და საქართველოსკენ გამოეშურო, სადაც დაუვიწყარი თავგადასავლები გელოდება.

    ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
    Cookie პოლიტიკა