KA
Kutaisi, Royal district

სამეფო უბანი ქუთაისში

საქართველოს უძველეს ქალაქთა შორის ქუთაისი სრულიად გამორჩეულია თავისი უნიკალური ისტორიითა და მრავალსაუკუნოვანი თავგადასავლით. მის განსაკუთრებულობას აძლიერებს ლეგენდა - რომ ის მითური ოქროს საწმისის ქვეყანაა, და სინამდვილე - რომ სხვადასხვა დროს ის იყო ეგრის-ლაზიკის, აფხაზეთის, იმერეთის სამეფოების და ბოლოს - გაერთიანებული საქართველოს სამეფოს დედაქალაქი.
რეგიონი
იმერეთი
ქალაქი
ქუთაისი

რუსეთის ექსპანსიის დროს, XIX საუკუნის დასაწყისში, მას უკვე დიდი ხნის დაკარგული ჰქონდა უწინდელი დიდება.

ახალი პოლიტიკური ვითარების სიძნელეების მიუხედავად, ქუთაისი მალე მნიშვნელოვანი სავაჭრო და სამრეწველო ქალაქი გახდა. უმრავლესობას ყოველთვის მართლმადიდებელი და კათოლიკე ქართველები შეადგენდნენ. მათ გარდა, ქალაქში ცხოვრობდნენ ებრაელები, ბერძნები, სომხები, პოლონელები და რუსები.  

XIX საუკუნის 70-იანი წლებიდან ქალაქის არქიტექტურა, ისევე როგორც ადგილობრივთა ყოფა-ცხოვრება, თანდათან სულ უფრო ევროპულ სახეს იღებდა. 

შემდეგ საბჭოთა და დამოუკიდებელი საქართველოს ხელისუფლებებმა ქუთაისში სერიოზული ურბანული ცვლილებები განახორციელეს, ქალაქის ცენტრიც საგრძნობლად გადასხვაფერდა, თუმცა სამეფო უბანს ეს ყველაზე ნაკლებად შეეხო.

ადგილმდებარეობა

სამეფო უბნის ტერიტორია მოიცავს ცისფერყანწელთა, წმინდა ნინოს, აკაკი წერეთლისა და ალექსანდრე პუშკინის ქუჩების მიმდებარე არეალს და თეთრი ხიდის ახლომდებარე ტერიტორიას.

უბნის ისტორია

ქუთაისის ისტორიული ნაწილი ვრცელ პერიმეტრზეა გაშლილი და სხვადასხვა პერიოდის ბევრ ძველ უბანს აერთიანებს. მათ შორის მრავალფეროვანი არქიტექტურული მემკვიდრეობით გამოირჩევა სამეფო უბანი, რომელიც დღევანდელი ქალაქის ცენტრის მნიშვნელოვანი ნაწილია.      

ქალაქის ისტორიულ უბანში თანამედროვე ცენტრის გაჩენამ ბევრი ძველი, საინტერესო შენობა-ნაგებობა გაანადგურა, თუმცა სამეფო უბანში დღემდე შემოგვრჩა ავთენტიკური ურბანული ქსოვილი -  როგორც ისტორიულ  ქუჩათა ქსელი, ისე იქ განთავსებული სხვადასხვა ფუნქციისა და პერიოდის,  მხატვრულად და ისტორიულად ძალზე ღირებული არქიტექტურა.

სახელი „სამეფო უბანი“ აქ არსებულმა სამეფო რეზიდენციამ - „ოქროს ჩარდახმა“ განაპირობა, რომელიც თეთრ ხიდსა და შოთა რუსთაველის ხიდს შორის, რიონის მარცხენა ნაპირზე მდებარეობს. 

სპარსეთში ვენეციის ელჩ ამბროჯო კონტარინის 1474 წლის ცნობით, აქ იმერეთის მეფის, ბაგრატ II-ის სასახლე იყო, რომელმაც XVII საუკუნეში უკვე სამეფო კომპლექსის სახე მიიღო. 

რას ნახავ აქ?

სამეფო უბნის მთავარი ნაგებობა, მეფეთა რეზიდენცია, დროთა განმავლობაში, თითქმის მთლიანად განადგურდა. უწინდელი კომპლექსიდან დღეს იქ მხოლოდ მცირე სახლია შემორჩენილი, რომლის ინტერიერი ჯერ XIX საუკუნეში გადაკეთდა, საბოლოო სახე კი 1960-იან წლებში მიიღო. 

სამეფო უბანი რიონის მეორე მხარეს თეთრი ხიდით უკავშირდება. სახელი ხიდს თეთრი ფერით შეღებვის გამო დაერქვა. ის 1872 წელს აიგო ინჟინერ ედუარდ ზეზემანის (1836-1902) თანაავტორობით 1850-იანი წლებში აშენებული  ხიდის ბურჯებზე. სამმალიანი ხიდის ლითონის ფერმები ლონდონშია დამზადებული.  ის საბჭოთა პერიოდში, 1949 წელს გაფართოვდა.

უბნის მნიშვნელოვანი ისტორიული და არქიტექტურული ძეგლია ყოფილი „ვაჟთა კლასიკური გიმნაზია“, რომელიც შოთა რუსთაველისა და ცისფერყანწელთა ქუჩების შესაყარზე მდებარეობს. შენობა 1850-იანი წლებიდან მოყოლებული სხვადასხვა პერიოდში აშენებული კორპუსებისგან შედგება. ახლანდელი ნაგებობა სახეცვლილია, ბოლო რეკონსტრუქცია 1960-იან წლებში განხორციელდა და იქ ახლა ქუთაისის პირველი საჯარო სკოლაა განთავსებული.        

აგრეთვე, მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო ცენტრი იყო წმინდა ნინოს ქალთა გიმნაზია, რომელიც 1847 წელს დაარსდა. სხვადასხვა ადგილის გამოცვლის შემდეგ გიმნაზია ინჟინერ ფონ-შულცის პროექტით განხორციელებულ 1900-იანი წლების შენობაში (წმინდა ნინოს ქ. N2) დაფუძნდა, რომელმაც დღემდე გარკვეული ცვლილებებით მოაღწია.         

თეთრ ხიდთან ახლოს მდებარეობს მიერ 1893 წელს აშენებული აფთიაქი, იოსებ გრიშაშვილის ქ. 4, რომელსაც დღემდე არ შეუცვლია ფუნქცია. 

სამეფო უბნის კიდევ ერთი, ისტორიული აფთიაქი პროვიზორ ვიქტორ ვიტუშინსკის სახლის პირველ სართულზე იყო, ალექსანდრე პუშკინის ქ. N14-ში.  ეკლექტიკური სტილის შენობა თეთრი და ვარდისფერი ეკლარის ქვით მოპირკეთებული მხატვრული ფასადითა და პომპეზური პარაპეტით ხასიათდება.  

უბანში პოპულარული იყო 1900-იან წლებში აშენებული, მიხეილ გოკიელის ყოფილი სასტუმრო „ფრანცია“, შოთა რუსთაველის გამზირი N8,  რომელშიც საბჭოთა კავშირის დროსაც სასტუმრო იყო. 1976 წლიდან  ის სახვითი ხელოვნების გალერეას გადაეცა. 

„ფრანციას“ სიახლოვეს მდებარეობდა 1910-იან წლებში არქიტექტორ ე. ა. ფრიკის პროექტით აშენებული მოდერნის სტილის სასტუმრო „პალას-ოტელი“, შოთა რუსთაველის გამზირი N4. 

ამ ორ სასტუმროს შორის დღემდე დგას იტალიელი მოქალაქის, ნიკოლო ბროკის  ყოფილი საცხოვრებელი სახლი, შოთა რუსთაველის გამზირი N6,  რომელიც არქიტექტორ ტრეიერის 1882 წლის პროექტის მცირედი ცვლილებებით განხორციელდა. 

უბანში კიდევ სამი ცნობილი სასტუმრო იყო: 1880-იან წლებში აშენებული ელიგულაშვილისა და გველესიანის „ლონდონი“, ცისფერყანწელთა და ზაქარია ფალიაშვილის ქუჩების კუთხეში, რომლის მეორე სართული თავდაპირველი სახით შემოგვრჩა; რაფიელ კაკიტელაშვილის 1900-იანი წლების სასტუმრო „ორიანტი“ - ცისფერყანწელთა და ალექსანდრე პუშკინის კუთხეში, რომელსაც მოგვიანებით მესამე სართული  დააშენეს, და დიმიტრი ჩხიკვიშვილის სასტუმრო „გრანდოტელი“ - პუშკინის ქ. N18.

ქუთაისის სამეფო უბანში ორი კინოთეატრი იყო - „რადიუმი“ (1911 წ. არქიტექტორი ე. ა. ფრიკი) და „მონპლეზირი“. 2010-იან წლებში ორივე შენობის ფასადი სრულად აღადგინეს, თუმცა „რადიუმში“ ახლა სავაჭრო ცენტრია, „მონპლეზირი“ კი ორი ქუჩის დამაკავშირებელი ტრიუმფული თაღის ფუნქციას ასრულებს. 

სამეფო უბნის საცხოვრებელი სახლებიდან მხატვრული ღირებულებით გამოირჩევა ეკლექტიკური არქიტექტურის მქონე შენობები - აკაკი წერეთლის ქუჩა N2, N6, N8 და N10 და მოდერნის სტილის სახლი -  ალექსანდრე პუშკინის N3, რომლის სადა დეკორით შემკული ფასადი ქუჩის მრუდე ხაზს დინამიკურად მიჰყვება.

სამეფო უბნის ფართომასშტაბიანი სარეაბილიტაციო სამუშაოები 2011-2012 წლებში განხორციელდა, რომლის შედეგადაც დღეს ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ადგილია როგორც ადგილობრივთათვის, ისე ქალაქის სტუმრებისა და ტურისტებისთვის.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა