KA

მცხეთა

საქართველოს ბუნება მრავალფეროვან სანახაობას გთავაზობს, თუმცა ეს ერთ-ერთი ნამდვილად გამორჩეული ხედია - ადგილი, სადაც ორი დიდი მდინარე ერთმანეთს უერთდება. სწორედ ამ შესართავთან მდებარეობს ქალაქი მცხეთა - საუკუნოვანი ისტორიითა და გასაოცარი ძეგლებით, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი უძველესი, უწყვეტად დასახლებული ქალაქია.
რა დრო სჭირდება მგზავრობას:
თბილისი
0:20 სთ
ქუთაისი
2:50 სთ
ბათუმი
5:20 სთ

მცხეთის ისტორია

მცხეთა საქართველოს უძველესი დედაქალაქია და მისი დათვალიერება ქალაქ-მუზეუმად აღიარებული, უძველესი ცენტრალური უბნიდან უნდა დაიწყო; 

ეს ქალაქი მხოლოდ ქრისტიანულ ეპოქას არ ეკუთვნის. XX საუკუნის 30-იან წლებში წარმოებული არქეოლოგიური გათხრებით დადგინდა, რომ აქაურობა ჯერ კიდევ ბრინჯაოსა და გვიანდელი ბრინჯაოს ხანაში (ძვ.წ. III-II ათასწლეული) იყო დასახლებული.

ლეგენდის თანახმად, ქალაქი მცხეთა ძვ.წ. I ათასწლეულში ეთნარქმა მცხეთოსმა - ბიბლიური ნოეს შთამომავალმა, ქართველთა ერთ-ერთმა ლეგენდარულმა წინაპარმა დააარსა, ხოლო მეფე ფარნავაზმა - უდიდესმა რეფორმატორმა მეფემ - ძვ.წ. IV საუკუნეში ქართლის (იბერიის) დედაქალაქად გამოაცხადა.

მცხეთა დღემდე ინარჩუნებს კულტურულ-რელიგიური ცენტრის ფუნქციას და ამასთანავე, ქალაქი ტოლერანტული განწყობითაც გამოირჩევა - ისტორიულად აქ, ქართველებთან ერთად, ებრაელები და სხვა ეთნიკური ჯგუფებიც ცხოვრობდნენ.

ქრისტიანობა და მცხეთის არქიტექტურა

საქართველოში ქრისტიანობა IV საუკუნის დასაწყისში სწორედ მცხეთიდან გავრცელდა. 

აქ უძველეს ტაძრებს შეხვდები: სამთავროს წმ. ნინოს ეკლესია, რომელიც IV საუკუნით თარიღდება; ანტიოქია - წმინდა სტეფანე პირველმოწამის ეკლესია, რომელიც IV-V საუკუნეებში აიგო და მცხეთის ჯვრის - VI-VII საუკუნეების ტაძარი.

განვითარებული ფეოდალიზმის ეპოქაში მცხეთაში შემდეგი ტაძრები აშენდა: სვეტიცხოველი დღევანდელი სახით - 1010-1129 წლებში, ხოლო სამთავროს საეკლესიო კომპლექსი - XI საუკუნის 30-იან წლებში.

1994 წელს ჯვრის ტაძარი, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარი და სამთავროს ტაძარი იუნესკომ მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში შეიტანა. 

ღირსშესანიშნაობები, რომლებსაც მცხეთის ირგვლივ შეხვდები

არა მარტო ქალაქ მცხეთაში, არამედ მცხეთის სოფლებშიც ბევრი ისტორიული, კულტურული და რელიგიური ძეგლი დაგხვდება, რომლებიც შენს ყურადღებას თავისი სიძველითა და მნიშვნელობით მიიქცევს.

მათ შორისაა ძალისის კომპლექსი - მცხეთიდან 20 კმ-ში, სოფელ ძალისის აღმოსავლეთით, მდ. ნარეკვავის ორივე ნაპირზე აღმოჩენილი ანტიკური ხანის სამეფო ნაქალაქარი, სადაც ძვ.წ. II და ახ.წ. VIII საუკუნეებში აქტიური ცხოვრება მიმდინარეობდა. 

ძალისის მეზობლადაა სოფელი მუხრანი, რომელიც ძვ.წ. III-II საუკუნეებში დიდი მცხეთის გარეუბანი იყო. აქ გადიოდა მნიშვნელოვანი სავაჭრო-სამიმოსვლო გზები ანტიკურ და განვითარებულ ფეოდალურ ხანებში და მან დიდი როლი შეასრულა ქართლის (იბერიის) სამეფოს წარმოშობაში. მუხრანის ბაგრატიონთა შტო ქართლს 1658-1724 წლებში განაგებდა.

VI საუკუნეში საქართველოში სჯულის საქადაგებლად 13 ასურელი მამა შემოვიდა, წმინდა იოანე ზედაზნელის წინამძღოლობით. ასურელ მამათაგან სამი (იოანე ზედაზნელი, შიო მღვიმელი და იასე წილკნელი) კი მცხეთის სიახლოვეს დამკვიდრდა. სწორედ მათ სახელებს უკავშირდება უძველესი რელიგიური ძეგლები, რომლებიც დღემდე მოქმედია. ესენია: ზედაზნის სამონასტრო კომპლექსი (VI-XIXსს); შიომღვიმის სამონასტრო ანსამბლი (VI-XIXსს) და წილკნის ღვთისმშობლის საეპისკოპოსო ტაძრის კომპლექსი (VI-XIXსს). 

მცხეთის მუნიციპალიტეტში ოფიციალურად 300-მდე კულტურის  ძეგლი, 30000-ზე მეტი არტეფაქტი და 50-ზე მეტი არქეოლოგიური უბანია აღრიცხული.

დღეს ქალაქი მცხეთა მუნიციპალური ცენტრია, რომელშიც 63 სოფელია გაერთიანებული. ქალაქ  მცხეთაში 8000-მდე ადამიანი ცხოვრობს. მცხეთის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის რაოდენობა 47 711 ადამიანს შეადგენს.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა