KA

ბორჯომი

მინერალურ წყალ „ბორჯომს“ (Borjomi) მსოფლიოს 32 ქვეყანაში შეხვდები და ის საქართველოს ერთგვარი სავიზიტო ბარათია. ქალაქი ბორჯომი კი საქართველოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კურორტია, სადაც სამკურნალო წყაროები, წიწვოვანი ტყეები და ჰაერი განსაკუთრებულად მარგებელი თვისებებით ხასიათდება.
რა დრო სჭირდება მგზავრობას:
თბილისი
2:00 სთ
ბათუმი
4:15 სთ
ქუთაისი
2:00 სთ

ბორჯომის ბუნება

ბორჯომში ზომიერად ცივი ზამთარი და ხანგრძლივი, თბილი ზაფხული იცის. აქ სასტუმროები წელიწადის ნებისმიერ სეზონზე ფუნქციონირებს, მათ შორის - 5-ვარსკვლავიანი სასტუმროები „ბორჯომი ლიკანი“ და საოჯახო სახლები.

ბორჯომის მთავარი სიმდიდრე ვულკანური წარმოშობის უნიკალური მინერალური წყალია, რომელიც უკვე 1500 წელია, მიწის ზედაპირზე 9-10 კმ სიღრმიდან ამოდის და სწორედ ასეთი წარმოშობა განაპირობებს ამ წყლის უნიკალურობას.

სამკურნალო დანიშნულებით ბორჯომის წყალს იყენებენ როგორც სასმელად, ისე გარეგანი მოხმარებისთვის - აბაზანებისთვის, გამორეცხვებისა და ინჰალაციებისთვის.

მინერალური წყლის გარეგანი გამოყენების ფორმები კი, მათ შორის: მარგალიტოვანი აბაზანები, მინერალური აბაზანები, წიწვიანი, ლავანდისა და სხვა მრავალი სახის აბაზანები ეფექტურია ძვალ-სახსართა სისტემის, გულის სისტემის, სასუნთქი ორგანოების დაავადებების დროს. ამასთანავე, აბაზანებს აქვს, ზოგადად, გამაჯანსაღებელი, გამაახალგაზრდავებელი და დამამშვიდებელი ეფექტი.

„ბორჯომის“ მინერალურ წყალი განსაკუთრებით სასარგებლოა კუჭ-ნაწლავის, ღვიძლის, ნაღვლის ბუშტის, თირკმელების, ჭარბი წონისა და ენდოკრინული სისტემის დაავადებების მკურნალობისთვის.

მკურნალობისა და რეკრეაციისთვის საინტერესოა ბორჯომის ირგვლივ არსებული სხვა კურორტებიც: ახალდაბა, წაღვერი, ცემი, ლიკანი, პატარა ცემი, ბაკურიანი და ციხისჯვარი.

რას ნახავ ბორჯომში?

ჯობს, ქალაქის დათვალიერება მარადმწვანე ბუნებაში ჩაფლული ბორჯომის ისტორიული პარკიდან დაიწყო. გრილი კლიმატი, დასასვენებელი ადგილების სიმრავლე, ატრაქციონები და მთავარი სიმდიდრე - მინერალური წყლის წყაროები, მათ შორის „ეკატერინეს წყარო“, რომელიც ყოველთვის იზიდავდა საქართველოს ნებისმიერი კუთხიდან ჩასულ დამსვენებელსა თუ უცხოელ ტურისტს.

ბორჯომის პარკში მდებარეობს მინერალური წყლების პირველი ჩამომსხმელი ქარხანა, რომელმაც ფუნქციონირება 1890 წელს დაიწყო. აქვეა პირველი ჰესი მთელ კავკასიაში, რომელიც 1899 წელს აშენდა.

პარკიდან 2.5 კილომეტრის სიგრძის, მონიშნული ბილიკის გავლით, შუაგულ ტყეში, სამკურნალო თვისებების მქომე, თბილი გოგირდის წყლით სავსე აუზებია. ტერიტორია კეთილმოწყობილია და თუ ბორჯომში დასვენებას გეგმავთ, აუცილებად უნდა ესტუმრეთ.

პარკის შესასვლელთან  მდებარე საბაგირო გზით კი შეგიძლია ქალაქს ზემოდან გადმოხედო და ხეობის ულამაზესი ხედებითაც დატკბე.

პარკში ასევე ფუნქციონირებს კაფეები, მცირე ზომის კვების ობიექტები და ატრაქციონები.

ბორჯომის ისტორიული წარსული

ამ მხარეს მდიდარი ისტორია აქვს. ბორჯომში შემორჩენილია შუა საუკუნეების ციხესიმაგრეები - პეტრეს ციხე და გოგიას ციხე. ბორჯომის სიახლოვესაა ქართული კულტურული მემკვიდრეობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ძეგლი, XIII საუკუნით დათარიღებული ტიმოთესუბნის სამონასტრო კომპლექსი, რომელიც უნიკალური არქიტექტურითა და ფრესკებით გამოირჩევა.

 ბორჯომიდან ორიოდე კილომეტრში კი, მწვანით შემოსილ ბუნებაში, წმინდა გიორგის მონასტერი დგას, რომელსაც ადგილობრივები „მწვანე მონასტერს“ უწოდებენ.

გაითვალისწინე, რომ საქართველოში მოგზაურობისას ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი აუცილებლად უნდა ნახო - ეს იდეალური ადგილია ლაშქრობებისთვის, ჯომარდობის, პიკნიკისა და უბრალოდ ველური ბუნების მოყვარულებისთვის.

ასევე აღსანიშნავია ტაბაწყური - ბორჯომიდან 60 კილომეტრში, ტბაში შეჭრილ ნახევარკუნძულზე გაშენებული სოფელი.

აქვეა კახისის ტბაც, რომელიც ერთ-ერთი პოპულარული ადგილია კარვებით ღამისთევისთვის, ლაშქრობისთვის.

ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი

ისტორიის მოყვარულთათვის ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი საუკეთესო ადგილია, რადგან ის ერთ-ერთი ყველაზე ძველია საქართველოში და აქ 40 000-ზე მეტი საინტერესო ექსპონატი ინახება (მათ შორის, რომანოვების საოჯახო კოლექციის მნიშვნელოვანი ნაწილი). შენობა, რომელშიც მუზეუმია განთავსებული, რუსეთის საიმპერატორო ოჯახის რომანოვების სახელმწიფო კანცელარიისთვის 1890 წელს გერმანელმა ინჟინერმა ვ. შვეიერმა ააშენა.

ბორჯომის არქიტექტურა

ბორჯომში უნიკალური არქიტექტურის ნიმუშებს შეხვდები - გეოლოგების სახლს, ვიწროლიანდაგიან სარკინიგზო გზას, რომელიც ბორჯომ-ბაკურიანის სიმბოლო და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. მას თავისი „კუკუშკა“ და გუსტავ ეიფელის მიერ დაპროექტებული ხიდი აქვს, რომელიც წაღვერი-ცემის მონაკვეთზე შეგხვდება. როგორც ცნობილია, ხიდი მიხეილ რომანოვმა საფრანგეთში ეიფელის კოშკის ავტორს გუსტავ ეიფელს შეუკვეთა.

ბორჯომის მახლობლად, ლიკანში, ძველი სასახლეც დგას - ნაგებობა, რომელიც გერმანელი არქიტექტორის მიერაა აშენებული; სასახლეში არსებული თითქმის ყველა ნივთი ანტიკვარულია. რუსული იმპერიული მმართველობის დროს აქაურობა რუსეთის სამეფო კარის საზაფხულო რეზიდენცია იყო. შემდეგ ამ სასახლეში სტალინი და კომუნისტური ნომენკლატურა ისვენებდა. 

როცა ბორჯომს ესტუმრები, კიდევ უფრო კარგად  მიხვდები, რატომაა ეს ადგილი ასეთი განსაკუთრებული და რატომ ირჩევდნენ მას დასასვენებლად ქართველი მეფეები და საბჭოთა ბელადები.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა