KA

სამეგრელო-ზემო სვანეთი

სამეგრელო-ზემო სვანეთი საქართველოს ერთ-ერთი ულამაზესი და საინტერესო მხარეა, რომელიც ქვეყნის ცენტრალურ ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში მდებარეობს და ორ უძველეს, ერთმანეთისგან განსხვავებულ ისტორიულ-გეოგრაფიულ ტერიტორიას მოიცავს - სამეგრელოსა და ზემო სვანეთს, მათი ცენტრები კი, შესაბამისად, ქალაქი ზუგდიდი და დაბა მესტიაა. ამ მხარეში აღმოაჩენ ქართული ხუროთმოძღვრების სხვადასხვა ეპოქის უნიკალურ ძეგლებს, რომლებიც ჩვენს საუკუნოვან ისტორიას შენ თვალწინ გააცოცხლებს, შეგაყვარებს აქაურ საკულტო შენობებს, ძირძველ ტრადიციებს. აქ იმოგზაურებ დაუჯერებელი სილამაზის, ხელუხლებელ ბუნებაში და დააგემოვნებ არჩვეულებრივ სამზარეულოს. ამ მხარეში მარშრუტის შედგენა ნამდვილად არ გაგიჭირდება.
რა დრო სჭირდება მგზავრობას:
თბილისი
5:30 სთ
ბათუმი
2:15 სთ
ქუთაისი
2 სთ

სამეგრელო

სამეგრელო დასავლეთ საქართველოს ცენტრალურ ნაწილში მდებარეობს, მოქცეულია შავ ზღვასა და მდინარეებს - რიონს, ენგურსა და ცხენისწყალს შორის. აქ ნოტიო სუბტროპიკული ჰავაა, უმეტესად უთოვლო ზამთარი და ცხელი ზაფხული იცის, უხვია მდინარეებით, ჭაობებით, წყაროებითა და ტბებით.

ამ ტერიტორიაზე ჯერ კიდევ ძვ. წ. VI-II საუკუნეებში კოლხეთის სამეფო არსებობდა, რომელსაც რეგულარული კონტაქტები ჰქონდა ბერძნულ სამყაროსთან. სწორედ კოლხეთის სამეფოს უკავშირდება იასონისა და არგონავტების მითი, რომელიც ბერძნული მითოლოგიის მოყვარულებმა კარგად იციან. 

ჩვენს წელთაღრიცხვამდე I საუკუნეში კოლხეთი რომაელების ბატონობის ქვეშ მოექცა. მოგვიანებით დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოების გაერთიანებით შექმნილი სამეფოს ნაწილი გახდა, შემდეგ ოდიშის სამთავროს წარმოადგენდა, XIX საუკუნეში რუსეთის პროტექტორატად გამოცხადდა, 1918 წელს დამოუკიდებელი დემოკრატიული ქვეყნის ნაწილი იყო, დღეს კი ისტორიული სამეგრელოს ტერიტორია სამეგრელო-ზემო სვანეთის ადმინისტრაციულ ერთეულს ეკუთვნის. მოიცავს აბაშას, მარტვილს, სენაკს, ჩხოროწყუს, წალენჯიხას, ხობსა და საპორტო ქალაქ ფოთს.

სამეგრელოს ბუნება

სამეგრელოს ბუნების აღმოჩენა კოლხეთის ეროვნული პარკიდან უნდა დაიწყო, რომელიც შავი ზღვის სანაპიროზე, პალიასტომის ტბის მიდამოებში მდებარეობს. ტბაზე გასეირნებას ნავებით, კატერით, პონტონით ან კაიაკით შეძლებ, დაათვალიერებ უნიკალურ კოლხურ ტყეს და ჭარბტენიან ტერიტორიებს, რომლებსაც დღეს იუნესკო იცავს; სათვალთვალო კოშკებიდან დააკვირდები ასამდე სახეობის გადამფრენ ფრინველს.

საოცარია მთიანი სამეგრელო. ფერად-ფერადი ტბების სანახავად წალენჯიხაში, ეგრისის ქედზე უნდა ახვიდე, ზღვის დონიდან 2650 მეტრზე - აქ მყინვარული ტბა ტობავარჩხილია, იქვეა მდინარე მაგანის ჩანჩქერები და პატარა ტბები.

აუცილებლად სანახავი ადგილების სიაში უნდა მოინიშნო ბუნების უნიკალური ძეგლები, როგორებიც არის ქუაქანცალია - წალენჯიხაში მისტიკურად მოქანავე 12-ტონიანი ლოდი; კაცობურის აღკვეთილი; ინწრის ხეობა; ონიორესა და ოჩხომურის ჩანჩქერები; ასევე მარტვილისა და ბალდის კანიონები.

ზღვაზე დასვენება თუ გსურს, მაშინ მალთაყვას და ანაკლიას მიაშურე.

სამეგრელოს ღირსშესანიშნაობები

ბევრი ტურისტი სამეგრელოში მოგზაურობას იმ ზღაპრული სასახლიდან იწყებს, რომელიც სამეგრელოს დედაქალაქ ზუგდიდში დგას და XVII საუკუნიდან რეგიონის სავიზიტო ბარათია. ეს იყო სამეგრელოს სახელგანთქმული მთავრების - დადიანების რეზიდენცია. სასახლეში ახლა სახელმწიფო მუზეუმია, სადაც მსოფლიო მნიშვნელობის სამუზეუმო ექსპონატები და რელიგიური სიწმინდეები ინახება.

არა მხოლოდ სამეგრელოს, არამედ მთელი საქართველოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ძეგლია ნოქალაქევი, რომლის ისტორიაც ძვ. წ. VIII საუკუნიდან იწყება და რომელიც ახ.წ. V-VI საუკუნეებში დასავლეთ საქართველოს დედაქალაქად იქცა.

სამეგრელოს ხანგრძლივ ისტორიას ინახავს ხუროთმოძღვრების საინტერესო ძეგლები - მარტვილის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარი (VII), ცაიშის საკათედრო ტაძარი (X-XI), კორცხელის ღვთისმშობლის ეკლესია (XVII), ხობის მონასტერი (XIII-XIV), აბედათის ციხესიმაგრე ( IV-VI) და ეკლესია (IX), რუხის ციხე (XVII), შხეფის ციხე (IV-XVI) და სხვა.

სამეგრელოშია ქვეყნის ყველაზე დიდი ჰიდროელექტროსადგური „ენგურჰესი“ - XX საუკუნის საქართველოს ურთულესი და უბრწყინვალესი ნაგებობა.

აქ, მდინარე ენგურზე, ნავებით გასეირნება და ექსკურსიების მოწყობაც არის შესაზლებელი შენობის შიგნით.

ზემო სვანეთი

როცა თოვს და გარემო თეთრად იპენტება, ირგვლივ ყველაფერი წვრილ ნაქარგებად ჩანს, ქვითა და ლოდებით ნაშენი კოშკები კი მისტიკური მდუმარების მცველებს ჰგავს. ეს სვანეთია - ზემო სვანეთი, საქართველო.

სამეგრელოდან მდინარე ენგურის ხეობას მიუყვება გზა ზემო სვანეთისკენ, რომლის ტერიტორია ენგურის სათავიდან იწყება და სამეგრელოს საზღვართან მთავრდება.

ზემო სვანეთის ბუნება

ზემო სვანეთი, მესტიის მუნიციპალიტეტი, მაღალმთიანი მხარე და ტურიზმისა და ალპინიზმის კერაა თავისი ალპური ბუნებით, კამკამა ტბებით, მდინარე ენგურითა და მისი სწრაფი შენაკადებით, ღვთაებრივი ჩანჩქერებითა და კავკასიონის დიდებული მწვერვალებით, როგორებიცაა: შხარა (5203 მ), ჯანღა (5078 მ), გისტოლა (4860 მ), თეთნულდი (4852 მ), წურუნგალა (4222 მ), აილამა (4547 მ), მაზერი (4012 მ), ჩათინი (4412 მ) და უშბა (4700 მ).

მესტიის სათხილამურო კურორტებზე - ჰაწვალსა და თეთნულდზე - დაუვიწყარი ზამთარი გელის. ხანმოკლე ზაფხულში კი აქაურობა ზღაპრულად ლამაზია და ლაშქრობისა და თავგადასავლებისთვის  უკეთეს ადგილს ვერც ინატრებ.

ზემო სვანეთის ღირსშესანიშნაობები

სვანეთის ერთ-ერთი მთავარი სანახაობა და მისი განუმეორებელი ეთნოგრაფიული კოლორიტი სვანური კოშკებია.

ცამდე ატყორცნილი მთების გარემოცვაში მდგარი 20-25 მეტრი სიმაღლის გოლიათები მეტრნახევრიანი სისქის კედლებით საუკუნეების განმავლობაში საიმედოდ იცავდა აქაურ მოსახლეობას, უძლებდა ნებისმიერი სიძლიერის ზვავსა და ნებისმიერ მტერს. კოშკების ოთხ-ხუთ სართულზე, რომლებიც ერთმანეთს ხის შიდა კიბით უკავშირდება, სვანები ოჯახებით ცხოვრობდნენ, კოშკის თავზე გვირგვინად დადგმულ ბაქანს კი საბრძოლო პლაცდარმად იყენებდნენ, თუმცა საქართველოს ეს მხარე მხოლოდ ამ საგანძურით არ გამოირჩევა.

დაიწყე სვანეთის გაცნობა მესტიის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმით, სვანეთის განძის უდიდესი ნაწილი სწორედ აქ არის თავმოყრილი. 

მესტიაშივეა ზემო სვანეთის საერთო სალოცავი - სეტის წმინდა გიორგის ეკლესია, სადაც დაცულია XII-XIII საუკუნეების ჯვრები და ხატები; მესტიის ფუსდის ეკლესიაში ნახავ XIII საუკუნის მხატვრობას; აუცილებლად უნდა მოინახულო ლაღამის მაცხოვრის ფერისცვალების ეკლესია - ერთნავიანი ორსართულიანი ბაზილიკა.

დაბოლოს, აუცილებლად დააგემოვნე გამორჩეული სვანური კერძები - უნიკალური სვანური მარილით შეზავებული კუბდარი, კუპატი, გასინჯე ყველიანი მჭადი ჭვიშტარი, სვანური ხაჭაპური, იქაური პური, თაფლი, ერთნახადი სვანური არაყი რახი და მიხვდები, რომ სვანეთის გასაცნობად ერთი ცხოვრება არ გეყოფა.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა