KA

სათხილამურო კურორტი ჰაწვალი

მესტია დასავლეთ საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში მდებარე მუნიციპალიტეტია, რომელიც მოგზაურებში საკმაოდ პოპულარული მხარეა. ჰაწვალი კი პირველი ტურისტული მიმართულებაა, რომელიც მესტიაში გაიხსნა. ეს არის ადგილი, სადაც აქტიური დასვენება შესაძლებელია როგორც ზამთარში, ისე ზაფხულში. ზღაპრული ხედები კი, რომლებიც ჰაწვალიდან იშლება, ნებისმიერ ადამიანს მოხიბლავს.
რა დრო სჭირდება მგზავრობას:
თბილისი
8:40 სთ
ბათუმი
5:35 სთ
ქუთაისი
5:05 სთ

„ფრი რაიდი“ ჰაწვალზე

ჰაწვალზე, ჯამში, 5 495 მეტრი სიგრძის სათხილამურო ტრასაა. ის ნებისმიერი კლასის მოთხილამურისთვისაა მისაღები, თუმცა ჰაწვალი გაუკვალავ თოვლში სრიალის უნიკალურ შესაძლებლობას იძლევა.

„ფორესტ ფრი რაიდი“ სწორედ ტყეში, გაუკვალავ თოვლში სრიალს ნიშნავს და ამ მხრივ ჰაწვალზე ნამდვილი სამოთხე დაგხვდება - სრიალის დროს პირდაპირ უშბის მასივს უყურე და მასთან ერთად კავკასიონის სხვა მწვერვალებზეც იშლება შთამბეჭდავი ხედი.

„ფრი რაიდის“ მარშრუტები მონიშნული არ არის, ამიტომ ჰაწვალზე სრიალი სერტიფიცირებულ გამყოლთან ერთადაა რეკომენდებული. 

ზაფხულის აქტივობები ჰაწვალზე

ზაფხულში ჰაწვალზე სასეირნოდ, სალაშქროდ, პიკნიკების მოსაწყობად, მთიდან ველოსიპედით დასაშვებად და პარაპლანით საფრენად ადიან. 

კურორტზე მუშაობს კაბინებიანი საბაგირო, რომლითაც მთაზე ველოსიპედებისა და ნებისმიერი მოწყობილობის ადვილად ატანაა შესაძლებელი. დაშვებით კი მიმდებარე სოფლებსა და მესტიაში მოხვდები, საოცარ გარემოში, სადაც კავკასიონის მწვერვალების სილამაზე ყოველ ჯერზე ახალ სიურპრიზს გპირდება.

პარაპლანით ფრენის დროს კი შენ თვალწინ იშლება მთელი სვანეთი, უშბა, იალბუზი და შეუდარებელი სვანური კოშკები.

ჰაწვალის ინფრასტრუქტურა

კურორტზე ორი საბაგიროა. ჰაწვალის საბაგირო ღია სავარძლებითაა, ხოლო ჰაწვალიდან ზურულდზე ასასვლელი - გონდოლებიანი, დახურული კაბინით. სასრიალო ადგილებამდე მეორე საბაგირო მიგიყვანს. სასრიალო ტრასა მესტიამდე ჯერჯერობით არ ჩამოდის, თუმცა სრიალისთვის აქ ბევრი სხვა ადგილიც დაგხვდება.

მესტიის მუზეუმიდან საბაგირომდე ფეხით სულ 15 წუთის სავალია. აქაური სასტუმროები მაღალი გამავლობის მანქანასაც შემოგთავაზებენ, თუკი გზის მანქანით გავლა გირჩევნია. 

საქართველოს ყველა სამთო-სათხილამურო კურორტზე ერთიანი აბონემენტების სისტემა მოქმედებს, რაც ერთი მრავალდღიანი ბილეთით მესტიის, გუდაურის, ბაკურიანისა თუ გოდერძის საბაგიროებით სარგებლობას გულისხმობს. 

ჰაწვალზე ორი რესტორანია - შუა საბაგიროსთან და საბაგიროს თავზე. ზედა სადგურთან, რომელიც 2345 მეტრ სიმაღლეზეა, ვიზიტორების საყვარელი კაფე „ზურულდი“ დაგხვდება, რომლის ტერასიდანაც მწვერვალების საუკეთესო ხედები იშლება. 

აქაურობა მართლაც რომ ზღაპარს ჰგავს, თუმცა კიდევ ერთი გამორჩეული სანახაობა ულამაზეს მესტიაში გელოდება, სადაც სვანური კერძების თანხლებით ადგილობრივები გასაოცარ ისტორიებს მოგიყვებიან.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა