KA
Dry Bridge Flea Market

მშრალი ხიდის ბაზრობა

თბილისის შუაგულში, დედაენის ბაღის, იუსტიციის სახლისა და ზაარბრიუკენის მოედნის მახლობლად, ერთი საინტერესო და ფერადი ადგილია - „მშრალი ხიდი“. ამ ხიდის ქვეშ მდინარე არ გაედინება და სწორედ ამიტომ ჰქვია ეს სახელი. აქ დახლებსა და პირდაპირ, ასფალტზე გაფენილ ფარდაგებზე  ბევრ საინტერესო ნივთს აღმოაჩენ.  
რეგიონი
თბილისი
ქალაქი
თბილისი

„მშრალი ხიდის“ ისტორია 

ხიდი 1847-51 წლებში იტალიელი არქიტექტორის ჯოვანი სკუდიერის პროექტით აიგო. მის ქვეშ მდინარე მტკვრის ტოტი გაედინებოდა. 1938 წელს ტოტი დააშრეს, ხიდი კი დარჩა და მშრალი ხიდი დაერქვა.

ხიდი ამ სახით გასული საუკუნის 50-იანი წლებიდან არსებობს, როცა აქ რამდენიმე ადამიანმა ძველი ნივთები გასაყიდად გამოიტანა. მალე ეს თითქოს ტრადიციად იქცა, გამყიდველების რიცხვმა იმატა და ძველმანებს მყიდველებიც გამოუჩნდნენ. ასე დამკვიდრდა თბილისში ბაზრობა „მშრალი ხიდის“ სახელით.

„მშრალი ხიდის“ ბაზრობა დღეს

ყოველდღიურად „მშრალი ხიდის“ ბაზრობაზე ასზე მეტი მოვაჭრე დგას და მათთან ნებისმიერი გემოვნებისა და ასაკის ადამიანი იპოვის სასურველ სუვენირს. საბჭოთა კიტჩი წარსულში გამოგზაურებს, წინაპრების სახლებს მოგაგონებს ან ძველ ფილმებში ნანახ სიუჟეტებს გაგახსენებს. ამის გამო, აქაურობას ბევრი მოგონების ბაზრობასაც უწოდებს. 

„მშრალ ხიდზე“  გამოფენილია მეორე მსოფლიო ომისდროინდელი მედლები, საბჭოთა სიმბოლიკიანი ნივთები, მინანქრის ნაკეთობები, ვერცხლის სამკაულები, ანტიკვარული ჭურჭელი, ძველი რადიომიმღებები, მუსიკალური საკრავები და სხვ.

ღია ცის ქვეშ მოწყობილ გამოფენაზე მხატვრებს საკუთარი ნამუშევრები გამოაქვთ. საახალწლო დღეებში ნაძვის ხის ძველ, მათ შორის, ხელნაკეთ სათამაშოებსაც შეარჩევ. „მშრალ ხიდზე“ აქა-იქ ხნიერ ხელოსნებსაც შეხვდები, რომლებსაც ბევრი საინტერესო თბილისური ისტორიის მოყოლა შეუძლიათ.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა