KA
St. Nicholas Church, Narikala

ნარიყალას წმინდა ნიკოლოზის ეკლესია

თბილისში საუკუნეების წინათ აგებულ უამრავ ხუროთმოძღვრულ ძეგლს ნახავ, რომლებიც შენ თვალწინ ისტორიას გააცოცხლებს. მათ შორის ერთ-ერთი გამორჩეულია წმინდა ნიკოლოზის ეკლესია.
რეგიონი
თბილისი
ქალაქი
თბილისი

სად მდებარეობს წმინდა ნიკოლოზის ეკლესია?

წმინდა ნიკოლოზის ეკლესია ნარიყალას უძველესი ციხესიმაგრის ტერიტორიაზე დგას. ნარიყალა გოგირდის აბანოებსა და ბოტანიკურ ბაღს შორის, ციცაბო კლდეზე მდებარეობს. ის თბილისსა და მდინარე მტკვარს გადმოჰყურებს. 

ადრე ნარიყალაზე ასვლა მხოლოდ გრძელი აღმართით იყო შესაძლებელი, მაგრამ ამჟამად საბაგიროთი ასვლასაც შეძლებ, რომლის ქვედა სადგურიც რიყის პარკში მდებარეობს.

წმინდა ნიკოლოზის ეკლესიის ისტორია

ნარიყალას წმინდა ნიკოლოზის ეკლესიას საინტერესო ისტორია აქვს.

ტაძარი თავდაპირველად XIII საუკუნეში, მეფე დემეტრე თავდადებულის დროს ააგეს, თუმცა 1818 წელს რუსეთის იმპერიის გენერალმა ერმოლოვმა ის იარაღის საწყობად აქცია. ამას კი აფეთქება მოჰყვა და ეკლესია თითქმის საძირკვლამდე დაინგრა.
                       

1966 წელს ნარიყალაზე არქეოლოგიური გათხრებისას ძველი ტაძრის ნაშთი აღმოაჩინეს და მის საძირკველსა და კედლებზე, 1997 წელს, ეს ახალი ტაძარი აიგო.

ეკლესია აშენებულია ძველი პროპორციებით, XIII საუკუნის გადარჩენილი ნაშთით,  ქართული აგურითა და ბოლნისის ტუფით. გარედან კი ის ჩუქურთმებით არის შემკული.  

ტაძარში ხატების დიდი ნაწილი ახალი დაწერილია, თუმცა აქ ვხვდებით XVII-XIX საუკუნეების ხატებსაც.

კიდევ რას ნახავ ნარიყალას ტერიტორიაზე?

ამ ტერიტორიაზე მეფის სასახლის ნაწილსაც ნახავ, რომლის აღდგენაც იგეგმება, ხოლო საიდუმლო გვირაბები და ციხე-კოშკები რესტავრირებულია. 
არქეოლოგებმა ეკლესიის ტერიტორიაზე 4 აკლდამაც აღმოაჩინეს.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა