KA

შალვა ამირანაშვილის სახელობის სახვითი ხელოვნების მუზეუმი

საქართველოში გასაოცარ ხელოვნების ნიმუშებს შეხვდები, რომელთა უმრავლესობა სხვადასხვა მუზეუმშია დაცული. ერთ-ერთი ასეთი გამორჩეული ადგილია შალვა ამირანაშვილის სახელობის სახვითი ხელოვნების მუზეუმი, სადაც შუა საუკუნეების ხანიდან XX საუკუნის ჩათვლით უძველესი ხელოვნების ნიმუშებს იპოვი.
რეგიონი
თბილისი
ქალაქი
თბილისი

რას ნახავ შალვა ამირანაშვილის სახელობის სახვითი ხელოვნების მუზეუმში?

„ოქროს ფონდი“ - VIII-XIX საუკუნეების ქართული ოქრომჭედლობისა და ტიხრული მინანქრის უნიკალური ნაკეთობები, შუა საუკუნეების მონეტები, თამარ მეფის ოქროს ჯვარი, მაცხოვრის უძველესი ხატი, შუა საუკუნეების ქართული არქიტექტურის, მონუმენტური ფერწერისა და მოზაიკის, ქანდაკების, ხატწერისა და ხეზე კვეთის ნიმუშები - ეს ზოგადი ჩამონათვალია იმ ექსპონატებისა, რომლებიც სახვითი ხელოვნების მუზეუმში შეგიძლია ნახო.  

სად მდებარეობს შალვა ამირანაშვილის სახელობის სახვითი ხელოვნების მუზეუმი?

აკადემიკოს შალვა ამირანაშვილის სახელობის სახვითი ხელოვნების მუზეუმი თბილისში, პუშკინის 2/4-ში მდებარე ისტორიულ შენობაშია განთავსებული. მუზეუმის ისტორიული შენობა 1835 წელს, იაკობ ზუბალაშვილის დაკვეთით, შვეიცარიელმა არქიტექტორმა ჯუზეპე ბერნარდაციმ ააგო. ის გვიანი კლასიციზმის უიშვიათესი ნიმუშია და 2007 წელიდან უძრავი ძეგლის სტატუსს ატარებს.   

თავად მუზეუმი 1920 წელს დაფუძნდა და კულტურული მემკვიდრეობის უმნიშვნელოვანესი განძთსაცავია, რომლის ექსპოზიცია დაახლოებით 140 ათას ექსპონატს მოიცავს. ვიზიტორთა განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს ცნობილი ქართველი მხატვრის ნიკო ფიროსმანის 152 ნახატისგან შემდგარი კოლექცია. 

გენიოსი ქართველი მხატვრების გარდა, მუზეუმში შეგიძლია დატკბე ლუკას კრანახის, ჟან შარდენის, მიხეილ ვრუბელის, ივანე აივაზოვსკისა და სხვა გამორჩეული ხელოვანების ნამუშევრებითაც.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა