KA

აბრეშუმის თეატრი

თბილისის ცენტრში, გმირთა მოედანთან, კოსტავას 59-ში, XIX საუკუნის შენობას შეხვდები, სადაც საბჭოთა ეპოქაში აბრეშუმის სართავი ფაბრიკა ფუნქციონირებდა, დღეს კი შენობის სივრცის დიდი ნაწილი ხელოვნებას ეთმობა. ამ თეატრის სახელიც აქედან მომდინარეობს.
რეგიონი
თბილისი
ქალაქი
თბილისი

რას ნახავ „აბრეშუმის თეატრში“?

„აბრეშუმის თეატრი“ 2010 წელს ცნობილმა ქართველმა რეჟისორმა რობერტ სტურუამ სპექტაკლ „კალასით“ გახსნა. შემდეგ დიდი მაესტრო „რუსთაველის თეატრს“ დაუბრუნდა, „აბრეშუმის თეატრში“ კი Silk Factory Studio შევიდა, რომელიც დღეს თეატრის სცენას ნებისმიერ ნიჭიერ ხელოვანს უთმობს. 

დარბაზი 200 მაყურებელზეა გათვლილი. 

სპექტაკლების გარდა, თეატრში პერიოდულად ეწყობა სხვადასხვა პერფორმანსი, რეპეტიცია, ვორკშოპი და შეხვედრა.

თეატრში დიდი ფოიედან შედიხარ. აქ მოწყობილ კაფეში შეგიძლია, სპექტაკლამდეც ჩამოჯდე ფინჯანი ყავის დასალევად და სპექტაკლის შემდეგაც - საკუთარი შთაბეჭდილებების გასააზრებლად. 

აბრეშუმის თეატრის რეპერტუარშია სპექტაკლები: „უკომენტაროდ“, „შინელი“, „საქართველო“, „სიმბიოზი“, „ვოიაჟორი“ „სახლი“, რომლებმაც უკვე ბევრი მაყურებლის მოწონება დაიმსახურა. 

თუ სპექტაკლის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე მიხვალ, შენობის იმავე სართულზე მდებარე აბრეშუმის გალერეაში ქართველი ან უცხოელი მხატვრების ნამუშევრების დათვალიერებასაც შეძლებ. აბრეშუმის გალერეაში მუდმივად ეწყობა საინტერესო გამოფენები და აქაურობას კარგად იცნობენ სახვითი ხელოვნების მოყვარულები და გალერისტები.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა