KA
2024-12-23T11:36:25.000000Z
ტურიზმის სტატისტიკა საქართველოში

ტურიზმის სტატისტიკა საქართველოში

საქართველო ძალიან მიმზიდველი პატარა ქვეყანაა დიდი ისტორიით, უნიკალური კულტურით, საოცარი რელიეფით, უგემრიელესი ღვინითა და მრავალფეროვანი სამზარეულოთი.
სარჩევი

ქვეყნის ფართობია 70 ათასამდე კმ2, ხოლო მოსახლეობის რაოდენობა, 2022 წლის 1-ელი იანვრის მდგომარეობით, თითქმის 3,7 მილიონს შეადგენს. მოსახლეობა მრავალეთნიკურია, მსხვილი ეთნოუმცირესობებით. მაგალითად, ეთნიკური აზერბაიჯანის თემი მოსახლეობის 6,2%-ია, სომხების კი - 4,5%.

საქართველო განვითარებადი ეკონომიკების ჯგუფს მიეკუთვნება, ერთ სულ მოსახლეზე $5015-იანი მთლიანი შიდა პროდუქტით. ქვეყნის ეკონომიკის ზრდაში უმნიშვნელოვანეს როლს ტურიზმი ასრულებს. ტურისტების რაოდენობა, პანდემიის პერიოდს თუ არ ჩავთვლით, ადგილობრივი მოსახლეობის რაოდენობას უკვე წლებია, ორჯერ და მეტად აჭარბებს.

ტურისტული საქართველო

შავი ზღვის სანაპიროდან კავკასიონის თოვლიან მწვერვალებამდე გადაჭიმულ საქართველოს წლიდან წლამდე მსოფლიოს უამრავი ქვეყნიდან სულ უფრო მეტი ტურისტი სტუმრობს. თუ 2015 წელს საქართველოში სულ 6,305,635 საერთაშორისო ვიზიტორი შემოვიდა, რაც იმ დროისთვის რეკორდული მაჩვენებელი იყო, 2019 წელს საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობამ ყველა დროის რეკორდი მოხსნა და 9,357,964 ადამიანი შეადგინა. შემდეგ დადგა პანდემიური 2020 და როგორც მთელ მსოფლიოში, ისე საქართველოშიც ტურისტული ინდუსტრია, ფაქტობრივად, გაჩერდა. სექტორში დასაქმებული უამრავი ადამიანი დარჩა უმუშევარი და ბიზნესებიც გაკოტრდა. მაგრამ 2022 წელს დარგმა გამოცოცხლება დაიწყო და იანვარ-ოქტომბრის პერიოდში საქართველოში 5,426,903 ვიზიტორი შემოვიდა. ეს იმას ნიშნავს, რომ პანდემიამდელი 2019-ის რეკორდული მაჩვენებელი 58%-ით აღდგა. 

ტურისტული გეოგრაფია

ტურისტული ნაკადები საქართველოში როგორც მეზობელი ქვეყნებიდან, ისე შორეული საზღვარგარეთიდან შემოდის. საკმაოდ აქტიურად სტუმრობენ საქართველოს აზერბაიჯანელები, სომხები, თურქები, უკრაინელები და რუსები. შემოდიან ევროკავშირის მოქალაქეები. ხშირად შეხვდებით საქართველოში ებრაელი ტურისტების დიდ ჯგუფებსაც. საქართველოს ღირსშესანიშნაობებს აქტიურად ათვალიერებენ იაპონელი, ტაილანდელი ტურისტები.

ყველაზე პოპულარული მიმართულებებია დედაქალაქი თბილისი, მცხეთა, კახეთი და აჭარა, თავისი თვალწარმტაცი საპორტო ქალაქ ბათუმით. 2022 წლის პირველ ნახევარში თბილისს 820 500 ტურისტი სტუმრობდა, აჭარას ამ დროს 548 400 სტუმარი ეწვია, მიუხედავად იმისა, რომ ზღვის სეზონი ჯერ არ იყო დაწყებული. ივლისიდან სექტემბრამდე პერიოდში კი ეს მაჩვენებელი ბათუმში და მთლიანად აჭარაში მნიშვნელოვნად გაიზარდა. 

ტურისტები აქტიურად მოგზაურობენ მაღალმთიან სვანეთშიც, ასევე მთიან თუშეთში, ხევსურეთსა და ყაზბეგში. მაღალია ინტერესი, აგრეთვე, იმერეთის, კახეთის, სამცხე–ჯავახეთის, ქვემო ქართლის, გურიისა და სხვა კუთხეებისადმი. 

ტურისტული სეზონები

იმის გათვალისწინებით, რომ საქართველო ტურისტებს წელიწადის ოთხივე სეზონზე იზიდავს, მათი განაწილება ქვეყნის რეგიონების მიხედვით სეზონურად განსხვავდება. 

ზამთრის სეზონზე ტურისტების განსაკუთრებული მიზიდულობის ცენტრებია გუდაურის, ბაკურიანის, მესტიისა და გოდერძის სათხილამურო ტრასები თავისი ინფრასტრუქტურით. 

შემოდგომაზე ტურისტებს განსაკუთრებით კახეთი ხიბლავს თავისი ღირსშესანიშნაობებით, სადაც ამ დროს ყურძნის მოსავალს იღებენ და 8 000 წლის ისტორიის მქონე ქართულ ღვინოებს აყენებენ. 

ზაფხულში ტურისტების ძირითადი ნაკადი ან შავი ზღვის სანაპიროზე მიდის დასასვენებლად, ან მაღალმთიან საქართველოს მიაშურებს. 

როგორც კი დასასვენებლად დროს გამონახავ, წელიწადის რა დროც არ უნდა იყოს, ჩამოდი საქართველოში, ქვეყანაში, საიდანაც მხოლოდ კარგი მოგონებებით წახვალ.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა