KA

ქუთაისი

ქუთაისი ქრისტეს შობამდე 1400 წლით ადრე დაარსდა და ის მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი ქალაქია. იგი საოცარი იუმორის, სითბოსა და სიყვარულის ადგილია. ამას ამბობს ყველა, ვისაც აქ ერთხელ მაინც უმოგზაურია.
რა დრო სჭირდება მგზავრობას:
მესტია
4:20 სთ
ბათუმი
2:15 სთ
თბილისი
3:30 სთ

ქუთაისის ისტორია

ქუთაისსა და მის შემოგარენში ადამიანი ქვედა პალეოლითის ხანიდან ცხოვრობდა. აქ აღმოჩენილია დინოზავრის ნაკვალევი და „ოქროს საწმისის“ მაძიებელი „არგონავტების“ კვალიც კი ამ ქალაქში მოდის. 

საუკუნეების განმავლობაში ქუთაისი ქვეყნის კულტურული და პოლიტიკური ცენტრი იყო, VIII საუკუნიდან XI საუკუნემდე კი - საქართველოს დედაქალაქი. 

სახელი „ქუთაისი“ სამი სიტყვისგან შედგება: ქვა, მთა და ისი - ქალაქი ქვასა და მთას შორის. განსხვავებულ ეპოქებში მას სხვადასხვა სახელით მოიხსენიებდნენ - აია, ქუთაია და ქუთათისიუმი. 

ქუთაისის ღირსშესანიშნაობები

ქუთაისში საუკუნე-ნახევარზე მეტი ხნის ბაღს - ბულვარს შეხვდები, რომელიც ქალაქის ცენტრალურ მოედანს უერთდება. დიდ ქართველ პოეტს, აკაკი წერეთელს ბულვარისთვის „ქუთაისის პარლამენტი“ უწოდებია, რადგან ინტელიგენცია აქ მნიშვნელოვან საკითხებზე სამსჯელოდ იკრიბებოდა. ტრადიცია დღესაც გრძელდება. 

აქვე, მოედანზე კოლხური შადრევანი დაგხვდება, რომელიც გაფორმებულია საქართველოში ვანის გათხრებისას აღმოჩენილი არტეფაქტების შესატყვისი 30 მოოქროვილი ფიგურით. 

ასევე უნდა ნახო ქუთაისის დრამატული თეატრის უნიკალური შენობა, რომელსაც ეროვნული კულტურის ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული.

აღსანიშნავია, რომ ბულვარის ბოლოში ქუთაისის ოპერისა და ბალეტის თეატრი დგას, რომლის სახურავზეც ქუთაისელი მოქანდაკის მიერ გაკეთებულ 13 რომაულ ფიგურას შენიშნავ. შედარებით ქვევით, მდინარე რიონის პირზე, იმერეთის მეფეთა რეზიდენცია „ოქროს ჩარდახია“; მაღლა, გორაზე, 1003 წელს ერთიანი საქართველოს სიმბოლოდ აგებული ბაგრატის ტაძარი მოჩანს. ისინი აუცილებლად უნდა იხილო, ისევე, როგორც UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი - გელათის სამონასტრო კომპლექსი და მოწამეთას არაჩვეულებრივი მონასტერი, რომლებთანაც ზამთარ-ზაფხულ წითელი მდინარე ჩამოედინება.

Როდესაც ამ ქალაქში მოხვდები აუცილებლად ეწვიე ქალაქის უბნებს, შეიარე ბოტანიკურ ბაღში და რიონის სიოსაც მიეგებე - ქუთაისის უძველეს „ჯაჭვის ხიდზე“, 1872 წელს საფრანგეთში დაპროექტებულ „თეთრ ხიდზე“ და „წითელ ხიდზე“, რომელიც პირველი რკინისგან აგებული ხიდია მთელ ამიერკავკასიაში. ამ ხიდებიდან რიონის კალაპოტში წამოწოლილ თეთრ ქვებს გადახედე. Სწორედ ამ დროს მიხვდები თუ როგორი ქალაქია ქუთაისი, რომელიც თავის მკვიდრ ღვაწლმოსილ ფოტოგრაფს ძეგლს უდგამს.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა