რაჭა-ლეჩხუმ - ქვემო სვანეთში ოთხი მუნიციპალიტეტია: ამბროლაურის (ქვემო რაჭა), ონის (ზემო რაჭა), ცაგერის (ლეჩხუმი), ლენტეხის (ქვემო სვანეთი). მხარეში არის 3 ქალაქი - ამბროლაური, ონი, ცაგერი, 2 დაბა - ლენტეხი და ხარისთვალა და 251 სოფელი. მხარის ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი ამბროლაური. 4954 კვ.მ ფართობის მქონე ეს მხარე უნიკალური ისტორიითა და ხუროთმოძღვრული ძეგლებით გამოირჩევა, აქ მრავალფეროვანი ბუნებაა, მწვერვალები, მღვიმეები, მდინარეები, ჩანჩქერები და ტბები.
ბერძნული მითოლოგიით, პრომეთესთან დაკავშირებული ხვამლის მთა, სადაც ღმერთებთან მებრძოლი მითური გმირი იყო მიჯაჭვული, სწორედ ცაგერის ტერიტორიაზე მდებარეობს. რაც შეეხება ისტორიულ წყაროებს, მათი მიხედვით, რაჭა-ლეჩხუმ - ქვემო სვანეთში ადამიანების ცხოვრების პირველი ნიშნები ქვის ხანით თარიღდება. ამ ტერიტორიებზე აღმოჩენილია ბრინჯაოსა და რკინის ხანის ნივთები. სვანეთში აღმოჩენილი ბრინჯაოს ხანის სპილენძის მაღაროები ადასტურებს, რა როლი ითამაშა მხარემ ამ მადნის მოპოვებასა და დამუშავებაში.
უძველესი სვანები მაღალი ხარისხის ბრინჯაოს იღებდნენ. ამ თვალსაზრისით გამორჩეული იყო მდინარე რიონის ზემო წელი, სადაც ბრინჯაოს წარმოების მსხვილი ცენტრები არსებობდა. სვანეთს უდიდესი როლი აქვს ოქროს წარმოების განვითარებაშიც. ადრეულ საუკუნეებში ეს მხარე კოლხეთის სამეფოს შემადგენლობაში შედიოდა და სავარაუდოდ მითი ოქროს საწმისის შესახებ სვანეთში ოქროს მოპოვების ტრადიციასაც უკავშირდება.
რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთი კარგად იყო დაცული როგორც ბუნებრივი პირობებით, ისე ციხესიმაგრეებით, რის გამოც მას ხშირად აფარებდნენ თავს მტრისაგან დევნილი მეფეები და დიდგვაროვანთა ოჯახები. ცაგერს, ისევე, როგორც სვანეთს, სამეფო განძსაცავსაც უწოდებდნენ.
რაჭა-ლეჩხუმ - ქვემო სვანეთშია ქართული ხუროთმოძღვრების შედევრი - ნიკორწმინდის ტაძარი, აქაა: ბარაკონი, ლაბეჭინა, მრავალძალის, გონის მთავარანგელოზის, სხიერის სამონასტრო კომპლექსი, ხოტევისა და მინდას ციხეები, კვარაციხე, ციკლოპური ნაციხარი, გონისა და ცხეთის წმ. გიორგის ეკლესიები, მურისა და ორბელიანის ციხესიმაგრეები, ონის სინაგოგა და ბევრი სხვა.
რაჭა-ლეჩხუმ - ქვემო სვანეთის უნიკალური ბუნება - მაღალი, საშუალო და დაბალი სიმაღლის ქედები, მრავალფეროვანი ტყეები, მღვიმეები, მდინარეები, ჩანჩქერები და ტბები სათავგადასავლო მოგზაურობის მოყვარულებისთვის დაუვიწყარი შთაბეჭდილებების ზადგილია. თუმცა პრომეთესთან დაკავშირებული ხვამლის მთა ბევრ მოგზაურში მისტიკურ განწყობასაც ტოვებს. მითებისა და მისტიკური ისტორიების მოყვარულებს ის ნამდვილად დააინტერესებს.
ხვამლის მთა ლეჩხუმში, ცაგერისა და წყალტუბოს მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზეა. ანტიკური წყაროების მიხედვით, ზევსის ბრძანებით, ხვამლზე, იგივე ხომლზე, მიაჯაჭვეს პრომეთე და მის დასახსნელად ჩამოვიდა აქ ჰერაკლე, ეს მთა იყო ბერძენი არგონავტების მოგზაურობის ადგილიც. ქართული ლეგენდის მიხედვით, ხვამლის მთა უდიდეს საიდუმლოს ინახავს. დაზუსტებით არავინ იცის, განძია საიდუმლოში ნაგულისხმევი თუ რამე სხვა.
რეგიონის სავიზიტო ბარათია შაორისა და ლაჯანის წყალსაცავები, რომლებიც ულამაზესი სანახავია. შთამბეჭდავია ნიკორწმინდისა და სხვავის კარსტული მღვიმეები, სიყვარულის, რაჩხისა და ჩქუმის ჩანჩქერები, ქულბაქის, უძირო და სასვანო ტბები.
დაუვიწყარია ლაშქრობა ბუბისა და კირტიშოს მყინვარებსა თუ ჭიორისა და ხიხათის მთებზე. გამორჩეული სანახავია საირმის სვეტები და ასხივის მასივი.
რაჭა-ლეჩხუმ - ქვემო სვანეთი მთაში დასვენების მოყვარულებისთვის ერთ-ერთი საუკეთესო ადგილია. აქ მრავლადაა სამკურნალო მინერალური წყლები და კლიმატურ-ბალნეოლოგიური კურორტები: შოვი, უწერა, ლაშიჭალა, ბუგეული და ა.შ. აქ მათივე სახელობის სამკურნალო წყლები მოიპოვება.
საქართველოში ვაზის 525 ჯიშია გავრცელებული და რაჭა-ლეჩხუმ - ქვემო სვანეთში მრავალ მათგანს ახარებენ. „ხვანჭკარა“, „ალექსანდროული“, „ოჯალეში“, „რაჭული თეთრა“ და სხვა აქაური ღვინოები ღრმა, საინტერესო გემოვნებით გამოირჩევა. საქართველოში და უკვე მსოფლიოში პოპულარობით სარგებლობს ქვემო რაჭის ღვინო „ხვანჭკარა“, ლეჩხუმში კი განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს ცოლიკაურის ჯიშის ყურძნისგან დაწურული „ტვიში“. ცალკე უნდა აღინიშნოს ერთ-ერთი ყველაზე ძვირფასი ქართული ღვინო - „უსახელოური“.
რაჭა-ლეჩხუმის ღვინოებთან ერთად, აუცილებლად დასაგემოვნებელია აქაური მდიდარი სამზარეულოს ნიმუშები: ხავიწი, ლორი, ლობიანი, წყალდასხმულა, ჯორმა, მაჭყვინარა და გამორჩეული სვანური კერძები: კუბდარი - ცომში მოთავსებული შესუნელებული ხორცით მომზადებული უგემრიელესი გულსართიანი; ჭვიშტარი – გამომცხვარი სიმინდის ფქვილის და წელვადი ყველის ნაზავი; ასევე თაშმიჯაბი - რომელიც კარტოფილითა და ყველით კეთდება.