KA

ბათუმი

ბათუმი ასეთად ამერიკის სტუმარმასპინძლობის მეცნიერების აკადემიამ ჯერ კიდევ 2012 წელს აღიარა, ჟურნალმა Forbes-მა კი „ხავერდოვან სეზონზე“ დასასვენებელი საუკეთესო კურორტების ხუთეულში შეიყვანა.  „ხავერდოვანი სეზონი“ ზღვაზე დასასვენებლად საუკეთესოდ მიიჩნევა, მაგრამ ბათუმი წელიწადის ნებისმიერ დროს გამორჩეულად გიმასპინძლებს - საქმიანი ვიზიტით ესტუმრები თუ დასასვენებლად, მარტო, მეგობრებთან თუ ოჯახთან ერთად, დიდი ხნით თუ მხოლოდ „უიკენდზე“.  
რა დრო სჭირდება მგზავრობას:
თბილისი
5:30 სთ
ქუთაისი
2:15 სთ
მესტია
4:45 სთ

სად მდებარეობს ბათუმი?

ბათუმი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციული ცენტრია და შავი ზღვის სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპიროს მსხვილი საერთაშორისო ნავსადგური.   

ბათუმი დედაქალაქიდან 350 კმ-ში, დასავლეთ საქართველოში მდებარეობს და იქ მოხვედრა ევროპიდან თუ აზიიდან საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო ტრანსპორტითაა შესაძლებელი.  

ბათუმის ღირსშესანიშნაობები

ბათუმი ცნობილია თავისი უძველესი პორტით, არქიტექტურით, ევროპული მოედნებითა და ამ მოედნებზე დაბინავებული საოცარი სკულპტურებით. ერთ ასეთს - სალამურიან ბიჭუნას, ქალაქის ერთგვარ სიმბოლოს, ძველ ბათუმში იპოვი, ისტორიული სახლის აგურის ნიშაში.

აუცილებლად დაათვალიერე იქვე მდებარე ბათუმის პიაცაც, მოინახულე ქორწინებისა და იუსტიციის სახლები, ანბანის კოშკი, ნეპტუნის შადრევანი, მედეას ქანდაკება, ასტრონომიული საათი, ბათუმის ცნობილი კოლონადები, 1863 წელს აგებული შუქურა, საოცარი ქანდაკებები - „ალი და ნინო“ და „როტაცია“. 

ბათუმის ბულვარშიც უნდა გაიარო და ქალაქის ისეთი ძეგლებიც მოინახულო, როგორიც ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძარი, ბათუმის მეჩეთი - ორთა ჯამე და ბათუმის სულიწმიდის სახელობის კათოლიკური ეკლესიაა. 

პოპულარული აქტივობები

ბათუმში პოპულარული ფესტივალები და კონცერტები იმართება. Maroon5-ის კონცერტს აქ 30 ათასზე მეტი ადამიანი დაესწრო მსოფლიოდან. ყოველწლიურად ბათუმში იმართება „შავის ზღვის საერთაშორისო ჯაზფესტივალი“, რომელსაც სხვადასხვა დროს სტუმრობდნენ: მარკუს მილერი, ტანია მარია, მასეო პარკერი, როი ჰარგროვი, მეისი გრეი, სტენლი ჯორდანი, ლარი გრეჰემი, ჯონ სკოფილდი, ელ ჯერო, მაიკ სტერნი, ვიქტორ ვუტენი, სნუპ დოგი, ლივ უორფილდი, ლიზა სტენფილდი, ქვინსი ჯონსი, ჯამიროქვაი და კიდევ არაერთი ვარსკვლავი.

გართობის მოყვარულებისთვის ბათუმში მუშაობს: აკვაპარკი, საცხენოსნო კლუბი, დელფინარიუმი, დაივინგცენტრი, პანორამული ბორბალი, გელოდებათ საზღვაო და ველოგასეირნებები, ფლაიბორდი, პარაპლანი. 

ყველა ამინდში სასურველი ქალაქი 

არსებობს ქალაქები, სადაც შვებულებას წვიმაც ვერ გაგიფუჭებს? დიახ, ბათუმია ასეთი და ამას თავადაც მიხვდები, თუკი მოკირწყლულ ქუჩებზე შენი ნაბიჯების ხმას წვიმის წვეთები აჰყვება და იგრძნობ, ზღვის, აკაციისა და მაგნოლიის სურნელს როგორ ერევა კაფეებიდან გამოსული, ქვიშაზე მოხარშული ყავის ოხშივარი.  

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა