KA

უქმე დღეები საქართველოში

ქვეყნისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი სამოქალაქო თუ რელიგიური დღესასწაულები კანონებით რეგულირდება და უქმეებადაა გამოცხადებული. ამ დღეებში სახელმწიფო დაწესებულებები და კერძო სექტორის დიდი ნაწილი არ მუშაობს, მათ შორის - ბანკებიც. სამაგიეროდ, განსაკუთრებული დატვირთვა აქვს რესტორნებს, კაფე-ბარებს, ღამის კლუბებსა თუ ტურისტულ სააგენტოებს. ხალხმრავლობაა მაღაზიებსა და ბაზრობებზე. 

უქმე დღე საქართველოში სულ 15-ია. აქედან 13 კანონით ზუსტად არის დადგენილი. ესენია: 

1 და 2 იანვარი - ახალი წლის დღესასწაული; 

7 იანვარი - ქრისტესშობა; 

19 იანვარი -  ნათლისღება; 

3 მარტი - დედის დღე; 

8 მარტი - ქალთა საერთაშორისო დღე; 

9 აპრილი - საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის მიღების, ეროვნული ერთიანობის, სამოქალაქო თანხმობისა და სამშობლოსათვის დაღუპულთა მოგონების დღე; 

9 მაისი - ფაშიზმზე გამარჯვების დღე; 

12 მაისი - ყოვლად წმინდა ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღე; 

26 მაისი - საქართველოს ეროვნული დღესასწაული - დამოუკიდებლობის დღე, რომელიც სამხედრო აღლუმით აღინიშნება;

28 აგვისტო - მარიამობა; 

14 ოქტომბერი - მცხეთობა; 

23 ნოემბერი - გიორგობა.

უქმეები ცხადდება სააღდგომო დღესასწაულისთვისაც, რომელიც მოძრავია, წითელი პარასკევიდან იწყება და ორშაბათს, მიცვალებულთა მოხსენიების დღით სრულდება.   

რელიგიური დღესასწაულები

გარდა ამ დღეებისა, არის რელიგიური დღესასწაულები, რომლებიც უქმეებად არ ცხადდება, მაგრამ აღინიშნება. 

მართლმადიდებლებისთვის ასეთი დღესასწაულებია:​

6 მარტი - მიტევების დღე; 

7 აპრილი - ხარება; 

ბზობა - ის აღდგომის წინა კვირა დღესაა; 

ლომისობა - ის სულთმოფენობის მომდევნო ოთხშაბათსაა. ისევე როგორც სულთმოფენობა, ისიც მოძრავი დღესასწაულია და  აღდგომის თარიღიდან ითვლიან. ლომისობა განსაკუთრებული წეს-ჩვეულებებით აღინიშნება მთაში; 

19 აგვისტო - ფერისცვალება, როცა ქართველები სუფრაზე ყველანაირ ხილს ალაგებენ, სანთლებს ანთებენ და მიცვალებულებს მოიხსენიებენ; 

17 დეკემბერი - ბარბარობა, რომელსაც ბედობასაც უწოდებენ, აცხობენ ლობიანებს და მეკვლეს ელოდებიან;

21 მარტს ნოვრუზ ბაირამს აღნიშნავენ საქართველოს მუსლიმები; 

18-26 დეკემბერს იმართება ებრაული დღესასწაული ჰანუკა; 

25 დეკემბერს კი ქართველი კათოლიკეები ქრისტესშობას ზეიმობენ. 

საერო დღესასწაულები

საქართველოს დღესასწაულებიდან განსაკუთრებით საინტერესოა ცალკეული ქალაქებისა თუ სოფლების დღესასწაულები. ერთ-ერთი ასეთია თბილისობა, რომელიც ყოველი წლის ოქტომბრის ბოლო შაბათ-კვირას იმართება. ქალაქის ისტორიულ უბანში ღია ცის ქვეშ ეწყობა ტრადიციული მუსიკისა და ცეკვის კონცერტები, კულტურული ღონისძიებები, ქალაქის სხვადასხვა უბანში მოწყობილ ბაზრობებზე კი გამოტანილია პროდუქტი საქართველოს ყველა კუთხიდან. 

2 მაისს ქუთაისობას, იგივე „გვირილობას“, აღნიშნავენ. ამ დღესასწაულს საინტერესო ისტორია აქვს. XX საუკუნის 20-იან წლებში 2 მაისს ქუთაისელმა გიმნაზიელმა გოგონებმა ტუბერკულოზით დაავადებული ადამიანების დასახმარებლად სახელდახელოდ დაკრეფილი გვირილები გაყიდეს და თანხა შეაგროვეს. მას შემდეგ გვირილობა ქუთაისში ყოველწლიურად კულტურული ღონისძიებებით აღინიშნება და ქალაქის ქუჩებში გიმნაზიელების ფორმაში გამოწყობილი და გვირილებით ხელდამშვენებული გოგონებიც დადიან.     

7 ნოემბერს ერეკლეობას აღნიშნავს თელავი, შემოდგომაზე ბათუმობას ზეიმობენ აჭარაში, აგვისტოში -თუშეთობას ომალოში, სექტემბერში - შატილობას ხევსურეთში, გაზაფხულზე - ლამპრომას სვანეთში, ტრადიციული სააღდგომო ლელო იმართება გურიის სოფელ შუხუთში და ა.შ. საქართველოს სოფლებსაც თავიანთი დღესასწაულები აქვთ, რომლებიც მხიარული შეჯიბრებებითა და აღნიშვნებით სრულდება.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა