KA
თავგადასავლები საქართველოში

თავგადასავლები საქართველოში

გინდა, დამღლელი, რუტინული სამუშაოს შემდეგ თავს ნამდვილი თავგადასავალი მოუწყო? თან - არაერთი! უღრან ტყეშიც იარო, მდინარეებზეც იჯომარდო, მთებისა და კლდეების მწვერვალებიც დალაშქრო და იქიდან თხილამურებითაც დაეშვა?

გინდა, სტალაქტიტებსა და სტალაგმიტებს, კლდეში გამოკვეთილ ქალაქებში იმოგზაურო და ქვევრში დავარგებული ღვინო დააგემოვნო? ცას შეგიძლია მისწვდე - ულამაზესი პეიზაჟების თავზე პარაპლანით გადაიფრინო.

ამისთვის მხოლოდ ერთი რამაა საჭირო - მხარზე ზურგჩანთა მოიგდო და საქართველოში ჩამოხვიდე.

საქართველო - თავგადასავლების სივრცე

საქართველო, ერთი შეხედვით, პატარა ქვეყანაა, მისი ფართობი სულ რაღაც 70 ათას კვ.მ-ამდეა, თუმცა ეს არის ქვეყანა, სადაც შეგიძლია დაუვიწყარი მოგონებები დააგროვო. 

ტყეები

საქართველო მთაგორიანი ქვეყანაა, ამიტომ, სადაც არ უნდა იყო, მცირე მანძილს გაივლი თუ არა, ტყეში აღმოჩნდები. თუ ლაშქრობა გიყვარს, კარგი იქნება, მოგზაურობა დაცულ ტერიტორიებზე დაგეგმო. საქართველოში 14 სახელმწიფო ნაკრძალი, 13 ეროვნული პარკი, 24 აღკვეთილი და 3 დაცული ლანდშაფტია. ეს იმას ნიშნავს, რომ ყველგან, სადაც წახვალ, ხელშეუხებელი ბუნება დაგხვდება იშვიათი ჯიშის ხეებით, წითელ წიგნში შეყვანილი ცხოველებითა და ფრინველებით, ანკარა მდინარეებით, მრავალფეროვანი ყვავილებით მოფენილი მინდვრებით, ტბებითა და ჩანჩქერებით, სიცოცხლით რომ აგავსებს.

არ აქვს მნიშვნელობა, ფეხით მოგზაურობას აირჩევ, ცხენით თუ ველოსიპედით (ეს ტურები საქართველოში კარგადაა განვითარებული) - აქ არსებული ტურისტული ბილიკები მოგზაურობას გაგიმარტივებს. ლაშქრობით დაღლილს კი შესაფერის ადგილზე კარვის გაშლის, კოცონის აგიზგიზებისა და ქართული ცის ღამის სიღრმეში ჩაძირვის სრული ბედნიერება გელოდება.

მთები

ექსტრემალური თავგადასავალი გხიბლავს და მთების დაპყრობის სურვილით ხარ შეპყრობილი? ამ შემთხვევაში წელიწადის დროს არ აქვს მნიშვნელობა - კავკასიონის მთები თავგადასავლების ნამდვილი ასპარეზია. აქ გალოდება დიდი კავკასიონის და ევროპის უმაღლესი მწვერვალები, შხარა, ყაზბეგი, თეთნულდი, უშბა - მათი ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს.

ზამთარი საქართველოში ევროპული სტანდარტების სათხილამურო კურორტების ფართო არჩევანსაც გთავაზობს და გაუკვალავ თოვლში სრიალის შესაძლებლობასაც გაძლევს, ჰელისკით იქნება ეს თუ სკიტურით. სნოუბორდი, თოვლმავლები, თხილმარი - კიდევ ბევრი ზამთრის აქტივობა გელის ქართულ კურორტებზე: გუდაურში, მესტიაში, გოდერძიზე თუ ბაკურიანში.

მდინარეები, ჩანჩქერები, ტბები

საქართველოს მდინარეების უმრავლესობა მთებში იღებს სათავეს და გაუვალ ჭიუხებში მიედინება, ამიტომ, თუკი ამაღელვებელი შეგრძნებების მოყვარული ხარ, თავი ჯომარდობაშიც უნდა გამოცადო. ქართველი მოჯომარდეები საჭირო აღჭურვილობას თავად დაგახვედრებენ და 1-3 კატეგორიის სირთულის მდინარეებზე დაშვებაში დაგეხმარებიან.

საქართველოს ათობით ტბისა და ჩანჩქერის მრავალფეროვნებაზე აღარ შევჩერდები - მათი ნახვა საუვიწყარ მოგონებად გექცევა. დავამატებ მხოლოდ, რომ საქართველოში არის მდინარეები, მაგალითად, მტკვარი, სადაც გასეირნებას დამწყები მოჯომარდეც შეძლებს. 

საქართველოს მდინარეებზე კაიაკინგით დაშვებაცაა შესაძლებელი. 28 მარშრუტი მაინც გვაქვს, რომლებზედაც აპრილიდან ნოემბრის ბოლომდეა შესაძლებელი დაშვება. აბაშისწყალს კი ამ სიამოვნებისთვის მთელი წლის განმავლობაში შეგიძლია მიაკითხო. 

კანიონები

საქართველოში ვულკანოგენურ ქანებში ჩაჭრილი ოკაცეს, მარტვილის, დაშბაშისა და კიდევ მრავალი კანიონი იშვიათი ბიომრავალფეროვნებით დაგახვევს თავბრუს. მით უფრო, რომ აქაური კანიონინგი სხვადასხვა თავგადასავალს მოიცავს - ლაშქრობას, ჩანჩქერებზე თოკით დაშვებას, ცოცვას, ცურვას, კლდიდან გადმოხტომას და სხვა.

იმერეთში, სამეგრელოში, რაჭა-ლეჩხუმსა და აჭარაში არის ისეთი, ჩანჩქერებიც, რომლებზე უსაფრთხოდ დაშვებასაც, გამოცდილ ინსტრუქტორებთან ერთად, მოზარდებიც შეძლებენ.

მღვიმეები და გამოქვაბულები

იცოდი, რომ მსოფლიოში ყველაზე ღრმა გამოქვაბულები საქართველოშია? საერთოდ, საქართველოში 30-ზე მეტი მღვიმე და გამოქვაბულია. პრომეთეს, სათაფლიის, ნავენახევის, თეთრას კარსტული მღვიმეები - ეს არასრული ჩამონათვალია ბუნების იმ საოცრების, სადაც განსაკუთრებულ და ულამაზესი ფორმის სტალაგმიტების, სტალაგნატებისა და სტალაქტიტების სამყაროში მოხვდები. სათაფლიის მღვიმეში კი საკუთარი თვალით ნახავ დინოზავრების ნაკვალევს.

თავგადასავალი ამით არ სრულდება - ვარძია, უფლისციხე, გარეჯის უდაბნო, ქვახვრელის გამოქვაბულების კომპლექსი და ქვაში გამოკვეთილი კიდევ მრავალი ქალაქი თუ მონასტერი გელოდება საქართველოში, ისტორიაში რომ გამოგზაუროს.

შავი ზღვა  

ზღვა ხომ თავისთავად თავგადასავალია, მაგრამ საქართველოს ულამაზესი სანაპიროები მხოლოდ ცურვა, რუჯი და მზის მშვენიერი ჩასვლა არაა - აქ კატერებით ტალღებს გაეჯიბრები და  პარაპლანით შავი ზღვის მთელ სივრცეს დაიპყრობ. 

და მაინც, რატომ საქართველო?

პარაპლანი, ზიპლაინი, კაიაკინგი, ჯომარდობა, კანიონინგი, ჰელისკი, სკიტურები, მთამსვლელობა, ლაშქრობა, ცხენებით ჯირითი, კიდევ ბევრი სხვა რამ და ყველაფერ ამასთან ერთად - განთქმული სტუმარმასპინძლობა, უგემრიელესი და მრავალფეროვანი ქართული სუფრა, თამადის საოცარი ტრადიცია, განუმეორებელი ქართული ცეკვა და სიმღერა.

კიდევ არის საჭირო რამე, რომ საქართველოში დაუვიწყარი თავგადასავლებისთვის ჩამოხვიდე?

 

    ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
    Cookie პოლიტიკა