გარეჯის მთის ნახევრად უდაბურ კალთებზე 25 კილომეტრის მანძილზეა გადაჭიმული კლდეში ნაკვეთი მღვიმეები, 20-ზე მეტი ისტორიული ძეგლი, 5000-მდე კელია, კლდეში გაჭრილია წყალშემყვანი არხები და ასევე გაკეთებულია რეზერვუარები.
დავითგარეჯის მონასტერი VI საუკუნის I ნახევარში დააარსა ასურელმა მამამ დავით გარეჯელმა. ხშირად აქაურობას „მეორე იერუსალიმსაც“ უწოდებენ, რადგან, გადმოცემის მიხედვით, წმინდა დავით გარეჯელს იერუსალიმის „მადლის ქედიდან“ ქვა წამოუღია, რომელსაც სასწაულმოქმედი ძალა ჰქონია, და გარეჯის მონასტერში დაუსვენებია.
მას შემდეგ, საუკუნეების მანძილზე, მონასტრების რაოდენობა მუდმივად იზრდებოდა და ასე შეიქმნა მთელი სამონასტრო კომპლექსი.
შუა საუკუნეებიდან მოყოლებული დავითგარეჯის სამონასტრო კომპლექსი ქართული ქრისტიანული კულტურის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კერა იყო.
დავითგარეჯის გამოქვაბულებში შემონახულია უდიდესი მნიშვნელობის ფრესკები ისტორიულ პირთა პორტრეტებით, მათ შორის, წმინდა დავით აღმაშენებლის - ნათლისმცემლის უდაბნო-მონასტერში; თამარ მეფისა და ლაშა-გიორგის – ბერთუბნის მონასტერში;
მიუხედავად მტერთა მუდმივი შემოსევებისა, სამონასტრო კომპლექსი დღესაც დიდებული სანახავია.