KA
Musicians Park

მუსიკოსების პარკი

მუსიკას განსაკუთრებული ძალა აქვს - ის ჩვენში ემოციებს აღძრავს, რასაც პატარა მომენტების დაუვიწყარ ისტორიებად ქცევა შეუძლია. ულამაზესი ხედებისა და სიმწვანეში ჩაფლული ლანდშაფტების ფონზე მოსმენილ ჰანგებს კი თითქოს სასწაულებრივი ძალა აქვს - ოცნებებს რეალობად აქცევს და მარადიულ ბედნიერებას გგვრის. სწორედ ასეთ გამოცდილებას მიიღებ სოფელ შეკვეთილში, საქართველოს ყველაზე დიდი საკონცერტო დარბაზის „ბლექ სი არენას“ გვერდით მდებარე პარკში, რომელსაც მუსიკოსების პარკი ეწოდება.
რეგიონი
გურია
კურორტი
შეკვეთილი

რას ნახავ მუსიკოსების პარკში?

ზღვასთან ახლოს, მწვანე პარკში, ბილიკზე რომ გაისეირნებ, შენ წინ ფრენკ სინატრას სკულპტურას დაინახავ. როდესაც მიუახლოვდები, მის „My Way-ს“ გაიგონებ, ცოტას რომ გაივლი, ფენომენალური ლუი არმსტრონგიც შეგხვდება, რომელიც თავის „What a Wonderful World-ს“ გიმღერებს და გულისცემაც აგიჩქარდება. იქვე გია ყანჩელის „ის აქ არის“ - ოთხ ბგერაში ჩატეული მარადიული სიყვარულის სიმბოლოც გაისმება და მიხვდები, რომ აქაურობა არა მხოლოდ მელომანებისთვის, არამედ ნებისმიერი გემოვნების ადამიანისთვისაც საუკეთესო თავგადასავალია. 

მუსიკოსების პარკი, „ბლექ სი არენას“ დარბაზთან ერთად, 2016 წელს გაიხსნა, სადაც  ქართველი და უცხოელი მუსიკოსების 35 სკულპტურა დგას და აქ მათი ხელოვნებაა გაცოცხლებული.

როგორ გამოიყურება მუსიკოსების პარკი?

პარკის ფართობი 21 ჰექტარია, გაშენებულია უნიკალური ჯიშის მცენარეები, კოის წყლის ბაღი, რაც იაპონური, დეკორატიული თევზია - სხვადასხვა კულტურაში ბედნიერებისა და კეთილდღეობის მომტანი არსება. 

„მუსიკოსების პარკში“ ყველაფერი ხელოვნებაა - ხეში გამოკვეთილი ფიგურები, სკამები, მოსასვენებელი სივრცეები… 

საღამოობით 1300 კვ.მ ფართობზე გაშენებული, გრანდიოზული, სამნაწილიანი მომღერალი შადრევანი ირთვება და მისი ლაზერშოუ - წყლის ფარდაზე ვიდეო და ფოტოგამოსახულებების ჩვენება იწყება.

პარკი ყოველდღე, 07:00-00:00 საათებში მუშაობს და აქ ხასხასა ბალახზე დასასვენებლად დღის ნებისმიერი მონაკვეთი გასაოცარი ემოციების მომტანია.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა