KA
2024-12-21T11:33:52.000000Z
უნიკალური ქართული ანბანი

უნიკალური ქართული ანბანი

საისტორიო წყაროები, ძველ ტაძრებზე, სამარხებსა თუ სტელებზე აღმოჩენილი წარწერები დღემდე მეცნიერთა კვლევისა და დავის საგანია, თუმცა დადასტურებულია, რომ ქართული ანბანი ერთ-ერთი უძველესი, სრულყოფილი ანბანური სისტემაა.
სარჩევი

ქართული ანბანის  განვითარების საფეხურები

ქართულმა ანბანმა თავისი ხანგრძლივი არსებობის განმავლობაში სამი საფეხური განვლო: ასომთავრული (ხუცური ასომთავრული, ანუ მრგლოვანი), ნუსხური (ხუცური, ნუსხა-ხუცური, კუთხოვანი) და მხედრული. თითოეული მათგანი თავისი დამახასიათებელი გრაფიკული სტილით გამოირჩევა. ქართული ანბანის ეს ცვლილებები საუკუნეების განმავლობაში წარმოქმნილმა სხვადასხვა ფაქტორმა განსაზღვრა.  

წერილობითი წყაროები

უძველესი წერილობითი ძეგლები, რომლებმაც ჩვენამდე მოაღწია, V საუკუნეს მიეკუთვნება. ბოლნისის სიონის ტაძრის წარწერა 493-494 წლებით თარიღდება. XX საუკუნის 50-იან წლებამდე ის უძველესად მიიჩნეოდა. 1952-1953 წლებში იტალიელმა არქეოლოგმა ვირჯილიო კორბომ პალესტინაში, იუდას უდაბნოში, ბეთლემის მახლობლად,  ქართული მონასტრის ნანგრევები აღმოაჩინა სამი ქართული წარწერით. ორი მათგანი  V საუკუნის პირველი ნახევრით (428-432 წ.) თარიღდება. 

ქართულ დამწერლობას რომ უფრო ხანგრძლივი ისტორია აქვს, ამის მაგალითია, აგრეთვე, XX საუკუნის ბოლოს ნეკრესის ნაქალაქარის (კახეთი, ყვარლის რაიონი) არქეოლოგიური ექსპედიციის მიერ აღმოჩენილი ქართული წარწერები, რომლებიც წინაქრისტიანული  ეპოქის  ძეგლებად არის მიჩნეული.

სამეცნიერო კვლევები 

სამეცნიერო წრეებში დღემდე არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი იმის შესახებ, რომ დამწერლობა ქართველებმა V საუკუნეზე გაცილებით ადრე შექმნეს. ქართველი მეცნიერი ივანე ჯავახიშვილი ხანგრძლივი კვლევის შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ ქართული ანბანის წარმოშობის სათავეები წარმართულ, ქრისტიანობამდელ ხანაშია საძიებელი. 

ანტიკური პერიოდის ბერძნულ-რომაულ წყაროებში არაერთი ცნობა მოიპოვება იმის შესახებ,  რომ ქართველებს (კოლხებს) წინაქრისტიანულ ეპოქაში ჰქონდათ დამწერლობა. ასეთი რამ იკითხება პერგამონელის (II ს.), როდოსელისა (IV ს.) და სხვა ისტორიკოსების მიერ დაწერილ საისტორიო წყაროებში. პროფესორი რამაზ პატარიძე გარკვეულწილად ეთანხმება ამ მოსაზრებას და ქართული ასომთავრული ასო-ნიშნების გრაფიკულ ანალიზზე დაყრდნობით ასაბუთებს, რომ  ქართული დამწერლობა ფინიკიური დამწერლობის საფუძველზე  ქრისტესშობამდე მეხუთე საუკუნის დასასრულს ქართველ ქურუმთა მიერ არის შექმნილი.       

სამი განსხვავებული დამწერლობა 

უძველესი ქართული დამწერლობაა ასომთავრული, რომლის ნიმუშებიც ადრეულ ისტორიულ ძეგლებზე გვხვდება. მათ შორისაა: დავათის სტელა (367), პალესტინის 433 წლის ბაკურისა და გრი-ორმიზიდის წარწერა, ბოლნისის სიონის 493-494  წლების სამშენებლო წარწერა, V-VI საუკუნეების პალიმფსესტური ხელნაწერები. მოხაზულობისა და ფორმების გამო, მას „მრგლოვანიც“ ეწოდება. V საუკუნიდან მოყოლებული ასომთავრულით იწერებოდა ქართული დამწერლობის უძველესი ძეგლები. 

IX საუკუნის შემდეგ თანდათან კუთხოვანმა, ანუ ნუსხურმა, დამწერლობამ მოიკიდა ფეხი. ეს არის ქართული ანბანის განვითარების მეორე საფეხური, რომელიც უშუალოდ ასომთავრულის გრაფიკული გარდაქმნის შედეგად ჩამოყალიბდა. 

მხედრული დამწერლობით ქართველები უკვე ათი საუკუნეა ვწერთ და ვკითხულობთ. როგორც პალეოგრაფები ამტკიცებენ, მხედრული ნუსხური ასოების გამარტივების გზითაა მიღებული და  წყაროებში X საუკუნიდან გვხვდება. ამ დამწერლობის პირველი ნიმუშია ატენის სიონის ერთ-ერთი წარწერა, რომელიც 982-986 წლებით არის დათარიღებული.   

ქართული ენის საინტერესო თავისებურება

ქართული ენა ერთ-ერთი ყველაზე სრულყოფილი ენაა მსოფლიოში - აქ ყველა ასოს თავისი შესატყვისი ბგერა აქვს და ყველა ისე გამოთქმის, როგორც იწერება. 

ქართველმა მწერალმა და საზოგადო მოღვაწემ ილია ჭავჭავაძემ და მისმა თანამებრძოლებმა უმნიშვნელოვანესი წვლილი შეიტანეს ქართული ენის რეფორმირებაში. მათ ანბანიდან ამოიღეს 5 მოძველებული ასო, რომლებიც ცოცხალ ქართულ ენაში აღარ გამოიყენებოდა. ეს ასო-ბგერები დღეს მხოლოდ ქართველურ ენებსა და დიალექტებში (ხევსურული, ფშაური, სვანური, ტაოური, იმერხეული, ფერეიდნული) გვხვდება. 

ქართული დამწერლობა უნიკოდის სტანდარტში პირველად 1991 წელს აისახა. ქართული ასო-ნიშნების ჯგუფის შექმნაში დიდი წვლილი მიუძღვით ქართველოლოგ იოსტ გიპერტსა და შრიფტების ექსპერტს დამწერლობისთვის კოდირების განსაზღვრის საკითხში მაიკლ ევერსონს. აღსანიშნავია, რომ ქართულ მხედრულ ანბანს 2016 წელს ოფიციალურად მიენიჭა უფლება, გამოყენებული იყოს „საერთაშორისო საინტერესო მისამართებისთვის“. 

2016 წელს UNESCO-მ „ქართული ანბანის სამი სახეობის ცოცხალი კულტურა“ კაცობრიობის არამატერიალურ კულტურულ მემკვიდრეობად აღიარა. მეოთხე საუკუნის ლიტერატურული ძეგლის, იოანე ზოსიმეს ჯერ კიდევ გაუშიფრავი და ამოუხსნელი „ქებაი და დიდებაი ქართულისა ენისაი“, უამრავი ლექსი თუ ლეგენდა გვეუბნება, რამდენად მნიშვნელოვანია ის იმ ხალხისთვის, ვინც მრავალი საუკუნის წინათ უნიკალური დამწერლობა შექმნა.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა