KA
2024-12-22T08:07:28.000000Z
ქართული ლიტერატურა

ქართული ლიტერატურა

ქართული მწერლობა ისეთივე ძველია, როგორიც მრავალსაუკუნოვანი, წარსულის მქონე საქართველო. ისტორიამ შემოგვინახა როგორც ქრისტიანობამდელი ნაწარმოებები, ხალხური ეპოსის ბრწყინვალე ნიმუშები, ისე ძველი ჰაგიოგრაფიული თუ საერო მწერლობის ძეგლები.
სარჩევი

ქართული დამწერლობის შექმნა უდიდესი მნიშვნელობის მოვლენა იყო საქართველოს კულტურულ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში, რადგან ეროვნულ ენაზე მწერლობის შექმნა ერის ცხოვრებაში უდიდესი წინგადადგმული ნაბიჯია. ქართული ხელნაწერი წიგნების ისტორია ბიბლიური წიგნების თარგმნითა და გადაწერით იწყება. მეხუთე, მერვე საუკუნით დათარიღებულ პალიმფსესტებზე ფრაგმენტების სახითაა შემორჩენილი ძველი აღთქმის წიგნები. დღეისთვის ცნობილია ქართული ხელნაწერი წიგნის 11 ათასამდე ეგზემპლარი, რომლებიც ინახება როგორც საქართველოს, ისე უცხოეთის წიგნსაცავებში.

ჰაგიოგრაფია

პირველი ლიტერატურული ძეგლი „წამებაი წმინდისა შუშანიკისი დედოფლისაი“, რომელმაც ჩვენამდე მოაღწია, 476-483 წლებით თარიღდება. ამავე საუკუნეში შეიქმნა პეტრე იბერის ფილოსოფიური ნაშრომი „არეოპაგეტიკა”, მოგვიანებით, მერვე საუკუნეში კი - უცნობი ავტორის „წმინდა ნინოს ცხოვრება“ და იოანე საბანისძის „აბო ტფილელის წამება“. ჰაგიოგრაფიული ჟანრის შესანიშნავი ნიმუში - გიორგი მერჩულეს „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება“ 951 წლით თარიღდება. 

საგმირო-სარაინდო ეპოსი

განსაკუთრებით საინტერესო XI-XII საუკუნეებია, რადგანაც ამ პერიოდში ქართული წერილობითი კულტურის ძეგლები დამოუკიდებელი და ძლიერი ფეოდალური მონარქიის სამეფო კარის პირობებში იქმნებოდა. ქართული საგმირო-სარაინდო თხზულებები საუკუნეების განმავლობაში ასაზრდოებდა ქართველ მკითხველს. იქმნებოდა სრულიად უნიკალური ხელნაწერები, რომლებიც საოჯახო რელიკვიად, „სამზითვო წიგნებად“ მიიჩნეოდა და მათ გადაწერასა და შემკობას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. 

ქართული საერო მწერლობის გამორჩეული ნიმუშია სარაინდო რომანი „ამირანდარეჯანიანი“, რომელიც ძლევამოსილი გმირის ამირან დარეჯანის ძის თავგადასავალს მოგვითხრობს. ძეგლის ავტორია მოსე ხონელი. ამ პერიოდის მნიშვნელოვანი ძეგლია  ქართული სამედიცინო კარაბადინი, ლეონტი მროველის „ცხოვრება ქართველთა მეფეთა“, „ეთერიანი“ (ხალხური ეპოსი), უცნობი ავტორის მიერ დაწერილი „ცხოვრება ფარნავაზისა“, ჩახრუხაძის „თამარიანი“, მეფე დემეტრეს მიერ შექმნილი საგალობელი „შენ ხარ ვენახი“ და ქართული და მსოფლიო პოეზიის მწვერვალი - შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსანი“. XIII-XIV საუკუნეებში შეიქმნა მნიშვნელოვანი ნაწარმოებები - იოანე შავთელის „აბდულმესიანი“ და „ქართლის ცხოვრება“.

პირველი ბეჭდური წიგნები

მდიდარი და გამორჩეულია XVII-XVIII საუკუნეების ქართული მწერლობაც. პირველი ქართული ნაბეჭდი წიგნი იტალიურ-ქართული ლექსიკონია, რომელიც 1629 წელს რომში დაიბეჭდა. როდესაც ვახტანგ მეექვსემ საქართველოში სტამბა ჩამოიტანა, ქართული თხზულებების ბეჭდვა დაიწყო. 

1709 წელს ქართულ სტამბაში პირველად სახარება დაიბეჭდა, შემდეგ კი - სხვა წიგნები, მათ შორის „ვეფხისტყაოსანი“. ამავე პერიოდში დაიბეჭდა სულხან-საბა ორბელიანის „სიბრძნე სიცრუისა“ და „მოგზაურობა ევროპაში“. სულხან-საბა ორბელიანის თხზულება „სიბრძნე სიცრუისა“ XVII –XVIII საუკუნეების უნიკალური ნაწარმოებია, რომელმაც საგანმანათლებლო და დიდაქტიკური დანიშნულება შეიძინა. 

ამავე პერიოდს განეკუთვნება ტრაგიკული ბედის მქონე, უცხოეთში გადახვეწილი პოეტის დავით გურამიშვილის მონუმენტური პოემა „დავითიანი“, რომელიც ამ ეპოქის მშფოთვარე ცხოვრებას აღწერს. 

1749-1802 წლებში ქალაქ თბილისში ერეკლე მეორის სტამბა დაარსდა, სადაც ქართული ლიტერატურის ორიგინალური ნიმუშები იბეჭდებოდა, მათ შორის, ანტონ კათალიკოსის „ქადაგება“, „შესხმა ახლისა წიგნი - საბეჭდისა“ და სხვა. 

რომანტიზმი

XIX საუკუნეში მსოფლიო ლიტერატურაში ახალი მიმდინარეობა - რომანტიზმი გაჩნდა, რომელმაც საქართველოშიც შემოაღწია. მისმა ქართველმა წარმომადგენლებმა - ალექსანდრე ჭავჭავაძემ, გრიგოლ ორბელიანმა და ნიკოლოზ ბარათაშვილმა პოეზიის შესანიშნავი ნიმუშები შექმნეს.  

კრიტიკული რეალიზმი

XIX საუკუნის მეორე ნახევარში ასპარეზზე კრიტიკული რეალიზმის წარმომადგენლები, ე.წ. თერგდალეულები გამოდიან: ილია ჭავჭავაძე, აკაკი წერეთელი, ნიკო ნიკოლაძე, დავით კლდიაშვილი, ალექსანდრე ყაზბეგი, იაკობ გოგებაშვილი და სხვები. ამავე პერიოდს მიეკუთვნება ვაჟა-ფშაველას შემოქმედება, რომელიც სამართლიანად არის აღიარებული ქართული მოდერნიზმის საფუძვლად. 

მეოცე საუკუნის მწერლობა

მეოცე საუკუნის პირველი ნახევარი ქართული რომანისტიკის ოქროს ხანადაა მიჩნეული. 20-იან წლებში ასპარეზზე გამოჩნდნენ: მიხეილ ჯავახიშვილი, კონსტანტინე გამსახურდია, ლეო ქიაჩელი, გრიგოლ რობაქიძე, ნიკო ლორთქიფანიძე და სხვები. მათ თავიანთ ნაწარმოებებში ექსპრესიონიზმი შემოიტანეს და სრულიად განსხვავებული სახეები შექმნეს. 

„ცისფერყანწელები“ და გალაკტიონი

1916 წელს ახალგაზრდა მწერლებმა ქართველ სიმბოლისტ პოეტთა და პროზაიკოსთა გაერთიანება - „ცისფერყანწელები“ დააარსეს, რომელმაც 1930 წლამდე იარსება. „ცისფერყანწელები“ საბჭოთა წყობილების მიერ იდევნებოდნენ, რადგან მათი იდეები მიუღებელი იყო. „ცისფერყანწელთა“ გამორჩეული წარმომადგენლები იყვნენ: ტიციან ტაბიძე, ვალერიან გაფრინდაშვილი, პაოლო იაშვილი, კოლაუ ნადირაძე, ალექსანდრე არსენიშვილი, გიორგი ლეონიძე და სხვები. ამავე პერიოდში მოღვაწეობდა გამორჩეული პოეტი გალაკტიონ ტაბიძე, რომელსაც შთამომავლობამ „პოეტების მეფე“ უწოდა. 

თანამედროვე მწერლობა

მეოცე საუკუნის მეორე ნახევარში, დიდი სამამულო ომის შემდგომ პერიოდში ასპარეზზე გამოვიდნენ ახალგაზრდა ნიჭიერი მწერლები: ოტია იოსელიანი, გურამ დოჩანაშვილი, ოთარ და თამაზ ჭილაძეები, ჯემალ ქარჩხაძე, ჭაბუა ამირეჯიბი, ოთარ ჩხეიძე, რეზო ინანიშვილი, რეზო ჭეიშვილი, ნოდარ დუმბაძე, გურამ რჩეულიშვილი, ზაირა არსენიშვილი და სხვები. ამ პერიოდში დამკვიდრდა დასავლეთიდან შემოსული მაგიური რეალიზმი და ამ ჟანრში მრავალი საინტერესო ნაწარმოები  შეიქმნა. 

თანამედროვე ქართულ ლიტერატურაში ძირითადი ადგილი პოსტმოდერნიზმს უკავია. მათ შორის მნიშვნელოვანი ადგილი აქვს ბესიკ ხარანაულის, აკა მორჩილაძის, ირაკლი ჯავახაძის, დათო ტურაშვილის, ბექა ქურხულის, შოთა იათაშვილის, ნაირა გელაშვილისა და სხვათა შემოქმედებას. მათი ნაწარმოებები მსოფლიოს მრავალ ენაზე ითარგმნა. ცალკე აღნიშვნის ღირსნი არიან საქართველოს საზღვრებს გარეთ მოღვაწე ქართველი მწერლები. მათ შორის - ნინო ხარატიშვილი, რომლის მსოფლიო ბესტსელერები ქართული თანამედროვე ლიტერატურის მნიშვნელოვანი შენაძენია. 

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა