KA
2024-12-13T13:56:12.000000Z
შავი ზღვის სანაპიროები

შავი ზღვის სანაპიროები

ალბათ, იკითხავ, მსოფლიოს 81 ზღვიდან რატომ უნდა შეარჩიო ზაფხულში დასასვენებლად მაინცდამაინც შავი ზღვა და შავიზღვისპირა ექვსი სახელმწიფოდან ყველაზე პატარა ქვეყანა - საქართველო?
სარჩევი

პასუხი მარტივია: თუ გაითვალისწინებ საქართველოს ბუნებისა და კლიმატის მრავალფეროვნებას, რამდენიმე კილომეტრში რადიკალურად რომ იცვლება, ქვეყნის კუთხეების ტრადიციებს, კულტურასა და ეგზოტიკურ სამზარეულოს, კარგად განვითარებულ სათავგადასავლო ტურიზმს, დარწმუნდები, რომ ეს პატარა სანაპირო ზოლი მხოლოდ კამკამა ზღვის ტალღები, მცხუნვარე მზე, გრილი ნიავი და კენჭოვანი ან ქვიშიანი სანაპიროები კი არა, ესაა პლაჟები, რომლებიც ერთდროულად იქცევა შენი მშვიდი, ჯანმრთელობისთვის სასარგებლო და თავგადასავლებით სავსე დასვენების ადგილად. 


ამაში რომ დარწმუნდე, უბრალოდ, არჩევანი საქართველოს პლაჟებზე უნდა შეაჩერო.

აჭარის პლაჟები

თუ ოჯახთან ერთად მშვიდი დასვენება გსურს, თან ისე, რომ, შავი ზღვის კამკამა სანაპიროსთან ერთად, მწვანე მთების გარემოცვაშიც იგრძნო სიმყუდროვე, აჭარის სამი კურორტიდან -  (სარფი, კვარიათი და გონიო - ) ერთ-ერთი უნდა შეარჩიო. ცოტა ხნის წინ ისინი პატარა დაბები იყო, დღეს კი საზღვაო კურორტებია.

აქაური მშვენიერი სუბტროპიკული კლიმატი, ეკოლოგიურად სუფთა ზღვა და მთები, კარგად განვითარებულ ტურისტულ ინფრასტრუქტურასთან ერთად, ენერგიის სრულ აღდგენაში დაგეხმარება. ზღვის ქვეშ მოგზაურობის მოყვარულებმა კი უნდა იცოდნენ, რომ კვარიათი მყვინთავებისთვის ერთ-ერთი საუკეთესო ადგილია.

თუ საკურორტო ცხოვრების აურზაური გიზიდავს, მაშინ იქვე, რამდენიმე კილომეტრში, ბათუმში - აჭარის დედაქალაქში უნდა ჩახვიდე. საპორტო ქალაქში დღის განმავლობაში შესაძლებელია კრიალა ცის ქვეშ  მოელვარე ზღვაში რუჯის მიღება, კატერებითა და იახტებით შუა ზღვაში მოგზაურობა, სერფინგით ტალღების დაპყრობა და პარაპლანით თოლიებთან ერთად ფრენა.

სიცოცხლე ღამის ბათუმშიც ჩქეფს - კეთილმოწყობილი სანაპიროს ბულვარით, ევროპული მოედნებით, მსოფლიო ბრენდის მაღალი კლასის სასტუმროებით, რესტორნებით, სხვადასხვა მიმართულების ფესტივალებითა და გაჩირაღდნებული კაზინოებით მიხვდები, რომ ბათუმი უფრო აზარტული დასვენების მოყვარულთა ადგილია. 

თუ სუბტროპიკული სამოთხის ხილვა გინდა, აჭარის სანაპიროზე მწვანე კონცხს, ციხისძირსა  და ჩაქვს უნდა ეწვიო. იშვიათი მცენარეებით გარშემორტყმულ სანაპიროებზე ზღვა ზურმუხტისფერი, გამორჩეულად სუფთა და კამკამაა. გარუჯვის შემდეგ მზის ჩასვლის ცქერა და ბოტანიკური ბაღის სუბტროპიკული მცენარეების ხეივნებში გასეირნება შენს დასვენებას რომანტიზმით შეავსებს.  

აჭარის პლაჟებიდან ცალკე აღნიშვნის ღირსია კლიმატურ-ბალნეოლოგიური კურორტი ქობულეთი და მისი ფიჭვნარი, რომელიც ბუნებრივი ანტიბიოტიკებით გაჯერებული ჰაერის წყაროა. ამიტომ, როდესაც ქობულეთზე საუბრობენ, მის პლაჟთან და სუფთა ზღვასთან ერთად, ცნობილ ფიჭვნარსაც იხსენებენ, რომელიც  სუნთქვის ორგანოთა არატუბერკულოზური, ნერვული და გულ-სისხლძარღვთა სისტემის პრობლემების, სისხლნაკლებობისა და რაქიტის სამკურნალო საუკეთესო საშუალებაა. 

ერთი რჩევაც - აჭარის პლაჟებზე მზითა და ზღვით ტკბობის პარალელურად აჭარული კერძების დაგემოვნებაც არ დაგავიწყდეს.

გურიის მაგნიტური ქვიშა

აჭარის კენჭოვან სანაპიროებს რამდენიმე კილომეტრში გურიის ქვიშიანი პლაჟები ცვლის. უბრალო ქვიშა არ გეგონოს. ურეკისა და გრიგოლეთის ხუთკილომეტრიანი სანაპირო ზოლი უჩვეულო, ნაცრისფერი და შავი ქვიშითაა დაფარული, რომელიც უნიკალური სამკურნალო ეფექტის მაგნეტიტს შეიცავს. ძალიან პოპულარულია შეკვეთილის სანაპირო, რომელიც, ერთი მხრივ, მყუდრო დასვენების შესაძლებლობას მოგცემთ, მეორე მხრივ კი, საოცარი საკონცერტო დარბაზით - ბლექ სი არენა, დენდროლოგიური პარკით და მუსიკოსების, მინიატიურებისა და ციცინათელების პარკითაა გამორჩეული. 

ურეკი-გრიგოლეთის მაგნიტური ქვიშა ადამიანის კუნთოვანი სისტემის, გულისა და ფილტვების პრობლემების საუკეთესო სამკურნალო საშუალებაა. ამ კურორტებზე დასვენება განსაკუთრებით სასარგებლოა ბავშვებისთვის. მზის ენერგიით გაცხელებულ ქვიშაში წოლითაც კი უზარმაზარ ენერგიას დააგროვებ, D ვიტამინით აივსები და სხეულს ახალი ენერგიით გააჯერებ. ამიტომ ეს კურორტები აუცილებლად უნდა დაიმახსოვრო.

სამეგრელოს ძველი და ახალი პლაჟები

მართალია, სამეგრელოში ფოთის ერთ-ერთი გარეუბანი - მალთაყვა დიდი ხანია საპლაჟო ადგილად მიიჩნევა, მაგრამ ფოთის პორტი მის ზღვაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს და ამიტომ დამსვენებლები აქ უფრო მშვიდი დასვენებისთვის ჩადიან. 

ბოლო პერიოდში უფრო და უფრო პოპულარული ხდება ანაკლია და განმუხური, რომლებიც საქართველოს დასავლეთ სანაპიროზე მდებარეობს. ეს არა მარტო ყველაზე ახალგაზრდა კურორტებია, არამედ  ერთ-ერთი ყველაზე ეკოლოგიური ადგილია საქართველოს შავი ზღვის სანაპიროზე. აქ მშრალი და ზომიერი კლიმატია, ბათუმისგან, სარფისა და ქობულეთისგან განსხვავებით. 

აქვე, მდინარე ენგურზე აგებულია ევროპის ყველაზე გრძელი საფეხმავლო ხიდი, რომლის ნახვაც აუცილებლად მოგინდება.

თუ შავი ზღვის ლაჟვარდოვან სანაპიროებზე დასვენებას გადაწყვეტ, ჩვენს მრავალფეროვან და სამკურნალო თვისებებით გამორჩეულ პლაჟებს შორის აუცილებლად იპოვი შენთვის მოსაწონ დასასვენებელ ადგილს. 

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა