ტაძრამდე მოასფალტებული, სამანქანო გზა მიდის, რომელსაც ფეხით 30-40 წუთში დაფარავ და ზღვის დონიდან 2200 მეტრზე აღმოჩნდები.
გერგეტის ყოვლადწმინდა სამების ტაძარი ქართული ხუროთმოძღვრების გამორჩეული ნიმუშია - გულუბრყვილო უშუალობით შესრულებული მორთულობითა და საოცარი გარემოთი დაუვიწყარ შთაბეჭდილებას ქმნის.
ტაძრის გვერდით სამრეკლოა, ტაძრის სამხრეთ ფასადზე კი მიშენებულია საბჭო, ანუ სათათბირო, სადაც ხევის უხუცესები მნიშვნელოვანი საკითხების გადასაწყვეტად იკრიბებოდნენ.
გალავნით შემოზღუდული ტაძარი ორსართულიანია. მეორე სართული, რომელიც უცხო თვალისთვის შეუმჩნეველია, სამალავი იყო. წერილობითი წყაროს თანახმად, შუა საუკუნეების სახიფათო წლებში ქართველები მტრისგან სწორედ გერგეტის ტაძარში იცავდნენ წმინდა ნინოს ჯვარსა და სამეფო საგანძურს, რომელიც ახლა თბილისში, სიონის ტაძარში ინახება.
ტაძარში განსაკუთრებით საინტერესოა XVI საუკუნის მხატვრობა - ღვთისმშობლის, მაცხოვრის, იოანე ნათლისმცემლისა და წმინდა ნინოს გამოსახულებებით, ასევე ორი საკმაოდ ძველი ხატი - „საავდრო“ და „სადარო“.
ყოველ 16 ივლისს აქ გერგეტობა აღინიშნება, თბილისიდან სიონის ტაძრის ღვთისმშობლის დიდ ხატს ჩამოაბრძანებენ ხოლმე, ტაძარი ხალხით ივსება და ღამისთევის რიტუალი წირვა-ლოცვისა და გალობის თანხლებით აღესრულება.