KA

შიდა ქართლი

შიდა ქართლი საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარეა, რომელიც აღმოსავლეთ საქართველოში, ქართლის ცენტრალურ ნაწილში მდებარეობს. ძველად ის ცნობილი იყო, როგორც ზენა სოფელი.
რა დრო სჭირდება მგზავრობას:
ქუთაისი
2:20 სთ
თბილისი
1:05 სთ
ბათუმი
4:30 სთ

გეოგრაფია/კლიმატი

შიდა ქართლის საზღვარი კავკასიონის, ლიხის, თრიალეთის, ხარულის ქედებსა და მდინარე ქსანს მიუყვება. ვაკის სამხრეთ ნაწილშია მტკვრის ხეობა. მისი ყველაზე დაბალი ნაწილი ზღვის დონიდან 800 მეტრიდან იწყება, ყველაზე მაღალი ადგილი კი 2200 მეტრს აღწევს. რაც შეეხება კლიმატს, ის კონტინენტურია, ზომიერად თბილი და ტენიანი.

შიდა ქართლის მთავარი ქალაქები

შიდა ქართლის ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი გორი. ის თბილისიდან 76 კმ-ში მდებარეობს. მნიშვნელოვანი ქალაქებია: კასპი, ქარელი, ხაშური, ასევე ცხინვალი და ჯავა, რომლებიც ამჟამად დროებით ოკუპირებულია რუსეთის მიერ. თითოეული ადმინისტრაციული ცენტრი და მათში შემავალი სოფლები (2 დაბა - სურამი, აგარა და 366 სოფელი) ლამაზი ბუნებით, მდიდარი ისტორიული წარსულითა და მნიშვნელოვანი კულტურული ძეგლებით გამოირჩევა.

ისტორიულ-კულტურული მნიშვნელობა

შიდა ქართლში ადამიანთა ცხოვრების უძველესი ისტორია პალეოლითური პერიოდიდან იწყება. ბრინჯაოს ხანაში აქაურობა უკვე ინტენსიურად ყოფილა დასახლებული. ამ დროს ყალიბდება „მტკვარ-არაქსის“ კულტურა. რკინის ხანაში ჩნდება ადმინისტრაციული ჩანასახები - ხევები.

ანტიკურ ხანაში გაჩნდა პირველ სახელმწიფოებრივი წარმონაქმნი - ზენა სოფელი, რომლის ცენტრი უფლისციხე იყო. ძვ.წ. IV-III საუკუნეებში, იბერიის (ქართლის) გაერთიანების შემდეგ შიდა ქართლი საერისთავოებად ჩამოყალიბდა, ხოლო V საუკუნეში სასპასპეტოდ გაერთიანდა. 

დავით აღმაშენებლის დროს საქართველოს ერთიანი მონარქიის ეკონომიკური და კულტურული ცხოვრების ცენტრი სწორედ შიდა ქართლი იყო. XVII საუკუნეში ოსმალეთის მიერ სამცხის სამთავროს დაპყრობის შემდეგ ის დიდი ხნით ჩამოშორდა ქართლის სამეფოს.

შიდა ქართლის ღირსშესანიშნაობები, არქიტექტურა და კულტურა

შიდა ქართლი თავისი ისტორიით, შუა საუკუნეების ხუროთმოძღვრებით, კულტურული და მაღალმხატვრული ძეგლებით უმნიშვნელოვანესია როგორც საქართველოსთვის, ისე ევროპული სამყაროსთვის.

საოცარი სანახავია ადრინდელი ბრინჯაოს ხანის კლდეში ნაკვეთი ქალაქი, კავკასიის ერთ-ერთი უძველესი დასახლება - უფლისციხე; ასევე კლდის წვერზე ნაშენი ციხესიმაგრეები - გორისა და სურამის ციტადელები, რომლებსაც საძირკველი ძველი წელთაღრიცხვის დროს ჩაეყარა და გრაკლიანი გორა, რომელიც პალეოლითის პერიოდიდან ადამიანის ცხოვრების ისტორიას აღწერს.

ქართული ხუროთმოძღვრებისა და მონუმენტური ფერწერის ძეგლებია: ატენის სიონი, სამთავროს, რუისის ტაძრები, ყინწვისისა და ქვათახევის მონასტრები და სხვა. აქ დაახლოებით 100-ზე მეტი მნიშვნელოვანი ძეგლია შემორჩენილი. 

შიდა ქართლის კურორტები და ბუნება 

შიდა ქართლი გაშლილი ქედების, მრავალფეროვანი ტყეების, თვალუწვდენელი მინდვრების, ჩანჩქერებისა და ტბების ადგილია. ლიახვის ნაკრძალი, ძამისა და ატენის ხეობები, ბატეთისა და ნადარბაზევის ტბები, დამჩქერას, ბიისის ჩანჩქერები და ჯამჯამის მთა დაუვიწყარი სათავგადასავლო და დასასვენებელი ადგილებია, ხოლო კურორტები - სურამი, ქვიშხეთი და გარიყულა, უნიკალური ჰავითა და მინერალური წყლებით, უამრავი დაავადების სამკურნალო საშუალებაა.

შიდა ქართლის სამზარეულო 

ქართლის სამზარეულო მდიდარია როგორც თევზეული და ხორცეული კერძებით, ისე მცენარეული ნახელავით, სურამის გზაზე კი უგემრიელესი და სურნელოვანი ნაზუქების გასინჯვას შეძლებ. 

ჩაქაფულთან ერთად, აქ ფხალეულის, ღოლოს, დოსა და შინდის შეჭამანდების დაგემოვნებაა შესაძლებელი, რომლებიც ჰარმონიულად ერწყმის სასიამოვნო ქართლურ ღვინოებს - გორულ მწვანეს, შავკაპიტოს, ჩინურსა და თავკვერს.

ყველაფერ ამას განსაკუთრებულ ხიბლს ქართლური სიმღერები სძენს - ნამგლური, მკის სიმღერა, მაყრული და სხვა. 

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა