KA
2024-12-21T11:59:51.000000Z
საქართველოს ისტორია

საქართველოს ისტორია

„საქართველოს ისტორიას რომ გაეცნობი, ნამდვილად ღმერთს იწამებ, რადგან არანაირი ობიექტური საფუძველი იმისა, რომ ამ ერს აქამდე მოეღწია, უბრალოდ არ არსებობს“, - ამბობდა ინგლისელი მწერალი და მთარგმნელი დევიდ ლანგი საქართველოს შესახებ.
სარჩევი

მართლაც, კავკასიაში, ევროპისა და აზიის გზაგასაყარზე მდებარე ჩვენი ქვეყანა საუკუნეების განმავლობაში იყო ძლიერი სახელმწიფოების ინტერესის ობიექტი. ბევრ დამპყრობელს შეჰბრძოლებია, ბევრი დამარცხება უგემია, მაგრამ ფეხზე დადგომა ყოველთვის მოუხერხებია. ცალკე აღნიშვნის ღირსია ის, რაც საქართველომ მსოფლიო ცივილიზაციას შესძინა თავისი უნიკალური დამწერლობით, მრავალხმიანი სიმღერითა თუ საოცარი ცეკვით, ღვინის დაყენებით, ძაფის დართვით, რკინის დამუშავებით, ოქროს მოპოვებითა და ბევრი სხვა საოცრებით, რომლებიც კაცობრიობის განვითარების ისტორიის კულუარებიდან ჯერ კიდევ არ გამოუტანიათ.

საქართველო

ცივილიზაციის ქვეყანა - საქართველო ევროპისა და აზიის გასაყარზე, კავკასიაში მდებარეობს. დასავლეთიდან მას შავი ზღვა ესაზღვრება, ჩრდილოეთიდან - რუსეთის ფედერაცია, სამხრეთ-აღმოსავლეთიდან - აზერბაიჯანი, სამხრეთიდან - სომხეთი და თურქეთი.

1991 წელს ქვემო ქართლში, დმანისში ჩატარებული არქეოლოგიური გათხრების დროს აღმოჩენილი ჰომინიდების ჩონჩხის ფრაგმენტებმა, რომელთა ასაკი 1 800 000 წელია, არა მარტო ის დაადასტურა, რომ საქართველო ქვეყანაა, არამედ ისიც, რომ პირველი ევროპელები სწორედ მის ტერიტორიაზე ცხოვრობდნენ. 

როგორ იქმნებოდა საქართველო

პირველი პოლიტიკური გაერთიანება - დიაოხი და კოლხა აქ ძვ. წ. II საუკუნის ბოლოს მდინარე ჭოროხის აუზში შეიქმნა; ძვ წ. IV საუკუნეში იბერიის სამეფო ჩამოყალიბდა დღევანდელი აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე; ძვ წ. VI საუკუნეში შექმნილი კოლხეთის (იგივე ეგრისის) სამეფო კი დღევანდელი დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე იყო განლაგებული.

VI საუკუნეში საქართველოში ოთხი სამთავრო იყო: ლაზეთის, აფშილების, აბაზგების, სანიგების. VIII საუკუნის ბოლოს აღმოსავლეთ საქართველოში შეიქმნა კახეთის სამთავრო, აგრეთვე, ფერეთის სამეფო, დასავლეთ საქართველოში - აფხაზთა სამეფო. IX საუკუნის დასაწყისში სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში ჩნდება ტაო-კლარჯეთის სამთავრო, რომელიც 888 წლიდან იწოდება, როგორც ქართველთა სამეფო. 

X საუკუნის ბოლოსა და XI საუკუნის დასაწყისში გაერთიანდა აფხაზთა და ქართველთა სახელმწიფოები და ერთიანი საქართველოს პირველი მეფე ბაგრატ III გახდა. XII საუკუნეში ამ გაერთიანებას მეფე დავით აღმაშენებელმა კახეთ-ჰერეთი, ტაშირ-ძორაგეტის სამეფო და თბილისის საამირო შემოუერთა. გარეშე მტრების მეცადინეობით კვლავ დანაწევრებული ქვეყანა XIV საუკუნეში გიორგი ბრწყინვალემ გააერთიანა, თუმცა ცოტა ხნით. 

1490 წლიდან საქართველო ქართლის, კახეთის, იმერეთის სამეფოებად, სამცხის საათაბაგოდ დაიშალა, XVI საუკუნეში იმერეთის სამეფოს გამოეყო სამეგრელოს, გურიის, აფხაზეთისა და სვანეთის სამთავროები. 1555 წელს ირანმა და ოსმალეთმა დადეს ამასიის ზავი, რითაც ორად გაყვეს დაპყრობილი საქართველო. ქართლსა და კახეთს ირანი დაეპატრონა, დასავლეთ საქართველოსა და სამცხის საათაბაგოს - ოსმალეთი.  

XVIII საუკუნიდან ქართლი და კახეთი ერთიანი სამეფო ხდება. 1783 წელს მისი მეფე - ერეკლე II იძულებულია რუსეთთან გეორგიევსკის ტრაქტატი გააფორმოს. ამით ქართლ-კახეთის სამეფო რუსეთის პროტექტორატის ქვეშ გადადის, ეს უკანასკნელი კი დებს პირობას, შეინარჩუნოს მისი სამეფო ტახტი და ხელი შეუწყოს სამეფოს განვითარებას. სამწუხაროდ, ეს პირობა არ შესრულდა. 1801 წელს რუსეთმა ქართლ-კახეთის სამეფო გააუქმა და გუბერნიის სტატუსით შეიერთა. ამას მოჰყვა დანარჩენი ქართული სამეფოებისა და სამთავროების მიერთება. 

1918 წელს, როცა რუსეთის იმპერია დაემხო, საქართველომ დამოუკიდებლობა გამოაცხადა და შექმნა პირველი რესპუბლიკა. მან მხოლოდ სამი წელი, იმედითა და მომავლის რწმენით სავსე სამი წელი იარსება. 1921 წელს ქვეყანაში საბჭოთა რუსეთის 25-ე არმია შემოვიდა. საქართველოში რუსეთმა სამი ავტონომიური რესპუბლიკა შექმნა: აფხაზეთის, აჭარისა და სამხრეთ ოსეთის. ასე დაიწყო საბჭოთა იმპერიაში ცხოვრების 70-წლიანი ეპოპეა. მორიგი იძულებითი კავშირისგან თავის დახსნა ქვეყანამ 1991 წელს, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ შეძლო. 

რამდენიმე აბზაცში ჩატეული ამ საუკუნეების განმავლობაში საქართველო არაერთი ბრძოლისა და ომის მონაწილე იყო. მას იპყრობდნენ: რომაელები, სპარსელები, არაბები, თურქ-სელჯუკები, მონღოლები, ოსმალები, რუსები; დროდადრო თავს ესხმოდნენ კავკასიელი ტომები და სახელმწიფოები. ერთ დროს ნიკოფსიიდან დარუბანდამდე გადაჭიმული ქვეყნის ტერიტორიას იტაცებდნენ და ეპატრონებოდნენ, თუმცა ქართველს არასდროს დაუკარგავს იმედი და რწმენა იმისა, რომ აუცილებლად დადგება დრო, როცა საქართველო კვლავაც მოიპოვებდა დამოუკიდებლობას.

და მაინც, რატომ საქართველო?

იმიტომ, რომ საშინელი დამარცხებების პარალელურად საოცარი გამარჯვებები ჰქონია - გაბედულებითა და მოხერხებით, უკომპრომისო ბრძოლებში რაოდენობით ასჯერ მეტი მტერი დაუმარცხებია; 

იმიტომ, რომ ომების პარალელურად ახერხებდა, უდიდესი კულტურები შეექმნა, მაგალითად - კოლხური, განევითარებინა მეტალურგია და ოქროს წარმოება; 

იმიტომ, რომ უნიკალური ენა, მისი სამნაირი დამწერლობა შექმნა და ამ ენაზე შედევრები დაწერა, მათ შორის - „ვეფხისტყაოსანი“, რომელიც დღეს 50-ზე მეტ ენაზეა თარგმნილი; 

იმიტომ, რომ მსოფლიოს აჩუქა ღვინო, ვაზისა და ხორბლის განსაკუთრებული ჯიშები, პირველად დაართო და შეღება ძაფი; 

იმიტომ, რომ ხელისგულისტოლა ქვეყანაში შექმნა ორი - გელათისა და იყალთოს აკადემიები, ჰქონდა კოლხეთის უმაღლესი რიტორიკული სკოლა; 

იმიტომ, რომ ააშენა ბაგრატი, გელათი, ნიკორწმინდა, ქვაში გამოკვეთა ქალაქები - ვარძია, უფლისციხე

იმიტომ, რომ მისი მრავალხმიანი სიმღერა ახლა კოსმოსში ისმის, მისი ცეცხლოვანი ცეკვები კი დარბაზებს ფეხზე აყენებს; 

იმიტომ, რომ, ბევრი იმედგაცრუების მიუხედავად, არ დაუკარგავს ადამიანების სიყვარული და აქ, მის მიწაზე, დღესაც ერთ მოედანზე დგას მართლმადიდებლური და გრიგორიანული ეკლესიები, მეჩეთი და სინაგოგა; 

იმიტომ, რომ ეს საქართველოა.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა