KA
2024-12-20T15:06:11.000000Z
ევროპის ყველაზე მაღალი დასახლებული პუნქტი საქართველოში

ევროპის ყველაზე მაღალი დასახლებული პუნქტი საქართველოში

საქართველო ყოველმხრივ მრავალფეროვანია - ქვეყნის თითოეულ კუთხეში ერთმანეთისგან კარდინალურად განსხვავებულ რელიეფს, სამზარეულოს, კულტურასა და კლიმატს შეხვდები. გეოგრაფიულ მრავალფეროვნებაზე ყველაზე კარგად შემდეგი ფაქტი მეტყველებს:
სარჩევი

ამ პატარა ქვეყნის ყველაზე დაბალი ადგილი ზღვის დონიდან ქვემოთ 2 მეტრს აჭარბებს, ხოლო ყველაზე მაღალი მწვერვალი შხარა ზღვის დონიდან 5 203 მეტრია! ამდენად, საქართველოში ადამიანები ისტორიულად როგორც დაბლობში, ისე მაღალ მთაში ცხოვრობდნენ - ალპურ ზონაში არაერთი სოფელია გაშენებული, რომლებიც საუკუნეების განმავლობაში ყალიბდებოდნენ და დღემდე ინარჩუნებენ პირვანდელ სახეს თავისი არქიტექტურით, ცხოვრების წესით, ტრადიციებით, სამზარეულოთი და კულტურით.

უშგული და ბოჭორნა

თუ ევროპაში ყველაზე მაღალ დასახლებულ პუნქტად წლების განმავლობაში სვანეთის თვალწარმტაცი თემი, უშგული მიიჩნეოდა თავისი გამორჩეული მდებარეობითა და არქიტექტურული ძეგლებით – სვანური კოშკებით, ბოლო რამდენიმე წელია ევროპის ყველაზე მაღალ დასახლებად ისტორიული სოფელი ბოჭორნა აღიარეს, რომელიც კახეთის მხარეში, თუშეთში, გომეწრის ულამაზეს ხეობაში მდებარეობს. 

სოფელი ბოჭორნა ზღვის დონიდან 2345 მეტრზეა გაშენებული. 1954 წლის აღწერის თანახმად, ამ სოფელში 25 კომლი მუდმივად ცხოვრობდა და სამეურნეო საქმიანობას ეწეოდა. 1980 წლიდან სოფელი დაიცალა და 2014 წლამდე ნასოფლარის სტატუსს ატარებდა, სანამ 76 წლის ირაკლი ხვედაგურიძემ იქაურობა არ გააცოცხლა. დღეს ბოჭორნას ჯერჯერობით ერთი მოსახლე ჰყავს.

სწორედ ამის შემდეგ აღიმართა სოფელში შესაბამისი ბანერიც, რომელზედაც აღნიშნულია, რომ ეს არის ევროპაში ყველაზე მაღალი დასახლებული პუნქტი.

ბატონი ირაკლი თუშეთში ერთადერთი ექიმია, რომელიც პაციენტებთან ცხენით ან ფეხით დადის – ეს გაზაფხულიდან შემოდგომამდე, ხოლო ზამთარში, როდესაც ამ მხარეში თოვლის საფარი 2 მეტრს აღწევს, ხანდაზმული ექიმი ავადმყოფებთან მისასვლელად საკუთარი ხელით დამზადებულ თხილამურებს იყენებს. 

ბოჭორნის გარდა, მთათუშეთში დღეისათვის 52 სოფელია, რომელთაგან უმრავლესობა ზამთარში ხალხისგან იცლება.

ევროპის ყველაზე მაღალ სოფელში კარგად არის შემორჩენილი რამდენიმე ციხე-კოშკი, თუშეთისთვის დამახასიათებელი არქიტექტურული ნიმუშები, რომლებიც საოცრად ერწყმის აქაურ მთიან რელიეფს. სოფელს შორიდან რომ შეხედავ, დარწმუნდები, რომ ის მარგალიტია ამ თვალწარმტაც ხეობაში, რომელიც ზამთარში - ქათქათა თოვლით, ხოლო ზაფხულში ხასხასა სიმწვანით იფარება. 

ბოჭორნიდან თუშეთის ცენტრალურ სოფლამდე, ომალომდე, მანძილი 12 კმ-ია, მუნიციპალურ ცენტრამდე, ქალაქ ახმეტამდე კი - 112 კილომეტრი. თუმცა ეს გზა, თავისი სირთულიდან გამომდინარე, სულ მცირე 4-საათიან მგზავრობას მოითხოვს. მიუხედავად გზის სირთულისა, თუშეთი ის ადგილია, რომელსაც აუცილებლად უნდა ეწვიო. და კიდევ ერთი, თუშეთი და სვანეთი ერთ ქედზე, დიდ კავკასიონზე მდებარეობს, მაგრამ ერთმანეთისგან ისე განსხვავდებიან, მათი ნახვის შემდეგ გრჩება შთაბეჭდილება, თითქოს ოდესღაც ღმერთებმა ამ ორი მხარის უზარმაზარი მთების „მშენებლობა“ სხვადასხვა არქიტექტორს დაავალეს.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა