ეს სოფელი ისტორიულ წყაროებში პირველად XVII საუკუნეში ჩნდება, სახელწოდებით - „თეზი“. „ავრანლო“ კი 1828-1829 წლებში ოსმალეთიდან გადმოსახლებულმა ბერძნებმა უწოდეს.
სოფელს ძვ.წ. I ათასწლეულის ციხე გადმოჰყურებს. მისი 2-2,5 მ სისქის კედლები ციკლოპური წყობით, სამ იარუსად არის აგებული: მთის ძირში, ფერდობსა და მთის წვერზე.
აღსანიშნავია, რომ ტერიტორიაზე არ არის დამხმარე ნაგებობების კვალი, რაც ნებისმიერი ციხესიმაგრის არქიტექტურაშია გათვალისწინებული.
ზედა იარუსი, რომლის ზომები 25X35 მეტრია, უცნაურად არის ჩანგრეული შიგნითა მხარეს. არქეოლოგებს დღემდე არ აქვთ პასუხი კითხვაზე, რა მოხდა აქ ისეთი, რის გამოც შიგნით ჩაინგრა ყველა კედელი.
ამიტომ აქ ვერც მიწისქვეშა კატაკომბებს ნახავ, რომლებიც წესით ამ სიმაგრეს სტრატეგიული რეზერვის - იარაღის, საკვების, წყლის შესანახად ექნებოდა.
ციხის ტერიტორიაზე ფეოდალური ხანის ეკლესიაა შემორჩენილი.
კომპლექსის სიახლოვეს კი უამრავი არქეოლოგიური მასალაა აღმოჩენილი, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ავრანლოს ციხის მიმდებარედ II საუკუნემდე კარგად განვითარებული დასახლება არსებობდა.