KA
Akaki Tsereteli House-Museum in Skhvitori

აკაკი წერეთლის სახლ-მუზეუმი სხვიტორში

ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებიდან ერთ-ერთი გამორჩეული მემორიალური სახლ-მუზეუმი საჩხერის რაიონის სოფელ სხვიტორში, მდინარე ჩიხურის ნაპირზე მდებარეობს. ამ სახლში 1840 წელს დაიბადა პოეტი, მწერალი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, თანამედროვე ქართული სალიტერატურო ენის რეფორმატორი აკაკი წერეთელი.
რეგიონი
იმერეთი
ქალაქი
საჩხერე

რას ნახავ აკაკი წერეთლის სახლ-მუზეუმში?

სასახლის კედელზე, აივანზე გაკეთებული წარწერა გამცნობს, რომ შენობა 1834 წელს ბერძნებს აუშენებიათ, პოეტის მამის როსტომ წერეთლის სურვილით.

წერეთლების საგვარეულო სასახლის ლამაზ, იმერულ ეზოში ბეღლები, სასიმინდე, სახაბაზო, საჯინიბო დგას, იქვეა აკაკის დროინდელი ვაზი და კაკლის ხე. სასახლის მახლობლად კი წერეთლების კარის ეკლესიაა.

აკაკის სახლ-მუზეუმში დაცულია პოეტის უნიკალური ხელნაწერები და მისი ბიბლიოთეკა - ქართული, რუსული, ფრანგული ლიტერატურითა და ფილოსოფიური გამოცემებით.

1943 წელს, სახელმწიფო მუზეუმად გადაკეთების დღიდან, აქ ბევრი საინტერესო ნივთი ჩამოიტანეს, რომლებიც საქართველოს ლიტერატურულ მუზეუმში ინახებოდა: პოეტის ტანსაცმელი, აკაკისეული სახარება, ქართლის ცხოვრებისა და სულხან-საბას ლექსიკონების ხელნაწერი წიგნები, ვერცხლის საგვარეულო ნივთები.

დღეისათვის მუზეუმში 8000-ზე მეტი ექსპონატია თავმოყრილი, მათ შორის: ფოტომასალები, სახვითი ხელოვნების ნიმუშები, საყოფაცხოვრებო დანიშნულების საგნები, აკაკის ტრადიციულ დღესასწაულსა და საიუბილეო ღონისძიებებზე საქართველოს სხვადასხვა რაიონიდან ჩამოტანილი საჩუქრები, აკაკის აკვანი.

ორსართულიან ქვითკირის სახლში ისევ დგას საწოლი, რომელზეც 1915 წელს პოეტი გარდაიცვალა. საათის გაჩერებული ისარი კი გარდაცვალების ზუსტ დროს გვამცნობს.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა