ხალხში გავრცელებული თქმულების მიხედვით, აკეთის მაცხოვრის ეკლესია XII საუკუნეშია აშენებული. თამარ მეფეს გურიის სოფლებში - აკეთსა და აცანაში ეკლესიების ასაგებად ბერძენი ოსტატები მოუწვევია, მთავარი ოსტატი სამუშაოდ აცანაში წასულა, მის შეგირდს კი ეკლესია აკეთში აუშენებია. საბოლოოდ, შეგირდის ნამუშევარი უკეთესი გამოსულა და მეფესაც ის დაუსაჩუქრებია, ამით განაწყენებულ ოსტატს კი შეგირდისთვის მარჯვენა ხელი მოუჭრია.
გადმოცემის მიხედვით, ამ ტაძარში უამრავი სიწმინდე და განძი ინახებოდა, მათ შორის - თეთროსნის ღვთისმშობლის ხატი, გვარასთავის წმინდა გიორგის ხატი და მთავარი სიწმინდე - მაცხოვრის ხატი. ამბობენ, რომ ამ ხატებზე სალოცავად აკეთში მუსლიმი ქართველებიც კი დადიოდნენ. სამწუხაროდ, მაცხოვრის ხატი დღეს დაკარგულია.
ტაძარი არსებობის განმავლობაში არაერთხელ დაურბევიათ და გაუძარცვავთ, თუმცა საგანძურის ნაწილი ძარცვას სასწაულებრივად გადარჩენილა. ამჟამად შესასვლელ კარზე შემორჩენილია ჩუქურთმებიანი რელიეფი, რომელზედაც ორი გველეშაპია გამოსახული. ეკლესიის რეკონსტრუქცია 2010-იან წლებში განხორციელდა.