KA

ალავერდობა

ალავერდობა საქართველოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რელიგიური და ხალხური დღესასწაულია, რომელიც აერთიანებს ქრისტიანულ საეკლესიო ტრადიციებსა და უძველეს ქართულ წეს-ჩვეულებებს.
რეგიონი
კახეთი
ქალაქი
ახმეტა

დღესასწაული ყოველწლიურად სექტემბრის ბოლოს იმართება და სათავეს მოსავლის აღებასთან და ნაყოფიერების უძველეს წარმართულ რიტუალებში იღებს, თუმცა  საუკუნეების განმავლობაში ტრანსფორმაცია განიცადა და მჭიდროდ კავშირში აღმოჩნდა ქრისტიანულ წეს-ჩვეულებებთან.

დღესდღეობით კი ალავერდობა იქცა არა მხოლოდ რელიგიურ დღესასწაულად, არამედ კულტურათა და ტრადიციათა შეხვედრის უნიკალურ სივრცედ, რომელშიც თავისუფლად მონაწილეობენ სხვადასხვა ეთნიკური და რელიგიური ჯგუფების წარმომადგენლები. 

დღესასწაულის არსი და მნიშვნელობა

ალავერდობა კომპლექსური დღესასწაულია, რომლის აღნიშვნისას ადგილობრივი კულტურული ელემენტები ისევე მნიშვნელოვანია, როგორც ტრადიციული რელიგიური.

სახელწოდება "ალავერდი" თურქული წარმოშობისაა და ნიშნავს "ღვთისგან ნაბოძებს", რაც სიმბოლურად მოსავლის აღებისა და ნაყოფიერებასთან არის კავშირში. ტრადიციულად დღესასწაული იწყებოდა 29 სექტემბერს და გრძელდებოდა სამი კვირის განმავლობაში, თუმცა დღესდღეობით იგი ძირითადად 27-28 სექტემბერს აღინიშნება. 

დღესასწაულის სტრუქტურა სამ ნაწილად იყოფა - თავი ალავერდობა, შუა ალავერდობა და ბოლო ალავერდობა. თითოეული ეტაპი ისტორიულად სპეციფიკურ რიტუალებთან და წეს-ჩვეულებებთან იყო კავშირში, რომლებიც თავის მხრივ ადგილობრივი წარმართული და ქრისტიანულ ტრადიციების შერწყმას წარმოადგენდა. 

როგორ აღინიშნება ალავერდობა?

ალავერდობის დღესასწაული ისტორიულად მასშტაბური მოვლენა იყო, რომელსაც ყოველწლიურად სხვადასხვა რეგიონიდან 15-20 ათას ადამიანამდე სტუმრობდა - მათ შორის ბევრი არაქრისტიანიც. ამიტომ დღესასწაული ისტორიულად უნიკალური პლატფორმა კულტურათა დიალოგისთვის - აქ თავს იყრიდნენ როგორც კახელები, ისე ქართლელები, ინგილო ლეკები, სომეხი გრიგორიანელები, დიდოელები, ოსები, თუშები, ხევსურები, ფშავლები, ქისტები და კახეთში მცხოვრები თათრები. განსაკუთრებით აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ დღესასწაულის აღნიშვნაში თანაბრად მონაწილეობდნენ როგორც ქრისტიანები, ისე მუსლიმები, რაც შუა საუკუნეების საქართველოსთვის უნიკალური მოვლენა იყო. 

რელიგიური რიტუალები და ტრადიციები

მიუხედავად მისი კომპლექსური კულტურული ხასიათისა, ალავერდობა პირველ რიგში მაინც მართლმადიდებლურ რელიგიურ დღესასწაულად ითვლება, რომელიც ქრისტიანული ტაძრის სახელს მიაგებს პატივს - ამიტომ მრავალფეროვანი რიტუალები მნიშვნელოვან ადგილს იკავებს აღნიშვნის პროცესში.

მლოცველები ტაძარში ღამის თევით იკრიბებოდნენ, რაც თავისთავად განსაკუთრებულ სულიერ გამოცდილებად ითვლებოდა. ტრადიციის მიხედვით, მომლოცველმა მარჯვნიდან სამჯერ უნდა შემოუაროს ტაძარს. 

არსებობს შესაწირავის ტრადიციაც, რომელიც მოიცავდა მამლის ან ცხვრის შეწირვას. კათოლიკოს-პატრიარქის კირიონ II-ის ცნობების თანახმად, შესაწირავად გამოიყენებოდა ერთ წლამდე ასაკის მამალი, რაც სიმბოლურად უკავშირდებოდა სიწმინდისა და განახლების იდეას. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ თუშებიც და კახელებიც საკლავს აკვლევინებდნენ მხოლოდ მათივე წარმომავლობის მლოცველს, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ მიუხედავად კულტურული მრავალფეროვნებისა, მაინც ნარჩუნდებოდა მკაცრად ტრადიციული იერარქიული სტრუქტურა. 

დღესასწაულის რელიგიური მნიშვნელობა განსაკუთრებით გაიზარდა XVI საუკუნეში, როდესაც კახთა მეფე ლევანმა იერუსალიმიდან ჩამოაბრძანა ცხოველმყოფელი ჯვრის ნაწილი და ალავერდში დააბრძანა.

სოციალური რიტუალები და ტრადიციები

ალავერდობის ტრადიციული აღნიშვნისას განსაკუთრებულ ადგილს იკავებდა თუში მხედრების მიერ შესრულებული რიტუალი - 200-300 ცხენოსანი ტაძარს გარს უვლიდა და ასრულებდა "დალაის" სიმღერას ომში დაღუპულთა სულების მოსახსენიებლად. ეს ტრადიცია 1659 წლის ბახტრიონის ბრძოლიდან იღებდა სათავეს. ბახტრიონის ბრძოლაში თუშმა მეომრებმა სხვა ქართველებთან ერთად გაათავისუფლეს ალავერდის ტაძარი თურქთა ბატონობისგან.

ალავერდობის დღესასწაულის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენდა ტრადიციული ბაზრობა, რომლის მასშტაბები განსაკუთრებით გაიზარდა XIX საუკუნის მეორე ნახევრიდან. ბაზრობის ორგანიზება ხდებოდა მთავრობის მიერ დამტკიცებული გეგმის მიხედვით, რომელიც ითვალისწინებდა სპეციალური დუქნების მშენებლობას. ალავერდის გარშემო მოედანი იყოფოდა ქუჩებად, სადაც თითოეულ მოვაჭრეს მიჩენილი ჰქონდა კონკრეტული ადგილი საქონლის ტიპის მიხედვით.

ბაზრობაზე წარმოდგენილი იყო როგორც ადგილობრივი, ისე უცხოური წარმოების საქონელი. თუშები აქ ყიდდნენ ჩითებს, ყველს და კარაქს, ფშავლები - იარაღს, ნაჭერს, ნაბადსა და ქეჩას, ხევსურები კი ძირითადად საქონლით ვაჭრობდნენ. სომეხ ვაჭრებს შემოჰქონდათ მრავალფეროვანი ასორტიმენტი, რომელიც მოიცავდა როგორც ადგილობრივი წარმოების ხმლებს, ტკბილეულს და ტყავის ჩექმებს, ისე სხვადასხვა ევროპულ საქონელს.

რატომ არის ალავერდი მნიშვნელოვანი ქართველებისთვის?

ალავერდის სატაძრო კომპლექსი XI საუკუნიდან კახეთის სამეფო სახლის საძვალედ იქცა, უმნიშვნელოვანესი ისტორიული ძეგლია. აქ დაკრძალულია თეიმურაზ I და აქვეა დაბრძანებული ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილები. ტაძრის კედლებზე შემორჩენილია XV-XVII საუკუნეების ფრესკები, რომლებიც ქართული მონუმენტური მხატვრობის უნიკალურ ნიმუშებად ითვლება. ალავერდის კომპლექსში დაცულია სხვადასხვა ისტორიული ნაგებობა - გალავანი, სამრეკლო, პალატი, ფეიქარ-ხანის სასახლე, მარანი და აბანო.

თავად ალავერდის ტაძარი ქართული საეკლესიო არქიტექტურის გამორჩეული ნიმუშია. მისი სიმაღლე გუმბათის ჩათვლით 50 მეტრს აღემატება - ერთი პერიოდი ალავერდი საქართველოს უდიდესი ტაძარი იყო და დღესაც მოწინავე პოზიციაზეა. ტაძრის არქიტექტურული კომპოზიცია ჯვრის ფორმისაა, სადაც სამი თანაბარი მკლავი ნახევარწრიული აფსიდებით სრულდება და ტრიკონქს ქმნის. დასავლეთის მკლავი წაგრძელებულია და გვერდითი ნავები აქვს. საკურთხევლის აფსიდის ორივე მხარეს განთავსებულია სამკვეთლო და სადიაკვნე. შენობის გარე მოხაზულობა სწორკუთხაა, ხოლო ჯვრის მკლავების გადაკვეთაზე აღმართული გუმბათი ოთხ ბურჯს ეყრდნობა. ტაძარს ჩრდილოეთით, სამხრეთით და დასავლეთით ღია გალერეები ჰქონდა, რომლებიც სამწუხაროდ XIX საუკუნის დასაწყისში დაინგრა.

შიდა სივრცის ფასადები, კახეთის არქიტექტურული სკოლისთვის დამახასიათებლად, ძუნწადაა მორთული. საყურადღებოა აღმოსავლეთი ფასადის კომპოზიცია ხუთი დეკორატიული თაღითა და ორი ღრმა სამკუთხა ნიშით.

ტაძრის დამაარსებლის, წმინდა იოსებ ალავერდელის მოღვაწეობა უმნიშვნელოვანესი ფურცელია საქართველოს სასულიერო ცხოვრების ისტორიაში. 

ის ერთ-ერთი იყო იმ ცამეტ ასურელ მამათა შორის, რომლებიც VI საუკუნეში ანტიოქიიდან ჩამოვიდნენ იოანე ზედაზნელთან ერთად. VI საუკუნისთვის საქართველოში ქრისტიანობა უკვე გავრცელებული იყო, თუმცა საჭიროებდა განმტკიცებას. თავდაპირველად ზედაზნის მონასტერში მოღვაწეობის შემდეგ, იოსებმა საკუთარი მონასტრის დაარსებისთვის დაიწყო ზრუნვა და აირჩია ადგილი ალაზნის მარჯვენა სანაპიროზე, სადაც ააშენა წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია. 

მისი მოღვაწეობა არ შემოიფარგლებოდა მხოლოდ სამონასტრო ცხოვრებით - წმინდა იოსები აქტიურად მონაწილეობდა კახეთის რეგიონში ქრისტიანული რწმენის განმტკიცებაში. მრავლადაა შემორჩენილი ისტორიული წყარო, რომელიც მის ქმედებებს აღწერს. იოსებ ალავერდელის შესახებ ცნობები ასევე შემონახულია სხვა ასურელი მამების - დავით გარეჯელისა და შიო მღვიმელის "ცხოვრებათა" რედაქციებში, რომლებიც XII საუკუნეში შეიქმნა. XVIII საუკუნეში შეადგინეს უკვე თავად იოსებ ალავერდელის  "ცხოვრება", რაც კვლავ ადასტურებს მის განსაკუთრებულ მნიშვნელობას ქართული ეკლესიის ისტორიაში.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა