KA
The Aleksandre Chavchavadze House Museum in Tsinandali

ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი წინანდალში

წინანდლის ღვინის მარანი ერთ-ერთი ნაწილია ამ საინტერესო სასახლისა, რომლის ისტორია იმდენად შთამბეჭდავია, რამდენადაც თავადი ალექსანდრე ჭავჭავაძის ოჯახი იყო მნიშვნელოვანი XIX საუკუნის საქართველოსთვის.
რეგიონი
კახეთი
ქალაქი
თელავი

ეპოქალური ცვლილებების ხანა

ამ პერიოდში ქვეყანაში დასავლური იდეალები და ფასეულობები შემოდიოდა. ალექსანდრე ჭავჭავაძემ - პოეტმა, ქართული რომანტიზმის ფუძემდებელმა, მთარგმნელმა, სამხედრო პირმა და საქმიანმა ადამიანმა, წარმატებულად შეძლო საქართველოში ევროპული კულტურისა და განმანათლებლობის შემოტანა, ევროპული ცხოვრების წესის გავრცელება - განსაკუთრებით კი აღმოსავლეთ საქართველოში. 

ჭავჭავაძეების მამულში ყოველ ნაბიჯზე იგრძნობა დახვეწილი გემოვნება და პროგრესულობა; წინანდლის სასახლე ევროპულ სტილზეა დაპროექტებული; ევროპელი ლანდშაფტისტების მიერ არის დაგეგმარებული სასახლის პარკიც - აქ, 12 ჰექტარზე, უამრავი ეგზოტიკური მცენარეა გაშენებული.

ალექსანდრე ჭავჭავაძე და მისი მეუღლე სალომე ორბელიანი ცნობილები იყვნენ ლეგენდარული სტუმართმოყვარეობით; ეს სასახლე მაშინდელი საქართველოს ერთ-ერთი მთავარი კულტურული კერა გახლდათ. აქ იმართებოდა სალონური საღამოები, იკრიბებოდნენ ნიჭიერი პოეტები, მწერლები, ისმოდა კლასიკური მუსიკა.

ჭავჭავაძეების სახლში ხშირად ჩამოდიოდნენ უცხოელი სტუმრები - მათ შორის, აქ იმყოფებოდა ალექსანდრე დიუმა უფროსი.

ჭავჭავაძეების ოჯახის ცხოვრებას, მათი სალონური საღამოების ატმოსფეროს თქვენს თვალწინ გააცოცხლებს სასახლის ინტერიერი, ავეჯი, პირველი როიალი საქართველოში, პირველი ბილიარდი, მდიდარი ბიბლიოთეკა, ხელნაწერები და სხვა.

ალექსანდრე ჭავჭავაძემ XIX საუკუნის დასაწყისში სოფლის მეურნეობაშიც დანერგა ევროპული ტექნოლოგიები, მათ შორის - ღვინისა და ბრენდის დასამზადებლად. მან საქართველოში პირველმა ჩამოასხა ქართული ღვინო ბოთლში ევროპული წესით. 

წინანდლის ისტორიულ მარანში 16 000-ზე მეტი ბოთლი ღვინო ინახება, დაცულია ალექსანდრეს პირადი ღვინის კოლექციის ნაწილი, მათ შორის - 1841 წლის მოსავლიდან ჩამოსხმული წინანდლის საფერავიც და კიდევ ბევრი ქართული თუ უცხოური უნიკალური ექსპონატი. აქ ადგილობრივი წარმოების ღვინის დეგუსტაციასაც შემოგთავაზებენ.

ახლა სასახლე-მუზეუმი კერძო მფლობელობაშია და მისი ისტორიული მარნის ინფრასტრუქტურა სასტუმრო Tsinandali Raddison Collection-ის მნიშვნელოვანი ნაწილია.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა