ეს წრიული ბრუნვა, რომლის სანახავადაც ბათუმის სტუმრები ყველა მხრიდან მოდიან, მარადიულ სიყვარულს გამოხატავს. ასე ჩაიფიქრა სკულპტურის ავტორმა, ქართველმა მხატვარმა და მოქანდაკემ თამარ კვესიტაძემ. სკულპტურის შექმნა მას შეყვარებული წყვილის - ალისა და ნინოს ისტორიამ შთააგონა, რომელიც ყურბან საიდის მსოფლიო ბესტსელერში „ალი და ნინოშია“ აღწერილი.
ნაწარმოები 1937 წელს გამოიცა. ალი შირვანშირი აზერბაიჯანელი არისტოკრატია, ნინო ყიფიანი კი ქართველი თავადის ასული. ზოგი ამბობს, რომ მათი ამბავი რეალურია, უმეტესობის ვერსიით, ალი და ნინო ლეგენდა და ყურბან საიდის ფანტაზიის ნაყოფია.
ალისა და ნინოს კავკასიელ რომეოსა და ჯულიეტასაც უწოდებენ, რადგან დრო სხვა არის, ტრაგედია კი - იგივე.
როცა ალისა და ნინოს თხელი ლითონის ფირფიტებისგან დამზადებული ფიგურები ერთმანეთს შორდება, კარგად ჩანს, რომ ერთი მთელის ცალ-ცალკე ნაწილები სრულყოფილი ვერ იქნება. თამარ კვესიტაძის კომპოზიცია არა მხოლოდ მარადიული სიყვარულის, არამედ განსხვავებული კულტურების მშვიდობიანი თანაცხოვრების სიმბოლოც არის.