KA
Anchiskhati Basilica

ანჩისხატის ტაძარი

ანჩისხატი თბილისის უძველესი ტაძარია და მისი  ისტორია ზუსტად იმდენი წლისაა, რამდენი წლისაც თავად თბილისია. ის ქალაქის ძველ უბანში, იოანე შავთელის ქუჩაზე მდებარეობს.
რეგიონი
თბილისი
ქალაქი
თბილისი

ანჩისხატის ტაძრის წარსული

ანჩისხატის ამ ტაძრის მშენებლობა საქართველოს ერთ-ერთი ბრწყინვალე მეფისა და თბილისის დამაარსებლის - ვახტანგ გორგასლის შვილს - დაჩის უკავშირდება, რომელმაც ტაძარი V-VI საუკუნეებში ააგო. ის ერთადერთი ეკლესია გახლდათ თბილისში, რომელსაც არაბთა ბატონობის დროს (736-1122 წლებში) ზარების რეკვის უფლება ჰქონდა შენარჩუნებული, რის გამოც ძველად მას „ზარის საყდარსაც“  უწოდებდნენ.

გვიან შუა საუკუნეებში ეკლესიასთან საერო სკოლა და სემინარიაც ჩამოყალიბდა, სადაც ქართველი უფლისწულები იზრდებოდნენ.  

დღესდღეობით ანჩისხატი, რამდენიმე რესტავრაციის მიუხედავად, თითქმის ისევე გამოიყურება, როგორც შორეულ წარსულში.

ანჩისხატის ტაძრის არქიტექტურა

ანჩისხატის ეკლესია სამნავიანი ბაზილიკაა. ტაძრის გეგმა წაგრძელებული სწორკუთხედია, რომელიც შიგნით ბურჯების ორი წყვილით სამ ნაწილად იყოფა. ეკლესია ტუფის თლილი ქვითაა ნაგები. რესტავრაციისას შევსებული ნაწილი (კედლების ზედა ნაწილები და ყველა შიგნითა ბოძი) აგურისაა. შუა ნავი აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდით სრულდება და გვერდითა ნავებთან შედარებით ორჯერ უფრო განიერი და მაღალია. აფსიდის ორივე მხარეს პასტოფორიუმებია განლაგებული. 

შესასვლელი სამია - სამხრეთიდან, დასავლეთიდან და ჩრდილოეთიდან. სამივე შესასვლელი არქიტრავულია. ჩრდილოეთისა და დასავლეთის შესასვლელების თავზე ნალისებრი მოხაზულობის ღია ლუნეტებია. ნალისებრი მოხაზულობით არის დასრულებული აღმოსავლეთ ფასადის სამი და დასავლეთ ფასადის ყველა სარკმელიც. 

ტაძრის დასავლეთით კი გვიან ფეოდალური ხანის სამრეკლოა, რომელიც ამავდროულად კარიბჭეცაა. ის აგურითაა ნაგები და კუბური მოცულობისაა, რომლის ცენტრშიც, კვადრატულ მოჩარჩოებაში ჩასმული გასასვლელის შეისრული თაღია. 

რატომ დაერქვა ანჩისხატს ეს სახელი?

ტაძარს ეს სახელი XVII საუკუნეში დაერქვა, როცა აქ ანჩის მონასტრიდან წამოღებული მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატი დაასვენეს. ხატი ამჟამად თბილისში, საქართველოს ხელოვნების მუზეუმშია დაცული.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა