KA
Armazis Khevi

არმაზის ხევი

საქართველოს უძველესი დედაქალაქის - მცხეთის სიახლოვეს, სოფელ არმაზის ტერიტორიიდან ულამაზესი ხეობა იწყება, რომელშიც პატარა მდინარე არმაზისწყალი მოედინება. ხეობის სიგრძე 5-6 კილომეტრია და ამ მონაკვეთში რამდენიმე მნიშვნელოვანი ძეგლია თავმოყრილი.
რეგიონი
მცხეთა-მთიანეთი
ქალაქი
მცხეთა

რომელ არქეოლოგიურ ძეგლებს ნახავ არმაზისხევში?

უძველესია პიტიახშების, ანუ მეფესთან დაახლოებული დიდებულების რეზიდენცია. დღეს აქ საველე მუზეუმია, სადაც ნახავ სასახლისა და სხვა შენობათა ნაშთსა და სამარხებს; ძეგლები ჩვ.წ. პირველი საუკუნიდან შუა საუკუნეებამდე პერიოდს ეკუთვნის. დიდგვაროვანთა სამარხებში აღმოჩენილია ოქრომჭედლობის, ნუმიზმატიკის, ხელოსნობის შესანიშნავი ნიმუშები. მათი ნაწილი უცხოურია, რაც აჩვენებს, რომ იბერიის სამეფოს სავაჭრო-ეკონომიკური კონტაქტები ანტიკური ცივილიზაციის ქვეყნებთან ჰქონდა.

საველე მუზეუმიდან ხეობას რომ აუყვები, არმაზისწყლის მარჯვენა ნაპირზე ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ეკლესიას დაინახავ. ეკლესია 1150-78 წლებშია აშენებული. კარიბჭესთან მცირე ზომის გუმბათოვანი საძვალეა. ეკლესიის დასავლეთით კი XVI-XVII საუკუნეების სამრეკლო დგას. ეკლესიისა და კარიბჭის კედლებზე XII საუკუნის კედლის მხატვრობაა შემორჩენილი.

ეკლესიიდან დაახლოებით ერთ კილომეტრში, კლდოვან ქედზე აღმართულია XII-XIV საუკუნეების ციხესიმაგრე, რომელსაც 30 ჰექტარი ტერიტორია უკავია. ამჟამად არმაზის ციხისგან ნანგრევებია დარჩენილი, თუმცა მაინც ჩანს, რა მნიშვნელოვანი სტრატეგიული როლი ჰქონდა ამ სიმაგრეს შუა საუკუნეებში.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა