ქრისტესთვის წამებული მეფის მონასტერი სიონის გორაზეა აგებული. და სამონასტრო კომპლექსი სხვადასხვა პერიოდის ორ დარბაზულ ეკლესიას, ხუთსართულიან კოშკს, მარანს, საცხოვრებელი შენობისა და გალავნის ნაშთს მოიცავს. აქ, გადმოცემის თანახმად, მეფე დავით აღმაშენებელი და შემდეგ თამარ მეფე ცხოვრობდნენ. სამონასტრო კომპლექსის ყველაზე ძველი ნაგებობა VIII საუკუნის ეკლესიაა, რომელიც არჩილ მეფემ ააგო. აქვეა მისი საფლავიც.
მეფე არჩილმა სიმდიდრისა და პატივისცემის სანაცვლოდ ქრისტეს უარყოფაზე მტერს უარი უთხრა, რის გამოც ის წამებით მოკლეს. მისი წამების ამბავი ჯერ - VIII, შემდეგ კი XI საუკუნეში წიგნადაც დაიწერა.
მოგვიანებით, სავარაუდოდ, განვითარებულ შუა საუკუნეებში აქ მეორე ეკლესია, მარანი, საცხოვრებელი ნაგებობა და გალავანი აუგიათ.
არჩილის მონასტერში მონასტრული ცხოვრება დღესაც გრძელდება.