მწვერვალი ბანგურიანი მდებარეობს მესტიის მუნიციპალიტეტში, კავკასიონის სამხრეთ კალთაზე, მდინარე მესტიაჭალასა და მდინარე მულხურას წყალგამყოფ გვალდის ქედზე. მისი სიმაღლე 3837 მეტრია. მწვერვალის ძირში მესტიის ცენტრია გაშენებული.
მწვერვალის მარშრუტზე გვხვდება ალპური ზონა, ნაშალი ქედი, კლდოვანი ფერდები, თოვლით დაფარული რელიეფი.
მარშრუტი მესტიიდან იწყება. სამანქანო გზით მთის ძირში შევდივართ. 1962 მეტრ სიმაღლეზე საცალფეხო ბილიკს დავადგებით. ტყის გავლით ქედზე ავდივართ, რომლის გადალახვის შემდეგაც პირველ საბანაკომდე მივალთ. საბანაკო ზღვის დონიდან 3000 მეტრ სიმაღლეზეა, ალპურ ზონაში, კლდოვან რელიეფზე. აქედან საუკეთესოდ მოჩანს მესტია, რამდენიმე ახლომდებარე სოფელი და ჭალაათის კლდეები. ასავლელი ვერტიკალი 1038 მეტრია. საჭირო დრო - 7 საათი.
პირველი საბანაკოდან მწვერვალისკენ გამთენიისას გავდივართ. მწვერვალისკენ კლდოვან ქედს თოკში ჩაბმულები მივუყვებით, გზად თოვლიანი საფარიც გვხვდება. მწვერვალიდან იშლება ყაბარდო-ბალყარეთის მწვერვალებისა და მესტიის შემოგარენის ხედები. 5-10-წუთიანი დაყოვნების შემდეგ საბანაკოში ვბრუნდებით. ასავლელი ვერტიკალი 838 მეტრია, საჭირო დრო - 5-6 საათი.
საბანაკოდან იმავე მარშრუტით საავტომობილო გზაზე ვბრუნდებით. გზას 4 საათი დასჭირდება. უამინდობის ან გართულებული აკლიმატიზაციისას 1 სარეზერვო დღეს გამოვიყენებთ.
დამატებითი ინფორმაცია
ბანგურიანზე ასვლა რეკომენდებულია ივლისის შუა რიცხვებიდან სექტემბრის ბოლომდე.
მესტიის ცენტრიდან მარშრუტის საწყის წერტილამდე 7 კმ-ია. ადგილზე ნებისმიერი გამავლობის მანქანა მიგიყვანს. საჭიროების შემთხვევაში ტრანსპორტის დაქირავება მესტიის ავტოსადგურზეა შესაძლებელი.