KA

ასვლა ლაილაზე (ლაჰილი) - კლასიკური მარშრუტი

მწვერვალ ლაილაზე დამოუკიდებლად ასვლა საშუალო გამოცდილების მქონე ადამიანს შეუძლია. სრულიად გამოუცდელმა მწვერვალი მხოლოდ გამოცდილ გამყოლთან ერთად უნდა დალაშქროს. მარშრუტის სირთულე - 2ა
რეგიონი
სამეგრელო-ზემო სვანეთი
ქალაქი
მესტია

ლაილა (ლაჰილი) - მწვერვალის დახასიათება

მწვერვალი ლაილა მესტიის მუნიციპალიტეტში, ლაილჭალის სათავეებში, ზღვის დონიდან 4010 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს. ის სვანეთის ქედის უმაღლესი წერტილია. მწვერვალი თოვლისა და ყინულის საფარითაა დაფარული. მისგან ჩამონადენი წყლით მყინვარი ლაჰილი წარმოიქმნება.

მწვერვალი ლაილა იდეალური მწვერვალია დამწყები ალპინისტებისთვის. 

პირველი დღე 

მარშრუტი სოფელ ცხუმარში იწყება, ზღვის დონიდან 1300 მეტრ სიმაღლეზე. საფეხმავლო ბილიკით ტყის გავლით მივემართებით ლაილას ქედისკენ. ქედის გავლის შემდეგ პირველ საბანაკოზე, ზღვის დონიდან 2800 მეტრზე ვხვდებით. აქედან გზის გავლა ცხენებითაცაა შესაძლებელი. ასავლელი ვერტიკალი 1500 მეტრია, საჭირო დრო - 5-6 საათი. 

მეორე დღე

გამთენიისას პირველი საბანაკოდან მწვერვალისკენ გავდივართ. გზა თოვლითაა დაფარული და ადვილად გასავლელია. მარშრუტს თოკზე ჩაბმულები მივუყვებით. მწვერვალზე 5-10 წუთის დაყოვნების შემდეგ იმავე გზით პირველ საბანაკოში ვბრუნდებით. ასავლელი ვერტიკალი 1200 მეტრია, საჭირო დრო - 6-7 საათი.

მესამე დღე 

საბანაკოდან იმავე გზით ჩამოვდივართ სოფელ ცხუმარში. უამინდობისა და გართულებული აკლიმატიზაციის შემთხვევისთვის მარშრუტზე 2 სარეზერვო დღეა გათვალისწინებული. 

დამატებითი ინფორმაცია

ლაილაზე ასვლა რეკომენდებულია ივლისის შუა რიცხვებიდან სექტემბრის ბოლომდე.  

მესტიის ცენტრიდან მარშრუტის საწყის წერტილამდე 20 კმ-ია. ადგილზე მისასვლელად მაღალი გამავლობის ავტომობილია საჭირო. მისი დაქირავება მესტიის ავტოსადგურზე შეგიძლია.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა